კვირიკაშვილი ასევე ამბობს, რომ საქართველო აპირებს შერიგების პოლიტიკის შესახებ „ძალიან საინტერესო პაკეტის“ წარდგენას" />

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჟენევის ფორმატის გაფართოების ინიციატივით გამოდის

კვირიკაშვილი ასევე ამბობს, რომ საქართველო აპირებს შერიგების პოლიტიკის შესახებ „ძალიან საინტერესო პაკეტის“ წარდგენას

ფოტო: REUTERS/დავით მძინარიშვილი

“საქართველოს მთავრობას სურს აქტიურად ჩაერთოს ჟენევის და აბაშიძე-კარასინის ფორმატებში და აპირებს შერიგების პოლიტიკის შესახებ „ძალიან საინტერესო პაკეტის“ წარდგენას, რომელიც სავაჭრო მექანიზმების ხელშეწყობასაც ითვალისწინებს”, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრის დროს გააკეთა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანას „აქტიური საუბარი“ აქვს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა „მოხდეს ჟენევის დისკუსიის ფორმატის მნიშვნელოვანი გააქტიურება, წარმომადგენლობითი დონის აწევა ამ ფორმატში და მანდატის გაფართოება, რათა ამ ფორმატზე შესაძლებელი გახდეს კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების გზების განხილვაც“.

პრემიერის თქმით, საქართველოს სურვილია, რომ ჟენევაში მონაწილე პოლიტიკოსების დონეც აიწიოს. მისი თქმით, ის თავადაც მზადაა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს: „მინისტრის მოადგილის დონიდან უნდა გადავიდეთ მინიმუმ მინისტრის დონეზე და მე მზად ვარ, პრემიერ-მინისტრის დონეზეც გადავიდეთ და პირადად ჩავერთვები აუცილებლად ამ ფორმატის საქმიანობაში“.

„ამის გარდა,  მზად ვართ და ჩვენი მოთხოვნა და თხოვნაცაა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიმართ, რომ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მანდატიდან გავფართოვდეთ და კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტის ფორმატის, ასე ვთქვათ,  ფუნქციაც და მანდატიც მივანიჭოთ ამ ფორმატს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ „რუსეთის ქმედებები დღეს ამის იმედს არ იძლევა”.

“მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენი მხრიდან უნდა იყოს კონსტრუქციული მიდგომა და ჩვენ ამ კონსტრუქციულ მიდგომას ნაბიჯ-ნაბიჯ ვახორციელებთ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

• 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის შეწყდა ყველანაირი პირდაპირი დიალოგი და შეიქმნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი. აღნიშნული დისკუსიების ჩამოყალიბების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად. მას შემდეგ წელიწადში ტარდება 4 რაუნდი. საქართველოსა და რუსეთის გარდა, ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებენ აშშ-ს წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთოს, ევროკავშივშირის და გაეროს მხრიდან. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები.  ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში; პირველში განიხილავენ უსაფრთხოების საკითხებს (მაგალითად, რუსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა), ხოლო მეორეში – იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი, ასევე სხვა ჰუმანიტარული საკითხები (მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა). კონფლიქტის პოლიტიკურ ასპექტებს  ჟენევის ფორმატი არ ეხება. 

• “ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლებაში მოსვლისთანავე თავის პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგება გამოაცხადა. 2013 წელს აღდგა საქართველორუსეთის პირდაპირი დიალოგი. საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის წარმომადგენლის თანამდებობა დააწესა და ამ პოსტზე დიპლომატი ზურაბ აბაშიძე დანიშნა, რომელსაც რუსეთში ელჩად მუშაობის გამოცდილება ჰქონდა.  შეიქმნა რუსეთთან პირისპირ მოლაპარეკების ახალი ფორმატი – ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების სახით. მათ ამოცანად ეკონომიკის, კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში ურთიერთობის აღდგენა განისაზღვრა.   კარასინ-აბაშიძის ფოტმატის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე, 2013 წელს აღდგა ქართული პროდუქციის – ხილის, ბოსტნეულის, ღვინის და მინერალური წყლების ექსპორტი რუსეთში. ასევე, განახლდა საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული ავიარეისები. 

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო.


ასევე წაიკითხეთ