პარლამენტში შესულია კანონპროექტი,რომელიც ბავშვების ავტომობილით გადაადგილებისას მძღოლებს ქარსითების გამოყენებას ავალდებულებს " />

საქართველოში ავტოსავარძლები, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

პარლამენტში შესულია კანონპროექტი,რომელიც ბავშვების ავტომობილით გადაადგილებისას მძღოლებს ქარსითების გამოყენებას ავალდებულებს

ქალი ყიდის ფერად ბუშტებს

ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში საქართველოს გზებზე ავტოავარიის შედეგად 18 ბავშვი დაიღუპა და 934 დაშავდა.

2016 და 2017 წლებში ეს ციფრი კიდევ უფრო საგანგაშო იყო. ამ ორი წლის განმავლობაში ავტოავარიების შედეგად 40 ბავშვი დაიღუპა და 2 ათასზე მეტი დაშავდა.

 საქართველო: გაამართლა თუ არა ავტომანქანების ტექინსპექტირებამ და რა ხარვეზები აქვს მა

• სამი თვის განმავლობაში საქართველოში გზებზე 108 ადამიანი დაიღუპა

საქართველოში ხშირად ნახავთ ასეთ სურათს –  5-6 წლის ბავშვი ზის ავტომანქანის უკანა სავარძელზე, უღვედოდ, ჩამოწეული აქვს შუშა და გამოყოფილი აქვს თავი. ან ქალი, რომელიც ზის წინა სავარძელზე და ხელში ჩვილი უჭირავს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საგზაო მოძრაობის წესები სულ უფრო მკაცრდება, ბავშვების უსაფრთხოებაზე რეგულაციების დაწესებამდე ჯერ კანონმდებლები ვერ მივიდნენ.

შესაბამისად, სტატისტიკაც საგანგაშოა. საგზაო ექსპერტების ამბობენ, რომ არის შემთხვევები, როდესაც ბავშვები იღუპებიან არამხოლოდ სერიოზულ ავარიებში, არამედ უმნიშვნელო საგზაო შემთხვევების დროსაც, რომლებიც მოზრდილი ადამიანისთვის სახიფათო არაა, მაგრამ ავტოსავარძლის გარეშე მყოფი ბავშვისთვის ფატალური ხდება.

კვლევა, რომელიც აღრიცხავდა, რამდენი მშობელი იყენებს საქართველოში ავტოსავარძლებს, არ ჩატარებულა, თუმცა ამ მიმართულებით ვითარება რომ სავალალოა, კვლევის გარეშეც ცხადია.

ქართველი მშობლების დიდი უმრავლესობა ბავშვებს ავტოსავარძლების გარეშე დაატარებს. მათ ხშირ შემთხვევაში არც აქვთ ინფორმაცია, თუ რამდენად სახიფათო შეიძლება იყოს ასეთი მოგზაურობა.

თუმცა, მომავალი წლიდან, ეს მოცემულობა შეიძლება შეიცვალოს.

საქართველოს პარლამენტში უკვე შესულია კანონპროექტი, რომელიც 12 წლამდე ასაკის და 135 სანტიმეტრამდე სიმაღლის ბავშვების ავტომობილით გადაადგილებისას სპეციალური სავარძლის ან დამჭერი მოწყობილობის გამოყენებას ავალდებულებს.

დღეს მოქმედი რეგულაციით, მხოლოდ სამ წლამდე ბავშვის გადაყვანაა სავალდებულო სპეციალური სავარძლით. თუმცა, ამ წესის დაუცველობის გამო არავინ ჯარიმდება, რადგან ამავე კანონში წერია, რომ აღნიშნული ასაკის ბავშვი შეიძლება კალთაშიც ეჯდეს არანაკლებ 16 წლის მგზავრს, რომელიც უკანა სავარძელზე ზის და უსაფრთხოების ღვედი უკეთია.

