„ჩემთვის ახლა გადადგომა და წასვლა - ყველაზე მარტივია. ეს ყველაზე მარტივი გამოსავალია... ეს იქნებოდა გაქცევა პასუხისმგებლობისგან“, - განაცხადა მან." />

საქართველოს შს მინისტრი, რომელმაც მომიტინგეები რეზინის ტყვიებით დაშალა, გადადგომას არ აპირებს

„ჩემთვის ახლა გადადგომა და წასვლა - ყველაზე მარტივია. ეს ყველაზე მარტივი გამოსავალია... ეს იქნებოდა გაქცევა პასუხისმგებლობისგან“, - განაცხადა მან.

გიორგი გახარია. ფოტო: ghn

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 20 ივნისს, პარლამენტთან აქციის დაშლა, იძულებითი და ლეგიტიმური ღონისძიება იყო, რამდენადაც მომიტინგეები პარლამენტის შტურმით აღებას გეგმავდნენ.

ეს მან ტელეკომპანია „პირველისთვის“ მიცემულ საათნახევრიან ინტერვიუში თქვა.

უფრო მეტიც, მინისტრის თქმით, მისი შეცდომა იყო ის, რომ სპეცსაშუალებების გამოყენებაზე ბრძანების გაცემა დააგვიანა.

პოპულარულ ჟურნალისტთან, ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში, რომელსაც შეცდომით მუდმივად ირმას ეძახდა, გახარიამ არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს.

„ჩემთვის ახლა გადადგომა და წასვლა – ყველაზე მარტივია. ეს ყველაზე მარტივი გამოსავალია… ეს იქნებოდა გაქცევა პასუხისმგებლობისგან“, – განაცხადა მან.

• ფეისბუკ-ტროლები და ყალბი მედია-გვერდები. როგორ ებრძვის საქართველოს ხელისუფლება მომიტინგეებს

• საპროტესტო აქციის დაშლა თბილისში. რა იქნება შემდეგ? ექსპერტების შეფასებები

 ვინ არის მართლმადიდებელი კომუნისტი, რომელმაც თბილისში პროტესტი გამოიწვია

• მეგობარი თუ ოკუპანტი?

მისი თქმით, ახალგაზრდები, რომლებიც მის გადადგომას ითხოვენ, „გულწრფელად გამოხატავენ საკუთარ მოსაზრებებს“, თუმცა, „ისინი ვერ ხვდებიან, რას ნიშნავს სახელმწიფო სამსახურში მუშაობა და სახელმწიფოს მიზნებიდან გამომდინარე მოქმედება“.

„ისინი ვერ ხვდებიან, რას ნიშნავს, როდესაც პარლამენტს, რომელიც უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, რამდენჯერმე აიღეს შტურმით, მესამეჯერ ესხმიან თავს ფიზიკურად, ჯგუფურად და ორგანიზებულად“, – განაცხადა მინისტრმა.

მან ასევე თქვა, რომ მის წინააღმდეგ კონკრეტული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იბრძვიან ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის საფარქვეშ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ თავდაპირველად პარლამენტთან მიმდინარე აქცია იყო მშვიდობიანი, მაგრამ შემდეგ, „მშვიდობიანი მოსახლეობის ლეგიტიმური პროტესტი“ საკუთარი რევოლუციური მიზნებისთვის გამოიყენა ოპოზიციურმა პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომლის ლიდერიც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია.

გახარიამ თქვა, რომ პარლამენტთან პოლიცია დაუცველი დარჩა, იმიტომ რომ, მომიტინგეებმა პოლიციელებს ფარები წაართვეს და მათ ბოთლებსა და სხვა საგნებს ესროდნენ.

მინისტრმა ასევე „სიცრუე“ უწოდა მტკიცებას იმის შესახებ, რომ მიტინგის დაშლისას პოლიციამ მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენა რეზინის ტყვიები, რომლებიც განკუთვნილია დათვებისა და სხვა დიდი ცხოველების მოსაგერიებლად.

მან აღიარა, რომ სულ რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც სპეცრაზმის წარმომადგენლებმა უფლებამოსილებას გადააჭარბეს: „ჩემთვისაც რთულია სპეცრაზმელის ყურება, რომელიც ვიღაცას დამიზნებით ესვრის“. მინისტრმა ამ შემთხვევების გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯის პირობა დადო.

ჟურნალისტი დაინტერესდა, იზიარებს თუ არა აქციის დაშლასთან დაკავშირებით მინისტრის მოსაზრებას ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ქვეყნის არაფორმალური ლიდერი, მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.

