სხვადასხვა კონფლიქტების შედეგად ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულია 2 ათას 300-ზე მეტი ადამიანია" />

საქართველოს მთავრობა კომისიას ქმნის, რომელმაც კონფლიქტების დროს დაკარგულები უნდა მოიძიოს

სხვადასხვა კონფლიქტების შედეგად ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულია 2 ათას 300-ზე მეტი ადამიანია

მთავრობის სხდომა

საქართველოს მთავრობამ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული შეიარაღებული კონფლიქტების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათშორისი კომისია შექმნა.

როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, კომისიის მთავარი ამოცანა იქნება დაადგინოს სხვადასხვა კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 2 ათას 300 ადამიანის ადგილსამყოფელი თუ სამარხი.

• 26 წელი სოხუმის დაცემიდან. ფოტოარქივი

ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება: 1,6 მილიონი ევრო ჩეჩნეთსა და ინგუშეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებს

ციხელაშვილის თქმით, კომისიაში ათი სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები შევლენ და “ინტენსიურად და კოორდინირებულად იმუშავებენ”. აღნიშნული გადაწყვეტილება 24 ოქტომბერს, მთავრობის სხდომაზე  მიიღეს. უკვე არსებობს მთავრობის შესაბამისი დადგენილება.

1990-იანი წლებიდან საქართველოში სამი მწვავე შეიარაღებული კონფლიქტი იყო: კონფლიქტი სამხრეთ ოსეთში (1990-1992 წლები), აფხაზეთის ომი (1992-1993 წლები ) და 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომი. საერთო ჯამში, ოფიციალური მონაცემებით, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 2300-მდე ადამიანი.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესი საქართველოში წითელი ჯვარი ეგიდით მიმდინარეობს უკვე ცხრა წელია.

2010 წელს წითელი ჯვრის ეგიდით შეიქმნა ორი მექანიზმი: ორმხრივი (ქართულ-აფხაზური) და სამმხრივი (ქართულ- რუსულ ოსური). ეს ჯგუფები კონფლიქტის შედეგად უგზო–უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებს სწავლობენ. სწორედ ამ მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა ბაბუშერას ძმათა სასაფლაოს გახსნა და ცხედრების ექსჰუმაცია.

2010 წლიდან დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგული 325 ადამიანის ნეშტი მოიძიეს, რომელთაგან 178 ამოცნობილია და დაუბრუნდა ოჯახებს. დანარჩენი ნეშტების ამოცნობის პროცესი კვლავ მიმდინარეობს.

წითელი ჯვრის აღნიშნული პროექტის ერთი ფაზა 2021 წელს სრულდება და ჯერჯერობით გაურკვეველია, რა იქნება შემდგომ. ციხელაშვილი აცხადებს, რომ სწორედ ეს პერიოდი უნდა გამოიყენოს საქართველოს მთავრობამ მაქსიმალურად:

 “ჩვენ უნდა შევძლოთ ძალიან ინტენსიურად და მაქსიმალურად კოორდინირებულად პროცესის წარმართვა, მით უფრო, წითელი ჯვრის მიმდინარე პროექტის ფაზა 2021 წლის ბოლომდე გრძელდება და გვინდა, ეს პერიოდი გამოვიყენოთ მაქსიმალურად. პროცესი მიდის, თუმცა 2300 ადამიანი კვლავ რჩება უგზო-უკვლოდ დაკარგულად, რაც არის ძალიან დიდი ციფრი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვალდებულად ვთვლით თავს, რომ კიდევ უფრო ეფექტური გახდეს ჩვენი მუშაობა, რა თქმა უნდა, წითელ ჯვართან ერთად, რომელიც ძალიან დიდ როლს თამაშობს ამ პროცესში,” – განაცხადა ციხელაშვილმა. 

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის “მხოლოდ ჰუმანიტარული პროცესი, რომელიც ემსახურება დაკარგული პირების ბედის დადგენას”.

“ყველას მოვუწოდებთ, ვისაც რაიმე სახის ინფორმაცია გააჩნია შეირაღებული კონფლიქტების დროს უგზო-უკვალოდ დაკარგულთა ადგილსამყოფელის შესახებ ან თავად ჰყავს ასეთი ოჯახის წევრი და ჯერ არ განუცხადებია, მიმართოს კომისიას“, – განაცხადა მინისტრმა.


ასევე წაიკითხეთ