„კანონი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია სამ წლამდე ბავშვის კალთაში ჩასმა, არის ყოვლად დაუშვებელი და დიდ საფრთხეს უქმნის არასწრულწლოვნებს,“ – ამბობს ეკა ლალიაშვილი, ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე. ახალი კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი სწორედ აღნიშნული ორგანიზაციაა.

ლალიაშვილის განმარტებით, მათ მიერ ინიცირებულ ვარიანტში ყველა ბავშვი, რომელიც 135 სანტიმეტრზე დაბალი სიმაღლისაა, ავტოსავარძელში ან ე.წ. „ბუსტერში“ უნდა იჯდეს და ეს წესი ყველასთვის სავალდებულო უნდა იყოს გამონაკლისების გარეშე.

ბავშვთა უსაფრთხოდ გადაყვანის წესების მოწესრიგებას საქართველოს ევროკავშირთან  გაფორმებული „ასოცირების შეთანხმებაც“ ავალდებულებს. ამ შეთანხმების მიხედვით, ეტაპობრივად, საქართველოს კანონმდებლობა ისეთივე უნდა გახდეს, როგორიც ევროპის ქვეყნებშია.

„ევრორეგულაციაში პირდაპირ არ წერია, რომ ბავშვთა გადასაყვანად სავარძლები გამოიყენეთო, მაგრამ დოკუმენტი ითხოვს საგზაო შემთხვევების შემცირებას, პრევენციას და ბავშვთა დაცვას გზებზე. თუ ევროპის სხვა ქვეყნებს შევედრებით, ვნახავთ, რომ ჩვენთან ევროპის საშუალო მაჩვენებლებზე ორჯერ მეტი მსხვერპლია“, – განმარტავს ეკა ლალიაშვილი.

ჯერ ზუსტად უცნობია, თუ რამდენი იქნება ჯარიმა ავტოსავარძლების არგამოყენებისთვის. რეგულაციის ავტორები ვარაუდობენ, რომ ჯარიმა იგივე იქნება, რაც ზოგადად ბავშვთა უსაფრთხოების წესების დარღვევაზე დღეს მოქმედებს. ბავშვის წესების დარღვევით ტრანსპორტირება დღეს 40 ლარით და 20 ქულით ჯარიმდება.

რა სახის ტრანსპორტზე გავრცელდება ახალი რეგულაცია?

ახალი რეგულაცია შეეხება მხოლოდ კერძო მსუბუქ ავტომობილებილებს.

ის არ შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს – ავტობუსებს, სამარშრუტო ტაქსებს. ასევე არ შეეხება ჩვეულებრივ ტაქსებსაც.

„ამ ეტაპზე ამ ცვლილებების აღსრულება რთული იქნება საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ევროპაშიც არ უკეთიათ ღვედი საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ამაზე იქაც აქტიურად მსჯელობენ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ იქ გაცილებით მაღალი კვალიფიკაცია აქვთ მძღოლებს, ბევრად მოწესრიგებულად დადიან“, – ამბობს ავტომრბოლელი და საავტომობილო ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი მევლუდ მელაძე, რომელიც ასევე კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორია.

კანონპროექტი არ მოიცავს სასკოლო ავტობუსებში უსაფრთხოების ზომების რეგულაციებს. სასკოლო ტრანსპორტის უსაფრთხოება, ექსპერტების თქმით, ცალკე პრობლემაა, რომელიც ასევე სასწრაფო მოგვარებას ითხოვს.

 

რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი წესი, რომელთა დაცვა აუცილებელია ბავშვების გადაყვანის დროს: 

 

•  ავტოსაგზაო შემთხვევების დროს ბავშვი უფრო უსაფრთხოდაა, როდესაც ცალკე ზის, ვიდრე როდესაც კალთაში უზით. არ შეიძლება პატარა ბავშვის კალთაში ჩასმა, ვინაიდან შეჯახების დროს უფროსმა შეიძლება უარესად დააზიანოს ბავშვი.

