ვაჟა კაკაბაძის თბილისური და სოხუმური ისტორიები" />

საქართველოში ერთადერთი პრეისტორიული ტრილობიტი და სტალინი

ვაჟა კაკაბაძის თბილისური და სოხუმური ისტორიები

გეოლოგი, ეკონომისტი, მწერალი და მხატვარი ვაჟა კაკაბაძე თავს ძირძველ თბილისელად მიიჩნევს, თუმცა ის აფხაზეთშია დაბადებული. თბილისთან მას მთავარი მოგონებები აკავშირებს და სწორედ ამაზე მოგითხრობთ.

========================================================================================================================================

1.სახლის საერთო ხედი

ბევრს ჰგონია, რომ თბილისში, აღმაშენებლის გამზირის № 95“ა“-ში მდებარე ეს სახლი XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ან კიდევ უფრო ადრეა აშენებული. ასე გამოიყურება. სინამდვილეში, შენობა აგებულია გასული საუკუნის 50-იან წლებში, ხოლო თანამედროვე იერსახე მან 2011 წელს მიიღო, გამზირის რეკონსტრუქცის შემდეგ.

სახლი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის თანამშრომლებისთვის ააშენეს. 1963 წელს, როდესაც ვაჟა კაკაბაძის ოჯახი აფხაზეთიდან საცხოვრებლად გადმოვიდა, პარტიული მუშაკები აქ უკვე აღარ სახლობდნენ.

========================================================================================================================================

2. ვაჟა კაკაბაძე

ვაჟა კაკაბაძე მე-3 კლასში იყო, როდესაც მისი ოჯახი გუდაუთიდან თბილისში ჩამოვიდა საცხოვრებლად. იმ დროს ბინები სახელმწიფო საკუთრება იყო და მათი ყიდვა-გაყიდვა შეუძლებელი იყო, ამიტომ გაკეთდა გაცვლა.

„თავდაპირველად აქ სახლობდა რუსი ებრაელი ქალი. მან ბინა გაუცვალა მოსკოვში მცხოვრებ აფხაზურ ოჯახს, რომელიც ჩვენ გაგვირიგდა. აფხაზები გაემგზავრნენ გუდაუთაში, ჩვენ კი ზემოხსენებული ქალბატონის ბინაში გადმოვედით, და ყველა კმაყოფილი დარჩა“, – მიყვება ჩემი რესპოდენტი.

მას შემდეგ 50-ზე მეტი წელი გავიდა. ძველი მოსახლეებიდან მის გარდა აქ უკვე არავინ დარჩა. ბოლო დროს ახალ ბინაში გადასვლის სურვილიც გაუჩნდა, მაგრამ ვერ ელევა აქაურობას – უბანს, სახლს, ქუჩას, რომელიც მის ბავშვობაში „პლეხანოვი“ ერქვა.

========================================================================================================================================

3.აღმაშენებლის (ყოფილი პლეხანოვის) გამზირი, ხედი აივნიდან

აღმაშენებლის პროსპექტი (ყოფილი პლეხანოვის) ხედი აივნიდან

“ჩვენს გვერდით ბინაში ენუქაშვილების არაჩვეულებრივი ოჯახი ცხოვრობდა. ისინი მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები იყვნენ და ხშირად გვიწვევდნენ სპექტაკლებზე. შევიკრიბებოდით მეზობლები და ერთად მივდიოდით წარმოდგენის სანახავად. ზოგიერთი სპექტაკლი რამდენჯერმე გვქონდა ნანახი და ლამის ზეპირად ვიცოდით მისი თითოეული მიზანსცენა.

70-იან წლებში საბჭოთა ებრაელების მასობრივი რეპატრიაცია მოხდა და იანქოშვილებიც წავიდნენ ისრაელში საცხოვრებლად. ყველამ ძალიან განვიცადეთ განშორება. მოგვიანებით, მათ მოგვწერეს, რომ უსაზღვროდ ენატრებათ აქაურობა და სურთ იმ ბინის შეძენა, სადაც ადრე ცხოვრობდნენ, – ყოველ წელს ჩამოვალთ და იქ გავჩერდებითო. სამწუხაროდ, საბჭოთა რეჟიმის პირობებში ამ იდეას განხორციელება არ ეწერა.