„ნაწილობრივ იზიარებს, ნაწილობრივ – არა. ის, რომ ეს იყო ლეგიტიმური პასუხი, ის თანახმაა. მაგრამ ისიც ხედავს ძალის გადამეტების ფაქტებს, რომელიც აუცილებლად გამოსაძიებელია“, – განაცხადა გახარიამ.

________________________

ასეთი პლაკატები უჭირავთ ხელში მიტინგზე, სადაც გახარიას გადადგომას ითხოვენ. დახუჭული თვალები იმ ადამიანებს განასახიერებენ, რომლებმაც რეზინის ტყვიებით მიტინგის დაშლისას თვალები დაკარგეს

მინისტრის ინტერვიუმ დიდი კრიტიკა დაიმსახურა ფეისბუკზე. 

„ის რომ პინოქიო ყოფილიყო, რეზინის ტყვიების გარეშეც, ცხვირით გამოგვთხრიდა თვალებს“, – დაწერა ერთ-ერთმა მომხმარებელმა.

როდესაც მინისტრი „ტვ პირველის“ სტუდიიდან გავიდა, მას უსტვენდნენ ადამიანები, რომლებიც შენობასთან იდგნენ და აქციის დასრულებას ელოდებოდნენ.

მინისტრის ინტერვიუს დიდ ეკრანზე უყურებდნენ საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც ასევე უსტვენდნენ და სკანდირებდნენ – „წადი“, „მატყუარა“, „სისხლისმსმელი“.

მათი აზრით, ყველაზე დიდი სიცრუე, რომელიც მინისტრმა თქვა, იყო ის, თითქოს, პოლიციამ დაშლამდე გააფრთხილა მომიტინგეები.

„ასეთი რამე არ მომხდარა და ეს დამტკიცდება. ჩვენ ახალი ძალებით გავაგრძელებთ აქციებს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით და ამ ცინიკური ინტერვიუს შემდეგ, კიდევ უფრო მეტი ვიქნებით“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გამოცემა Forbes Georgia-ს რედაქტორმა შოთა დიღმელაშვილმა.

საპროტესტო აქციები თბილისში 20 ივნისს დაიწყო. ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, რათა გამოეხატათ თავიანთი ნეგატიური დამოკიდებულება საქართველოში რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებით, რომელიც თბილისში მართლმადიდებელთა საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ჩამოვიდა.

საქართველოს მოქალაქეების აღშფოთება გამოიწვია იმან, რომ ასამბლეა, რომელიც პარლამენტის შენობაში იმართებოდა, რუსულ ენაზე გახსნა გავრილოვმა, რომელიც ღიად უჭერს მხარს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. ამასთან, ის პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდა.

პარლამენტის შენობასთან ათასობით ადამიანი შეიკრიბა და ხელისუფლებას დაუსვა კითხვა: „როგორ გაბედა ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატმა საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომა?“.

21 ივნისს, გამთენიისას, პოლიციამ პარლამენტის წინ აქციაზე შეკრებილები რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით დაშალა. დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი, ორმა თვალი დაკარგა, ერთი ამ დრომდე ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული ტრავმის გამო, რომელიც რეზინის ტყვიის თავში მოხვედრით მიიღო.

21 ივნისს, დღისით, საქართველოს პარლამენტის სპიკერი ირაკლი კობახიძე თანამდებობიდან გადადგა. 24 ივნისს, ხელისუფლებამ მომიტინგეების კიდევ ერთი მოთხოვნა დააკმაყოფილა – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება.

ამ დროისთვის, უკვე სამ კვირაზე მეტია, აქციის მონაწილეების მთავარი და ერთადერთი მოთხოვნა შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაა.

20 ივნისიდან მოყოლებული, თბილისში პარლამენტის შენობასთან და სხვა ქალაქებში – ქუთაისში, გორსა და ბათუმში საპროტესტო აქციები იმართება. ოპოზიცია იმ ღამის მოვლენებს „სადამსჯელო ოპერაციას“ უწოდებს. პროტესტის მონაწილეები, ასევე, ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ პოლიციამ აქციის მონაწილეები არ გააფრთხილა ძალის გამოყენებამდე.

ამტკიცებენ, რომ პოლიცია დამიზნებით ესროდა მომიტინგეებს და, ამასთან, იყენებდა რეზინის ტყვიებს, რომლებიც განკუთვნილია დიდი ცხოველების მოსაგერიებლად. ამასობაში, გახარია აცხადებს, რომ პოლიცია ლეგიტიმურად მოქმედებდა, აღკვეთა პარლამენტის შენობაში შეჭრა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. ამას გარდა, პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით. 

თბილისში პროტესტი დაიწყო საქართველოში რუსული დელეგაციის ვიზიტის საპასუხოდ, რომელსაც რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის წევრი, სერგეი გავრილოვი ხელმძღვანელობდა.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