 

•  არ შეიძლება 135 სანტიმეტრამდე ბავშვისთვის ღვედის გაკეთება, ვინაიდან მათ ღვედი არა მხარზე, არამედ ყელზე აქვთ და ავარიის დროს ღვედი შეიძლება ყელზე გადაეჭიროს.

 

•  არ შეიძლება 135 სანტიმეტრამდე ბავშვის წინა სავარძელზე დაჯდომა. „ეარბაგი“ რომ გაიხსნას, 5-7 წლამდე ბავშვი, შესაძლოა, ადგილზევე დაიღუპოს

 

•  ავტოსავარძელი ყველა წესის დაცვით, მჭიდროდ უნდა მიმაგრდეს. სპეციალური ღვედები, რომლებიც მოწყობილობას მოჰყვება, ბავშვს ისე მჭიდროდ უნდა ეკეთოს, რომ მხოლოდ თქვენი ერთი თითი ეტეოდეს.

 

•  დაუშვებელია, რომ ავტოსავარძელში ბავშვს ეცვას დიდი ქურთუკი. გახადეთ მას ქურთუკი, რომ ღვედებმა დაამაგროს უშუალოდ ბავშვის სხეული და არა ტანსაცმელი.

 

აღსრულების პრობლემა

საგზაო უსაფრთხოების ახალ რეგულაციაზე მომუშავე ექსპერტები კანონის აღსრულების პრობლემაზე საუბრობენ. ისინი რამდენიმე საფრთხეს გამოკვეთენ, რამაც ამ კანონის აღსრულებას შეიძლება შეუშალოს ხელი:

პოლიციის მხრიდან კანონის აღსრულებაზე თვალის დახუჭვა: მიუხედავად იმისა, რომ სამ წლამდე ბავშვების გადაყვანაზე დღესაც მოქმედებს რეგულაციები, როგორც ექსპერტები ამბობენ, ამ რეგულაციების შესრულებას პოლიცია თითქმის არ ამოწმებს და ჯარიმებს ამ კუთხით არავის უწერს. „როდესაც კანონპროექტი გავა, აქტიურად უნდა ვიმუშაოთ პოლიციასთან, რომ მათ დააჯარიმონ დამრღვევები. რამდენიმე დაჯარიმების შემთხვევა საკმარისი იქნება, რათა საზოგადოებამ გაიგოს, რომ წესი უნდა დაიცვან,“ – ამბობს მევლუდ მელაძე „ჯემნიუსთან“ ინტერვიუში.

კიდევ ერთი პრობლემაა საზოგადოების არაინფორმირებულობა და დაბალი ცნობიერება: „ქართულ საზოგადოებაში ამის კულტურა  არ არის, სამწუხაროდ. ბევრი ვერ აცნობიერებს, რა მნიშვნელობა აქვს უსაფრთხოების წესების დაცვას, და რომ მათი დაუცველობა, შესაძლოა, ფატალურად დასრულდეს. სანამ თავად არ გადახდებათ მსგავსი შემთხვევა, მანამდე ამას არ ითვალისწინებენ“, – ამბობს მელაძე.

ავტოსავარძლების შეძენა დამატებითი ხარჯი იქნება ბავშვიანი ოჯახებისთვის: კანონპროექტის მიღების შემდეგ, მშობლები გარკვეული ფინანსური ხარჯისთვის მზად უნდა იყვნენ, რადგან ისინი ვალდებულები იქნებიან, იქონიონ სპეციალური საბავშვო სავარძელი. წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებიან. ქვეყანაში, სადაც მოქალაქეების 61 პროცენტი თავს უმუშევრად მიიჩნევს (NDI კვლევა), ავტოსავარძელი ფუფუნებაა, რომლის შესაძენად ბევრ ოჯახს ფული არ აქვს.

საზოგადოების რეაქცია

დაანონსებული ცვლილებებს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ბევრმა მშობელმა ეს ინიციატივა გააპროტესტა – „მორიგი ფულის მახე“, „მორიგი არასაჭირო რეგულაცია“ უწოდა.