ეს სამსართულიანი სახლი მხოლოდ ექვს ოჯახზე იყო გათვლილი. ნათესავებს შეშურდებათ, ისეთი თბილი ურთიერთობა გვქონდა მეზობლებს: დაბადების დღეებს სახლში ვიხდიდით, ზაფხულობით გვიანობამდე ვიყავით ეზოში, თუ ვინმეს რაიმე პრობლემა შეექმნებოდა, გვერდში დავუდგებოდით. მოკლედ, დღე არ გავიდოდა ისე,ერთმანეთს რომ არ შევხმიანებოდით.

დღეს მეზობლებს შორის ასეთი ურთიერთობა უკვე წარსულს ჩაბარდა“.

========================================================================================================================================

4.სახლის ეზოში ამჟამად სამკერვალოა გახსნილი

სახლის ეზოში დღეს სამკერვალო ატელიეა გახსნილი

“ამ სახლის შემოსასვლელ არკაში არის ნიშა. დღეს მას არანაირი ფუნქცია არ გააჩნია. ჩემს ბავშვობაში კი იქ ქურთი მესაათე იჯდა. სახელს ვერ ვიხსენებ, თუმცა მისი სახე კარგად მახსოვს. საოცრად ენერგიული ადამიანი იყო. მოგვიანებით, ქუჩის მეორე მხარეს მას კონკურენტი გამოუჩნდა. ამ კაცმა არც აცია, არც აცხელა და ახალ საქმეს მიჰყო ხელი – დაიწყო საწერი პასტების დატენვა, რაც მაშინ ახალი ხილი იყო და დიდი მოთხოვნა ჰქონდა. სხვათა შორის, ჩვენი ეზოს ბავშვებს ფულს არ ართმევდა.

მახსოვს, ერთი შავტუხა ქურთი მამაკაცი ნაყინს დაატარებდა. მისი გულგამგმირავი შეძახილი “მაროჟნი, მაროჟნი, სტაკანჩიკი მაროჟნიიიი” გარემოს აზანზარებდა. ბავშვი ვიყავი და სად მქონდა ფული. მოვისაწყლებდი თავს, შევხედავდი საცოდავი თვალებით, მას გული მოულბებოდა და ნაყინსაც უფასოდ მაძლევდა.

ჩემი სკოლის სიახლოვეს მდებარე ჯიხურში კი ერთი საოცრად კეთილი ქურთი მეწაღემუშაობდა. მას გაბო ერქვა. ქართული კარგად არ იცოდა, რის , მის ნათქვამზე გვეცინებოდა ხოლმე, მაგრამ არა ბოროტად. გვიყვარდა ეს კაცი. თუ შეამჩნევდა ღარიბ ბავშვს, აუცილებლად ხურდა ფულით დაეხმარებოდა. კლასში გვყავდა ობოლი ბიჭი, გვარად კიკოლეიშვილი. მას ბებია ზრდიდა და ძალიან შეჭირვებულად ცხოვრობდნენ. რომ დაინახა ამ გულისხმიერმა ადამიანმა ეს ბავშვი დახეულ ფეხსაცმელში, უფასოდ შეუკერა მას ახალი“.

========================================================================================================================================

“მე ნათლია მყავდა რუსი – სლავა მუხინი, მეცნიერი კაცი. იგი ქალაქ კუიბიშევში ცხოვრობდა. როცა თბილისში ჩამოდიოდა, რა თქმა უნდა, ჩვენთან ჩერდებოდა. ყოველ საღამოს ვუშლიდი სუფრას და ღვინითაც ვუმასპინძლდებოდი. ნათლიას ქრონიკული უძილობა სჭირდა. ერთხელ დავინტერესდი – რა გჭირს, რა არ გასვენებს მეთქი. მპასუხობს – ხალხნო, სახლის ქვეშ „ღვინის სარდაფი“ გაქვთ და ასე მშვიდად როგორ გძინავთ? თქვენთან ღვინო არ მაკლია, მაგრამ რა ვქნა, ვერ ვისვენებ, ემოცია მაინც სარდაფისკენ გარბისო.

