რა უშლის ხელს საქართველოს, რომ მორალურად გახდეს ევროპის ნაწილი?" />

საქართველოში ევროპული ყაიდის რეფორმები ჩატარდა, თუმცა დროა, მენტალიტეტსაც მიეხედოს

რა უშლის ხელს საქართველოს, რომ მორალურად გახდეს ევროპის ნაწილი?

ფოტო:დიანა პეტრიაშვილი 

წელიწადში რამდენჯერმე საქართველოს შესახებ სიახლეები ხმაურიანი სათაურების მიზეზი ხდება  BBC-სა და  CNN-ის ვებგვერდებზე, სადაც საქართველოში მომხდარ ზოგიერთ სენსაციურ მოვლენას ასე გვაწოდებენ: „ალბათ ამ ქვეყნის შესახებ აქამდე არაფერი გსმენიათ“.

ზოგჯერ ეს სიახლეები ძალიან ახარებს იმ უწყებებს, რომლებიც საქართველოში ტურიზმს განაგებენ: შავი ზღვის ფართო სანაპიროები და ქვეყნის ჩრდილოეთში თოვლით დაფარული  მთის ქათქათა მწვერვალები ისტორიული ფაქტებით არის თანხლებული, რაც გათვითცნობიერებულ დასავლელ ტურისტებს წარმოსახვას უღვიძებს,  ამაყ ქართველ პატრიოტებს კი – თავმომწონეობას.

თუმცა, სხვა მასალები, რომლებსაც ისევ ეს  გამოცემები აქვეყნებენ, საქართველოს ხელისუფლების თანაბრად შეზავებულ შეშფოთებას და აღშფოთებას იწვევს. ამ მასალებში საქმე პოლიტიკურ კრიზისს კი არ ეხება, რუსეთთან 2008 წლის ომის მაგვარს, ან 2015 წლის წყალდიდობის მსგავს ბუნებრივ კატაკლიზმებს, არამედ სერიოზულ პრობლემებს, რომლებსაც ფესვები ქართულ კულტურაში აქვს გამდგრი. ადრეული ქორწინებები: პატარძლის მოტაცების ეპიზოდური   (მაგრამ სულ უფრო ხშირი) შემთხვევები; სტალინის კულტი; ლგბტ თემის წარმომადგენლების და მათდამი ლოიალურად განწყობილი ადამიანების მიმართ ძალადობა – ეს ყველაფერი  საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის გამყარებას ხელს სულაც არ უწყობს.

თუმცა, თუკი წინათ დასავლეთს შეეძლო, რომ ეს ყველაფერი დაებრალებინა ნაკლებად ცნობილი და აღმოსავლეთევროპული ქვეყნის ხალხის ქცევითი პრობლემებისთვის, რომელიც მთლიანობაში ქრისტიანული ფასეულობების ერთგულია და კომუნიზმის ეპოქის შემდეგ გონს მოდის – ევროკავშირის ქვეყნების მიერ საქართველოსთვის  უვიზო რეჟიმის მინიჭების შემდეგ სიტუაცია შეიცვალა, რადგან ეს ფაქტი ქვეყანას  ამ კავშირის სრულფასოვანი წევრობისკენ უხსნის გზას.

კულტურის საკითხებისადმი ქართველების დაძაბული დამოკიდებულება ცნობილია (ან, როგორც ზოგიერთს მიაჩნია, სამწუხაროდ ცნობილია). ამიტომ, გაოცებას არ იწვევს, რომ ხელისუფლება, რომლის პოპულარობა უკვე ეცემა, ამჯობინებს, იმ პრობლემებს არ შეეხოს, რომლებიც ქართველებს მორალურად (და, შესაბამისად, პოლიტიკურადაც)ხელს უშლის  ევროპასთან შეერთებაში.

“ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ბოლო ოთხი წლის   განმავლობაში განხორციელებული რეფორმები ევროკავშირის ფასეულობებს შეესაბამება, მაგრამ მათი პრაქტიკულად განხორციელება სირთულეებს აწყდება.

გასულ წელს პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ განათლების სისტემა საქართველოში ქართულ მაგალითებს უნდა მისდევდეს. მაგრამ გერმანიის განათლების სისტემა ხომ იმით არის კარგი, რომ გერმანული შრომითი ეთიკის ნიმუშებს მისდევს, და არა -პირიქით.

ქართველი მასწავლებლები (როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი) ხშირად უჩივიან იმას, რომ უფროსი კურსის სტუდენტებიც კი უსაფუძვლოდ მოითხოვენ მათგან ნიშნების მომატებას, მიდრეკილები არიან აშკარა გადწერისკენ, ხოლო მათი შობლები ხშირად ერევიან საქმეში, როდესაც შვილები დაბალ ნიშნებს იღებენ. ამის წარმოდგენა გერმანიასა და ნებისმიერ დასავლურ ქვეყანაში წარმოუდგენელია. ამიტომ, უბრალოდ განათლების გერმანული სისტემის შემოღება, ქართველი სტუდენტების მენტალიტეტზე ზემოქმედების გარეშე, არაფერს შეცვლის.

ეს სამხედრო რეფორმასაც ეხება. ქართულ არმიას შეუძლია იამაყოს  დსავლური ანალოგების დონის აღჭურვილობით. მაგრამ,  ძალიან ცოტა რამ არის გაკეთებული სამხედრო სამსახურისადმი დამოკიდებულების შესაცვლელად  – საზოგადოებაში მას ისეთი ადამიანების ხვედრად მიიჩნევენ, ვისაც სხვა არაფრის გაკეთება არ შეუძლია.