„12 წლის ბავშვი სპეციალურ კალათში როგორ უნდა ჩასვა“, 

” ხუთი შვილი ვისაც ჰყავს იმან რა უნდა ქნას?” 

“ჩვენც ვიცით, რომ ქარსითი კარგია, მაგრამ როდესაც მოსახლების ნახევარი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა და ბავშვს ხვალ რა აჭამოს არ იცის, ქარსითს როგორ იყიდიან?” – წერდნენ ფეისბუკზე.

 ძალიან ბევრ მშობელსა და მძღოლს არ აქვს საჭირო ინფორმაცია ავტომობილით ბავშვთა უსაფრთხოდ გადაყვანის შესახებ.

კანონპროექტის ინიციატორები აპირებენ სპეციალური საინფორმაციო კამპანიის ჩატარებას და მშობლებისთვის იმის ახსნას, თუ როგორ გადაიყვანონ ბავშვები უსაფრთხოდ.

საქართველო არ იქნება რეგიონში პირველი ქვეყანა, სადაც ავტოსავარძლოები სავალდებულო გახდა. მაისიდან მსგავსი რეგულაცია უკვე ამოქმედდა სომხეთში. თუმცა, იქ ცოტა სხვაგვარი რეგულაციაა – ავტოსავარძელი აუცილებელია შვიდ წელიწადზე უმცროსი ბავშვებისთვის. შვიდ წელიწადზე უფროსებს კი აუცილებლად უსაფრთხოების ღვედი უნდა ჰქონდეთ შეკრული.

მშობელი მძღოლების ნაწილი აცნობიერებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ რეგულაცია დამატებითი ხარჯი იქნება, იგი აუცილებელია ბავშვების უსაფრთხოებისთვის:

„ვიცი რომ სავარძელი უნდა მქონდეს და ეს აუცილებელია ჩემი შვილების უსაფრთხოებისთვის, თუმცა, ხომ იცით როგორც ხდება, სანამ არ დაგაჯარიმებენ და დაგავალდებულებენ, მანამდე ამას არ ითვალისწინებ. ეს ხარჯებთანაცაა დაკავშირებული, რაც კიდევ ერთი წინაღობაა. მე თან ორი შვილი მყავს, გამოდის ორივესთვის უნდა ვიყიდო, რაც დაახლოებით 500 ლარი დამიჯდება, ამიტომ ვერასოდეს მოვახერხე მათი შეძენა“, – ამბობს ვანო პოჩიკაშვილი, რომელსაც ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.

რა დაუჯდება მშობლებს მოსალოდნელი რეგულაციის შესრულება?

ავტოსავარძლების შეძენა დღეს ბავშვთა მაღაზიებსა და ბაზრობებზე შეიძლება. ისინი ზოგ აფთიაქშიც იყიდება.

ავტოსავარძლების, იგივე „ქარსიტების“ ფასი 100 ლარიდან იწყება. უფრო იაფი ღირს ე.წ. ბუსტერები, ერთგვარი შემაღლება, რომელიც მოზრდილი ბავშვებისთვის გამოიყენება. „ბუსთერის“ ფასი დაახლოებით 40 ლარიდან იწყება.

ავტოსავარძლების შეძენისას აუცილებლად გასათვალისწინებელია ბავშვის ასაკი – სავარძელი არ უნდა იყოს არც დიდი და არც პატარა. კარგი იქნება, თუ სავარძლის ყიდვისას თქვენს შვილსაც გაიყოლებთ. იგი ფეხსაცმელივით უნდა მოარგოთ ბავშვს – თავი კარგად უნდა იყოს დაცული გვერდითა ბალიშებით და მჭიდროდ უნდა ეჭირებოდეს ქამრები. სასარგებლოა ასევე ქრაშ-ტესტების ნახვა, რომლებიც კონკრეტულად ამ სავარძელმა გაიარა. და რაც მთავარია, სავარძელი უნდა დამაგრდეს ყველა წესის დაცვით.


ასევე წაიკითხეთ