ჩემმა მშობლებმა სლავა გუდაუთაში გაიცნეს, სადაც იგი დედამისთან ერთად რუსეთიდან ჩამოვიდა დასასვენებლად. მოადგნენ ჭიშკარს და იკითხეს, ვაქირავებდით თუ არა ოთახებს. ჩემი ოჯახი ამ პრაქტიკით დაკავებული არ იყო. როცა გაირკვა, რომ დამსვენებლებს გასაჩერებელი ადგილი არ ჰქონდათ, დედამ ისინი გარეთ არ დატოვა და ერთი ღამის გასათევად სახლში მიიპატიჟა. შემდეგ იყო ვახშამი, საუბრები, აზრთა გაზიარება. ჩემს მშობლებს ისე მოეწონათ სტუმრები, რომ მეორე დღეს არსად გაუშვეს. ასე დარჩნენ სლავა და დედამისი ჩვენს სახლში კიდევ ორ კვირას, თან გაფრთხილებულები იყვნენ, რომ ქირის გადახდაზე საუბარი არ უნდა ყოფილიყო. ერთად დავდიოდით ზღვაზე, დედა გემრიელ სადილებს უმზადებდა, საღამოობით სანაპიროზე ვსეირნობდით.

ერთ დღეს მათ შესთვაზეს – მოდით, ბავშვები მოვნათლოთო. იმ დროს ეკლესიასთან ნებისმიერი ურთიერთობა დაუშვებელი იყო, რადგან ადამიანის კარიერას რეალური საფთხე შეექმნებოდა. თავის დაზღვევის მიზნით, მამაჩემი გავუშვით ორი დღით სოფელში, ვითომ არაფერი ოცოდა მომხდარის შესახებ, ხოლო ბავშვები ჩუმად წაგვიყვანეს ეკლესიაში. მე მომნათლა სლავამ, ჩემი და კი – მისმა დედამ. აი, ასე დაუახლოვდნენ ჩვენი ოჯახები ერთმანეთს“.

 5.ვაჟა და მისი ნათლია (ფოტო ვ.კაკაბაძის არქივიდან)

 

ვაჟა და მისი ნათლია ( ფოტო პირადი არქივიდან)

 

 

 

 

 

 

 

========================================================================================================================================

“მამაჩემი იყო ვლადიმერ კაკაბაძე, ოფიცერი გახლდათ. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი მსახურობდა სამცხე-ჯავახეთში – სოფელ ქედაში, სადაც განლაგებული იყო საბჭოთა სამხედრო ბაზა. იქ გაიცნო მან რუსუდან გაგუა, რომელიც განაწილებით მუშაობდა ამ სოფლის სკოლაში გერმანული ენის მასწავლებლად.

6.ვლადიმერ კაკაბაძე და რუსუდან გაგუა, ვ, კაკაბაძის ნახატები

ვლადიმირ კაკბაძე და რუსუდან გაგუა, ვაჟა კაკაბაძის ნახატები

“ახალგაზრდები დაქორწინდნენ. ამასობაში ომიც დამთავრდა. ჩემი მიმავალი მამა სამხედრო სამსახურიდან გადადგა და დაიწყო სამოქალაქო ცხოვრება. იგი გაანაწილეს აფხაზეთში, ქალაქ გუდაუთაში, სადაც დაინიშნა განათლების სახლის დირექტორად. სწორედ გუდაუთაში 1953 წ. გაუჩნდათ მათ მეხუთე შვილი – მე.

