მიხეილ სააკაშვილს კანდიდატად თუ არ დაარეგისტრირებენ, ის სასამართლოს მიმართავს" />

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინაში დეპუტატობას აპირებს

მიხეილ სააკაშვილს კანდიდატად თუ არ დაარეგისტრირებენ, ის სასამართლოს მიმართავს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, პარტიის „ახალი ძალების მოძრაობა“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი აპირებს, მონაწილეობა მიიღოს უკრაინაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 21 ივლისს ჩატარდება. როგორც „ჰრომადსკოე“ იუწყება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან მისი კანდიდატურის დარეგისტრირებაზე უარის შემთხვევაში, ის სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს.13 ივნისს სააკაშვილმა წარადგინა თავისი პარტიის სია, რომელშიც ის პირველ ნომრად შევიდა.

.•  ოთხი განსხვავება „ქართველ“ და „უკრაინელ“ სააკაშვილს შორის

კანონის მიხედვით, დეპუტატად კენჭის ყრა უკრაინის მხოლოდ იმ მოქალაქეებს შეუძლიათ, რომლებიც არჩევნების წინ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მუდმივად უკრაინის ტერიტორიაზე  ცხოვრობდნენ. როგორც ცნობილია, სააკაშვილი უკრაინაში არ იმყოფებოდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა პოროშენკომ მას მოქალაქეობა ჩამოართვა და ქვეყნიდან გააძევა (2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის მაისამდე).

მიხეილ სააკაშვილი კიევის აეროპორტში უკრაინაში დაბრუნებისთანავე. 29 მაისი 2019. REUTERS/Gleb Garanich

სააკაშვილი ფიქრობს, რომ მისი არყოფნა შეიძლება იძულებით მდგომარეობად შეფასდეს, რადგან ამას საპატიო მიზეზი ჰქონდა. შესაბამისად, მას ეს რადაში მოხვედრისთვის წინააღმდეგობად არ მიაჩნია.  

„უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავისი წინამორბედის ბრძანებულება გააუქმა და აღიარა, რომ ეს უკანონო იყო. თუკი ეს უკანონო იყო, მაშინ ჩემი არყოფნაც უკანონოა. და თუ ეს უკანონოა, ესე იგი საპატიოა. ანუ, თუკი ცენტრალური საარჩევნო კომისია არ დამარეგისტრირებს, იმედი მაქვს, რომ ამ საკითხს სასამართლო გადაჭრის“, თქვა მან.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინაში 29 მაისს მას შემდეგ დაბრუნდა, რაც უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მას უკრაინის მოქალაქეობა აღუდგინა.

საქართველოს პრეზიდენტს უკრაინის მოქალაქეობა უკრაინის ექს-პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 2015 წელს მიანიჭა,როდესაც სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა. 2016 წლის ბოლოს სააკაშვილი გადადგა და პოროშენკო კორუფციასა და რეფორმების გატარების სურვილის არქონაში დაადანაშაულა.

 

სააკაშვილმა ოპოზიციაში გადასვლისა და საკუთარი პარტიის შექმნის თაობაზე განაცხადა. 2017 წლის ივლისში პრეზიდენტმა პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. ასეთი გადაწყვეტილების მიზეზად ის იქცა, რომ თითქოს სააკაშვილმა მოქალაქეობის მიღების დროს საქართველოში მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების შესახებ ინფორმაცია დამალა.

 

2018 წლის თებერვალში მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან პოლონეთში იქნა დეპორტირებული.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