პრეზიდენტი თევზის ფერმაში, დისკუსია ქართულ ენასა და ორმაგ მოქალაქეობაზე" />

საქართველოს პრეზიდენტის ორი დღე ჯავახეთში, სომხურ მოსახლეობასთან

პრეზიდენტი თევზის ფერმაში, დისკუსია ქართულ ენასა და ორმაგ მოქალაქეობაზე

ვიზიტი თევზის ფერმაში; დისკუსია ქართული ენის ცოდნის მნიშვნელობაზე და საქართველოს მოქალაქეობის სომხურ მოქალაქეობასთან შეთავსების შესაძლებლობა; გაკვეთილი ხელოვნების სკოლაში; ლოცვა სურბ-ხაჩის ეკლესიასა და დედათა მონასტერში – ეს იყო საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ძირითადი გაჩერების პუნქტები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მისი ორდღიანი ვიზიტის დროს.

სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონებში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობს სომხური საზოგადოება და ეს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მისი პირველი ვიზიტი იყო ამ რეგიონში.

ფოტო: აღუნიკ აივაზიანი

წინა ჯერზე სალომე ზურაბიშვილი აქ 2018 წლის ოქტომბერში, ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატის რანგში ჩავიდა. მაშინ მის მიერ სომხურ მოსახლეობასთან შეხვედრისას გაკეთებულ განცხადებებს თბილისში ბევრი აღშფოთებული კომენტარი მოჰყვა. ადგილობრივი სომეხი ამომრჩევლის მხარდაჭერის მოსაპოვებლად მომავალმა პრეზიდენტმა არაკორექტულად მოიხსენია თურქები.

• სალომე ზურაბიშვილს ნინოწმინდაში ნათქვამის გამო ეთნიკური შუღლის გაღვივებაში ადანაშაულებენ

სალომე ზურაბიშვილმა ვიზიტი 13 აპრილს, რეგიონში ცნობილი თევზის მეურნეობის მონახულებით დაიწყო. მისმა მეპატრონემ, არმენ ხაჩატრიანმა პრეზიდენტს აჩვენა, როგორ არის თევზის გაზრდის პროცესი მოწყობილი, ამის შემდეგ კი ის და ყველა სტუმარი კალმახისა და ხიზილალის დასაგემოვნებლად მიიპატიჟა.

ვიზიტის შემდეგი დღე ქართულ ენას მიეძღვნა. ზურაბიშვილი ადგილობრივ ქართულ სკოლაში იმყოფებოდა, სადაც რეგიონის მცხოვრებლების მიერ ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის ცოდნის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ენა – მთავარი კარია ურთიერთობებში, კულტურაში, სახელმწიფოს გაძლიერებაში. მე პასუხისმგებელი ვარ იმაზე, რომ ქართული ენა ამ ქვეყანაში ნამდვილ სახელმწიფო ენად იქცეს, თითოეული მოქალაქის ენად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

• სომხური ენა საქართველოში: სახელმწიფო ენის სტატუსის მომხრეები და მოწინააღმდეგეები

პრეზიდენტმა ასევე გაიხსენა 2018 წლის ზაფხულში კანონმდებლობაში შეტანილ მნიშვნელოვან შესწორებებზე, რომელმაც საქართველოს დაკარგული მოქალაქეობის აღდგენა გაამარტივა და თქვა, რომ „სახელმწიფომ მოსახლეობის მოთხოვნებზე შემხვედრი ნაბიჯები გადადგა და ახლა მოსახლეობისგან ელოდება საპასუხო ნაბიჯებს, კერძოდ, ქართულ ენასთან დაკავშირებით“.

ათასობით ადგილობრივი მცხოვრებისთვის ეს შესწორება გახდა გამოსავალი ძალიან რთული სიტუაციიდან. უმუშევრობის მაღალი დონე ადგილობრივებს აიძულებს, რუსეთში წავიდნენ და იქ იმუშაონ, სადაც რუსეთის მოქალაქეობას იღებენ. ასევე, ბევრი იღებს სომხეთის მოქალაქეობას, როგორც თავისი ისტორიული სამშობლოსი.

მაგრამ საქართველოში ორმაგი მოქალაქეობა აკრძალულია და მათ ყველამ დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა.

კანონში შეტანილი შესწორება მოქალაქეობის აღდგენის შესაძლებლობას იძლევა, ამასთან, ადამიანი არ კარგავს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას. ამის ერთ-ერთი პირობაა სახელმწიფო, ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელი ტესტის ჩაბარება.

„მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს ისე გაკეთების, რომ ჯავახეთის ყველა მცხოვრები საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქე გახდეს. მაგრამ ამისათვის აუცილებელია, რომ… თქვენც გადადგათ ეს ნაბიჯი… ისწავლოთ ენა იმ დონეზე, რომ ჩააბაროთ ეს პატარა გამოცდა, რომელიც საჭიროა მოქალაქეობის აღდგენისთვის. ეს ძირითადად სიმბოლური ტესტია, მაგრამ ძალიან ბევრს ნიშნავს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა თქვა, რომ „სახელმწიფო ძალ-ღონეს არ დაიშურებს და შეეცდება, ქართული უფრო ხელმისაწვდომი გახდეს, პირველ რიგში, ბავშვებისთვის“. მისი სიტყვებით, ერთ-ერთი ნაბიჯი იქნება ახალქალაქში ქართულენოვანი საბავშვო ბაღის გახსნა.

სალომე ზურაბიშვილმა ვიზიტის ფარგლებში მოინახულა რეგიონში პოპულარული სურბ-ხაჩის ეკლესია და შეხვდა მის წინამძღოლს, ტერ ეგიშე არუთინიანს.

ფოტო:აღუნიკ აივაზიანი

თბილისისკენ მომავალ უკანა გზაზე, პრეზიდენტმა რამდენიმე საათი გაატარა ფოკაში, წმინდა ნინოს მონასტერში.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