გუდაუთა ყველა თვალსაზრისით ჩემი სამშობლოა. ჩვენი სახლი მდებარეობდა კიარაზის ქუჩაზე, 14 ნომერში. როდესაც მამაჩემს იქ ბინა გამოუყვეს, შენობაში წყალი არ იყო შეყვანილი. მეზობლად სახლობდნენ აფხაზები – თარბების შესანიშნავი ოჯახი. მათ ჰქონდათ საკუთარი სახლი დიდი ეზოთი და ონკანით. წყალი იქიდან უნდა გვეზიდა. ეზოში ჭიშკრიდან რომ არ შევსულიყავით და არ გვევლო ამხელა გზა, თარბებმა მოშალეს ღობე. ამით დაედო საფუძველი ჩვენი ოჯახების დამეგობრებას.

როცა მშობლები სამსახურში მიდიოდნენ, მე თარბებთან მტოვედნენ. მთელ დღეს ერთად ვატარებდით მე და ასლანი, ამ ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი.

მას ჰყავდა ძმა სახელად ლულუ, ასაკით ჩვენზე ბევრად უფროსი, სადღაც 24-25 წლის იქნებოდა. მის სახელს უკავშირდება ტრაგიკული ისტორია, რომელიც მოხდა 50-იანი წლების მიწურულს.

თარბების ახლო ნათესავები მე-19 საუკუნეში მუჰაჯირობის დროს რუსებმა გადაასახლეს ოსმალეთში. ლულუ ამ ფაქტს ძალიან განიცდიდა. მას მიაჩნდა, რომ ახლობლების სამშობლოში დაბრუნება შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი საქართველო დამოუკიდებლობას მოიპოვებდა. ლულუს არ მოსწონდა საბჭოთა წყობა და თურქეთში უნდოდა გაქცევა. ამის შესახებ უფროსები ჩუმად საუბრობდნენ, მე კი რამდენჯერმე მომიკრავს ყური.

ერთ დღეს ლულუ გაუჩინარდა. მოგვიანებით, ოჯახმა მიიღო შეტყობინება, რომ იგი ზღვაში დაიხრჩო. თურმე უშოვია ნავი და თურქეთისკენ აუღია გეზი. ჩვეულებრივი ნავით ზღვის გადაცურვა შეუძლებელი იყო, თუმცა ხალხში გავრცელებული ვერსია მესაზღვრეების მიერ მისი დაკავების თაობაზე, უფრო დამაჯერებელად ჟღერდა. მით უმეტეს, რომ ოჯახისთვის ცხედარი არ გადაუციათ. ლულუ ოჯახმა ხმამაღლა ვერ დაიტირა. ეშინოდათ, რომ დაისჯებოდნენ. სავარაუდოდ, იგი დახვრიტეს“.

 

7.გუდაუთა. ასლანი და ვაჟა (მეორე რიგში) მეზობლის ბავშვებთან (ფოტო ვ.კაკაბაძის არქივიდან)

 

 

გუდაუთა. ასლანი და ვაჟა (მეორე რიგში) მეზობლის ბავშვებთან ერთად (ფოტო პირადი არქივიდან)

 

 

 

 

 

 

 

========================================================================================================================================

მამის მხრიდან ვაჟა კაკაბაძის წინაპრები წარმოშიბით ხონის რაიონის სოფელ კუხიდან იყვნენ და სამღვდელოებას წარმოადგენდნენ. ამბავი, რომელიც ჩემმა რესპოდენტმა მომიყვა, გასული საუკუნის დასაწყისში მოხდა:

„ერთხელ მამამ ბაბუასთან წამიყვანა სოფელში. მაშინ ვიქნებოდა სადღაც 8 წლის. მინდოდა მისი გულის გახარება და გამოთქმით წავუკითხე ლექსი ლენინზე. ისე მომიქნია ჯოხი, რომ დღემდე მახსოვს მისი სიმწარე. გადაშენდით შენ და შენი ლენინიცო და შენი მასწავლებლებიცო. უცებ ვერ მოვუძებნე ახსნა ამ საქციელს. მოგვიანებით კი მისი მონაყოლიდან გავიგე, თუ რაში იყო საქმე.

