პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, რეორგანიზაციის წყალობით, შემცირდება ბიუროკრატია და ადმინისტრაციული ხარჯები" />

საქართველოში ოთხი სამინისტრო გაუქმდა, ექვსი მინისტრი კი დაითხოვეს

პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, რეორგანიზაციის წყალობით, შემცირდება ბიუროკრატია და ადმინისტრაციული ხარჯები

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. ფოტო: რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოში  18-ის ნაცვლად 14 სამინისტრო იქნება. გაუქმდა ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, სპორტისა და ახალგაზრდობის და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტროები.

13 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე მთავრობის შემადგენლობაში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებების შესახებ გააკეთა განცხადება.

თანამდებობები დატოვეს საქართველოს შინაგან საქმეთა, ფინანსთა და განათლების მინისტრებმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ეკონომიკის მოქმედი მინისტრი გიორგი გახარიაა წარდგენილი.

მოქმედი შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი კი საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს უხელმძღვანელებს. ეს ცენტრიც ახლა იქმნება –  კრიზისების მართვის საბჭოსა და საგანგებო სიტუაციების სააგენტოს შერწყმის შედეგად და დაექვემდებარება უშუალოდ პრემიერ-მინისტრს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი მიხეილ ჩხენკელი უხელმძღვანელებს.

ფინანსთა მინისტრის პოსტს კი საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე დაიკავებს.

ამასთან მოხდა რამდენიმე უწყების რესტრუქტურიზაცია და გამსხვილება. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს, ხოლო საგარეო დაზვერვა – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შეუერთდა.

ასევე გაუქმდა ენერგეტიკის სამინისტრო და მისი ფუნქციები ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა. ეკონომიკის მინისტრად დიმიტრი ქუმსიშვილი დარჩა. ქუმსიშვილი ინარჩუნებს პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობასაც და მთელი ეკონომიკური გუნდის კურატორიც იქნება.

ცალკე აღარ იქნება ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ეს უწყება გარემოს დაცვის სამინისტროს შეუერთდა.

თავის მხრივ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ფუნქციებიც იცვლება –  ამ სამინისტროს პრეროგატვა აღარ იქნება ბუნებრივი რესურსების მართვა. ამ კომპონენტზე პასუხისმგებელი ეკონომიკის სამინისტრო ხდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი იქნება.

საქართველოში აღარ იქნება არც სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. ამ უწყების ფუნქციები კულტურისა და განათლების სამინისტროებმა გადაინაწილეს. სპორტი კულტურის სამინისტროს პრეროგატივა იქნება, ხოლო ახალგაზრდობის ნაწილს განათლების სამინისტრო შეითავსებს. კულტურის მინისტრად კვირიკაშვილმა მამუკა გიორგაძე დატოვა, რაც შეეხება განათლების მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას, ის მთავრობის წევრი აღარ იქნება.

მთავრობაში დაგეგმილი საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, მინისტრთა კაბინეტს ჯამში 6 მინისტრი დაემშვიდობა: შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, ასევე ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ეს ცვლილებები უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატისა და ეფექტური მართვი სისტემის ჩამოყალიბებას ემსახურება. კვირიკაშვილის თქმით, ამ რეორგანიზაციის წყალობით, შემცირდება ბიუროკრატია და ადმინისტრაციული ხარჯები.

ცვლილებათა პაკეტი მთავრობის უახლოეს სხდომაზე დამტკიცებდა, რის შემდეგაც მას პარლამენტს გაუგზავნიან.

• საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის 1/3-ით განახლების შემთხვევაში, მთავრობა და სამთავრობო პროგრამა ნდობის მისაღებად პარლამენტს წარედგინება.


ასევე წაიკითხეთ