მსხვერპლს საჯარო ბოდიში მოახდევინეს და სახე შარდით დააბანინეს. ორივე ფაქტის ამსახველი ვიდეო კი სოციალურ ქსელში გაავრცელეს." />

მარნეულის მერი მოქალაქის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დააკავეს

მსხვერპლს საჯარო ბოდიში მოახდევინეს და სახე შარდით დააბანინეს. ორივე ფაქტის ამსახველი ვიდეო კი სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი მოქალაქე ე.ა.-ს მიმართ ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე დააკავეს. საქმეზე გამოძიებას ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა აწარმოებს.

ამავე საქმეზე დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა საქართველოს პარლამენტის წევრის, პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის აზერ სულეიმანოვის, ასევე მარნეულის საკრებულოს წევრის, პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, რამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის ერთერთი ნათესავის მიმართ.

დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან” აზერ სულეიმანოვი უარყოფს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მანაც მიიღო მონაწილეობა მოქალაქის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში.

რა მოხდა?

მოქალაქე ე.ა., რომელმაც საქართველოს ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილსა და მარნეულის მერს, თემურ აბაზოვს აგინა, ძალადობის მსხვერპლი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მარნეულის სათემო რადიომ და სტუდია მონიტორმა 12 ივნისს გაავრცელა.

მოქალაქემ ივანიშვილსა და აბაზოვს რამდენიმე დღის წინ აქციაზე “ნუ მომკლავ”  საჯარო გამოსვლისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ვიდეო, სადაც ის იგინება სოციალურ ქსელში გავრცელდა.  მოგვიანებით მას ჯერ საჯარო ბოდიში მოახდევინეს და სახე შარდით დააბანინეს. ორივე ფაქტის ამსახველი ვიდეო კი ინტერნეტში გაავრცელეს. მოძალადეები ე.ა.-ს სთხოვდნენ დაესახელებინა მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” საარჩევნო ნომერი 41.

როგორც ქართულ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მოქალაქის “დასჯის” დავალება მარნეულის მერმა, თემურ აბაზოვმა გასცა და “ქართული ოცნების” ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად თავადაც იყო ჩართული ამ პროცესში. თუმცა თავად თემურ აბაზოვი ამ ფაქტს უარყოფს.

„ამ განცხადებასთან დაკავშირებით საქმის კურსში არ ვარ. ვიდეო არ მინახავს. ამ ადამიანს არ ვიცნობ. მიხარია, რომ არც გამიგია და არც მინახავს თუ ესეთი შემთხვევა და ფაქტი მოხდა. ვიდეოს ნახვა ჩემთვის სასიამოვნო არ იქნება”, – თქვა თემურ აბაზოვმა “სტუდია მონიტორთან” საუბრისას.

ძალადობა მარნეულში

მოქალაქე, რომელმაც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს აგინა, ძალადობის მსხვერპლი გახდა. გავრცელდა ვიდეოები, სადაც ეს მოქალაქე ბოდიშს იხდის და სახეზე სავარაუდოდ შარდს ისვამს

Posted by სტუდია მონიტორი on 2018 წლის 12 ივნისი, სამშაბათი

ჟურნალისტებმა ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთან შეხვედრა ვერ მოახერხეს. ის პოლიციელებმა სამმართველოში გადაიყვანეს და ჟურნალისტებთან საუბრის საშუალება არ მისცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლით აღძრა, რაც  დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს. თუმცა საქმეს ამჟამად ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა იძიებს.


ასევე წაიკითხეთ