მოსკოვი კვლავ განაგრძობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ანექსიას, აცხადებენ თბილისში" />

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალსა და მოსკოვს შორის დადებულ სამხედრო შეთანხმებას გამოეხმაურა

მოსკოვი კვლავ განაგრძობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ანექსიას, აცხადებენ თბილისში

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის დუმის მიერ სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის დადებული სამხედრო შეთანხმების რატიფიცირებას.

დოკუმენტი, რომლის რატიფიცირებაც რუსეთის დუმაში 24 იანვარს მოხდა, სამხრეთ ოსეთის სამხედრო დანაყოფების რუსეთის შეიარაღებულ ძალების შემადგენლობაში შესვლას უზრუნველყოფს.

„ეს დოკუმენტი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისაკენ მიმართული მორიგი უკანონო ქმედებაა რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რაც სრულად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 24 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებას ამახვილებს, რომ მოსკოვი კვლავაც უხეშად არღვევს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ასევე – უარს აცხადებს, აიღოს და შეასრულოს ვალდებულება ძალის არგამოყენების შესახებ და მიზანმიმართულად უშლის ხელს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას.

„მსგავსი პროვოკაციული ნაბიჯებით რუსეთის ფედერაცია ცდილობს, ხელი შეუშალოს კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევას. მეტიც, რუსეთის ქმედებები ზიანს აყენებს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას და მიმართულია მთელს რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციისაკენ“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, „სათანადოდ შეაფასოს რუსეთის შორს მიმავალი აგრესიული პოლიტიკა და ქმედითი ზომები მიიღოს, რათა წინ აღუდგეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე უკანონო პროცესებს“.

შეთანხმებას, რომელიც დუმაში რატიფიცირებაზე რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნიკოლაი პანკოვმა წარადგინა, 2017 წლის 31 მარტს მოსკოვში მოეწერა ხელი. ცხინვალის პარლამენტმა მისი რატიფიცირება 2017 წლის 12 ივლისს მოახდინა. შეთანხმების მიზანია სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლების მიერ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში, კერძოდ კი სეპარატისტული რეგიონის ტერიტორიაზე დისლოცირებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე სამხედრო სამსახურის გავლის საკითხების რეგულირება.

რუსეთის დუმაში დოკუმენტი ერთხმად იქნა მიღებული და მას 411 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო.


ასევე წაიკითხეთ