მის შემცვლელად “ტრადიციულად” საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი დაინშნა - ოლიგარქ ივანიშვილის მშობლიური რაიონიდან " />

საქართველოს მთავრობიდან ყველაზე პოპულარული მინისტრი წავიდა

მის შემცვლელად “ტრადიციულად” საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი დაინშნა - ოლიგარქ ივანიშვილის მშობლიური რაიონიდან

ეკატერინე ტიკარაძე. ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე “უხუცესი” წევრი – ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გადადგა. იგი ამ თანამდებობას 2012 წლიდან იკავებდა.

ცვლილების შესახებ 18 ივნისს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომელმაც ახალი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე წარადგინა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრის წარდგენას ყოფილი მინისტრიც ესწრებოდა, რომელიც ამიერიდან პრემიერის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს.

ჯანდაცვის ახალი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, მინისტრად დანიშვნამდე საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი იყო. ეს ის კლინიკაა, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერის ბიძინა ივანიშვლის მშობლიური რაიონში მდებარეობს და მრავალი წლის განმავლობაში მისი პატრონაჟით მუშაობს.

იგივე თანამდებობას მინისტრად დანიშვნამდე დავით სერგეენკოც იკავებდა.

ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ  მისი მიზანი იქნება, რეგიონში ყველაზე წარმატებული და ადამიანზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემა ჩამოყალიბდეს.

მთავარ მიმართულებებს შორის მან პაციენტის უფლებების დაცვა, მკურნალობის ხარისხი, ხარისხიანი მედიკამენტების მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომობა, ასევე დევნილების  მდგომარეობასთან და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები დაასახელა.

რატომ გადადგა მინისტრი?

როგორც სერგეენკომ პრემიერმინისტრსა და ჯანდაცვის ახალ მინისტრთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, თავად სთხოვა მამუკა ბახტაძეს, რომ უწყების ხელმძღვანელის ცვლილების საკითხი განეხილა, რადგან დარწმუნებულია, ამით რეფორმები კიდევ უფრო წარმატებული იქნება.

წლების განმავლობაში დავით სერგეენკო ქართიული ოცნების  მთავრობაში ყველაზე პოპულარული მინისტრი იყო. მიმდინარე წლის მაისში გამოქვეყნებული NDI-ის გამოკითხვის შედეგების თანახმად, პოლიტიკოსების მიმართ განწყობის რეიტინგში ის 40 პროცენტით თბილისის მერთან კახა კალაძესთან ერთად ლიდერობდა.

თუმცა, ოპოზიცია მის სახელს ჯანდაცვაში არსებულ პრობლემებს და შესაძლო კორუფციას უკავშირებს. ოპოზიციური პარტიის “ნაციონალური მოძრაობის” წევრის თინა ბოკუჩავას თქმით, სერგეენკოს შესახებ კორუფციულ სქემებში მონაწილეობის ეჭვი არსებობს . ახალი კანდიდატის ვინაობა კი, მისი აზრით, ბიძინა ივანიშვილის მართვის სტილს კიდევ უფრო უსვამს ხაზს.

“ივანიშვილმა საკუთარი ექიმი ახლა ჩაანაცვლა საკუთარი სტომატოლოგით, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ეს ადამიანი ქვეყანას არ უყურებს როგორც სახელმწიფოს, არამედ როგორც თავის პირად პროექტს, სადაც შეუძლია საკუთარი გარემოცვა დანიშნოს და მოხსნას ისე, რომ არ გაითვალისწინოს ქვეყნის ინტერესები,“– აცხადებს თინა ბოკუჩავა.

პარტია “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი ჯანდაცვის მინისტრის გადაყენებას “ჩავარდნილ” ჯანდაცვის რეფორმას უკავშირებს.

“როგორც ჩანს, ჩავარდნილი რეფორმის ფონზე სურთ სერგეენკოს შეაწმინდონ ხელები. როგორც ჩანს მიდის კულუარული ბრძოლები. ფაქტია, რომ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი ვერ აიცილებენ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც ხდება ჯანდაცვაში,“- აცხადებს სერგო რატიანი.

ჯანდაცვის სამინისტრო, რომელიც საკუთარ ფუნქციებში ასევე შრომის, სოციალური დაცვისა და დევნილთა საკითხების მართვას  აერთიანებს, ქვეყნის ყველაზე “მდიდარი” უწყებაა. მისი ბიუჯეტი 3,8 მილიარდ ლარს აღემატება (ეს უფრო მეტია, ვიდრე მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტი 2007 წლამდე).  

ივანიშვილის პირადი გარემოცვა – სახელმწიფო კადრების სამჭედლო

საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი ეკატერინე ტიკარაძე მორიგი კადრი გახდა იმ ადამიანთა რიცხვიდან, რომლებიც სახელმწიფო თანამდებობაზე მილიარდერთან დაკავშირებული სტრუქტურებიდან მოხვდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამჟამად ვახტანგ გომელაური ხელძღვანელობს, რომელიც 2012 წლამდე ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსი იყო.

საქართველოს მთავრი პროკურორი შალვა თადუმაძე კი მილიარდერის პირადი ადვოკატი იყო.

პარტია ქართული ოცნების პოლიტიკური მდივანი, ყოფილი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი სახელმწიფო სამსახურში მოსვლამდე იყო ივანიშვილის კუთვნილი ბანკი “ქართუს” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