ჯარში გაწვევა, (რომელიც გააუქმეს და  ერთ წელიწადში აღადგინეს) ადამიანებში ზიზღსა და შიშს იწვევს. ასეთ ჯარს არ შეუძლია პროფესიონალი ჯარისკაცების აღზრდა, რომლებიც რუსეთის თავდასხმას წინ აღუდგებიან, ისევე როგორც წვევამდელებს ვერ გაუჩენს ჯარში სამსახურისადმი პოზიტიურ განწყობას. ხოლო გაწვევით ჯარში სამსახურისადმი აშკარა სიძულვილი ქართული პატრიოტიზმის გამოვლინებას ცუდად ეხამება.

მაგრამ უცხოელებს განსაკუთრებულ შოკს მაინც იმ  ქართველი გოგონების გათხოვება გვრის, რომლებსაც სრულწლოვნებისთვის ჯერ არ მიუღწევიათ. კანონმდებლობის გზით ამ პრაქტიკის აღკვეთა არცთუ დიდი ენთუზიაზმით არის მიღებული:18 წლამდე ქორწინება აკრძალულია, თუმცა 16 წლის ასაკში, მშობლების თანხმობის შემთხვევაში, დაშვებულია. ამვე დროს არ არის გათვალისწინებული ის ზეწოლა, რომელსაც ოჯახში მოზრდი გოგონები ექვემდებარებიან, ხოლო ეს ყველაფერი – განსაკუთრებით დედაქალაქის ფრგლებს გარეთ, ისე ხდება, რომ შეგვიძლია მშობლების თანხმობაზე კი არა, მათი მხრიდან შვილის იძულებაზე ვილაპარაკოთ.

ქართული მართლმადიდებელი მრევლის თვალში ქალწულობა ისეთ ფასეულობას წარმოადგენს, რომ ქორწინებამდე კავშირი ადრეული ქორწინების არგუმენტი ხდება – იმის შიშით, რომ მომავალი პრეტენდენტები „გაფუჭებულ საქონელს“ დაიწუნებენ.

საქართველოს როგორც საერო, ისე საეკლესიო ხელისუფლები წლობით მიიჩნევდნენ, რომ საქართველოში მომხდარი ქვეყნის ფარგლებს გარეთ არ უნდა განხილულიყო. მაგრამ ქვეყნის ხელისუფლებისთვის ეს დრო წარსულს ჩაბარდა. საქართველო, ფასეულობების თვალაზრისით, უნაკლო უნდა გახდეს. თუკი ქართული საზოგადოების ზოგიერთი ნეგატიური პრობლემა არ გადაიჭრება – ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობების დათბობის შემთხვევაში, ტრამპის მმართველობის დროს საქართველო თავისი მთავარი მფარველის მხრიდან  ყურადღების დაკარგვის საფრთხის წინაშე დგება; ხოლო საკუთარ პრობლემებში ჩაფლულმა ევროკავშირმა, შესაძლოა, თავშეკავებული პოზიცია დაიკავოს.

ლგბტ თემის წარმომადგენლებისთვის თანაბარი უფლებები მინიჭების წინააღმდეგ ის სამწუხაროდ  სახელგანთქმული გამოსვლა ქართველი მღვდელმსახურებისა და მრევლის მიერ იყო ორგანიზებული და განხორციელებული. ნასვამი ლუმპენების ბრბოს სპონტანურმა გამოსვლამ ნაკლებად ამაზრზენი შთაბეჭდილება დატოვა, ვიდრე მღვდლების გამძვინვარებულმა საქციელმა, რაც წესით, ფანატიკოსებს უფრო ახასიათებთ ხოლმე.

ნებისმიერ ევროპელი, რომელიც საქართველოს ევროკავშირში შესვლაზე დაფიქრდება, ბუნებრივია, მაშინვე იმას წარმოიდგენს, თუ რა მოხდება პარიზში, ბერლინსა თუ ამსტერდამში,  ქართველი მამაკაცების ჯგუფისა და გეი-წყვილის პირისპირ  შეხვედრისას.

მეორე მხრივ, არასრულწლოვან გოგონაზე დაქორწინებულ მამაკაცს, ევროპაში  დიდიხნიანი პატიმრობა ემუქრება, ხოლო გათავისუფლების შემდეგ წლობით აღინიშნებიან პოლიციაში როგორც ის პირები, ვისაც დანაშაული სექსუალურ ნიადაგზე აქვს ჩადენილი.

თუმცა, იმედი კიდევ არსებობს. ახლახან ხელისუფლებამ  ქალაქში სისუფთავის დარღვევის გამო შემოღებული ჯარიმების შესახებ განაცხადა. და როგორც ამბობენ, მოწევის ამკრძალავი კანონიც რამდენიმე წელიწადში ამოქმედდება. გასაგებია, რომ ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემები არ არის, ისევე როგორც სოციალური ტრდიციების პრობლემატიკისადმი ხელისუფლების ფრთხილი დამოკიდებულება. ნაგვის დაყრისთვის გამოწერილი ჯარიმები და საზოგადოებრივ ადგილებში მოწევის აკრძალვა – ეს ზღვაში წვეთია. თუმცა, მაინც წინ გადადგმული ნაბიჯია.

 

 

ტიმ ოგდენი, ბრიტანელი ჟურნალისტი თბილისიდან

 

ასევე წაიკითხეთ