საბჭოთა რეჟიმის დამყარებამდე არსენ კაკაბაძე ეკლესიის მსახური გახლდათ. ერთ საღამოს მას კარზე კაკუნის ხმა მოესმა. უცნობმა ღამის გათენება ითხოვა. არსენმა შემოუშვა სახლში, გაუშალა სუფრა, დაუსხა ღვინო და მგზავრიც ალაპარაკდა.

ის აღმოჩნდა რევოლუციონერი, რომელიც „მეფის ახრანკას“ ემალებოდა. ეს უკანასკნელი საუბრობდა მეფის ხელისუფლების დამხობაზე, არსებულ უთანასწორობაზე, კლასობრივი ბრძოლის აუცილებლობაზე.მასპინძელი არ იზიარებდა რევოლუციურ იდეებს, მაგრამ სტუმრის ხათრით ერთ ხანს იძულებით უსმენდა მონოლოგს „ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლის“ შესახებ.

როდესაც რევოლუციონერი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მიწების ჩამორთმევით და რეპრესიებით დაიმუქრა, ბაბუას მოთმინების ფიალა აევსო და კინწისკვრით გაადო იგი სახლიდან.

გავიდა წლები და არსენ კაკაბაძემ ამოიცნო დაუპატიჟებელი სტუმარი. ეს იყო იოსებ სტალინი“.

8.არსენ კაკაბაძე (ფოტო ვ.კაკაბაძის არქივიდან)

 

 

არსენ კაკაბაძე (ფოტო პირადი აქრქივიდან)

 

 

 

 

========================================================================================================================================

“გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის მე- 4 კურსის სტუდენტი ვარ. წაგვიყვანეს პრაქტიკაზე რაჭაში, ბუბის მწვერვალის ხეობაში. დაახლოებით ზღვის დონიდან 3000 მეტრზე ვართ. ბუბისწყლის სათავესთან დავალებული გვქონდა მთის ბროლი მოძებნა. ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ძიება ჩვეულებრივ რეჟიმში მიდიოდა, მდინარის ნაპირთან ვხედავ რაღაც უჩეულო პატარა საგანს. შინაგანად ვიგრძენი, რომ ეს რაღაც განსაკუთრებულია. მივიხედ-მოვიხედე, არავინ მიყურებდა და უცებ ჩავიგდე იგი ჯიბეში.

ერთი წლის შემდეგ, როდესაც გეოლოგიის სამმართველოს თანამშრომელი გავხდი, დავიწყე ნაპოვნის მეცნიერული შესწავლა. ეს ღმოჩნდა ტრილობიტის გაქვავებული ნაშთი. ტრილობიტი იყო პალეოზოური ერის ზღვის ცხოველი, რომელიც რამდენიმე ასეული მილიონი წლის წინათ ბინადრობდა. ეს აღმოჩენა კიდევ ერთხელ ამაგრებს მეცნიერთა იმ მოსაზრებას, რომ ოდესღაც შავი და კასპიის ზღვები წყლის ერთიან სივრცეს წარმოადგენდა.

ამბობენ, ცოდვა გამხელილი ჯობსო. ბოლოს და ბოლოს, განვაცხადე ჩემი აღმოჩენის შესახებ. უნივერსიტეტი უკვე დამთავრებული მქონდა და, შესაბამისად, ვერავინ შემომედავებოდა. ეს უნიკალური ტრილობიტი, რომელიც ერთადერთია საქართველოში, დღეს ჩემს სახლში ინახება”.

9.ვაჟა კაკაბაძე მიჩვენებს გადაშენებული ცხოველების ნაშთებს და იშიათი მინერალების კოლექციას

ვაჟა კაკაბაძე ტრილობიტს და იშვიათი მინერალების კოლექციას გვიჩვენებს


ასევე წაიკითხეთ