გიორგი კვირიკაშვილმა და ვოლოდიმირ გროისმანმა ევროკავშირთან დაახლოებასა და რუსულ აგრესიაზე ისაუბრეს " />

საქართველოსა და უკრაინას შორის მიმოსვლა შესაძლოა მხოლოდ ID ბარათებით იყოს შესაძლებელი

გიორგი კვირიკაშვილმა და ვოლოდიმირ გროისმანმა ევროკავშირთან დაახლოებასა და რუსულ აგრესიაზე ისაუბრეს

REUTERS/David Mdzinarishvili, 2014

უკრაინისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა 27 ნოემბერს შეხვედრისას ორი ქვეყნის მოქალაქეებისათვის მოგზაურობის გამარტივებაზე ისაუბრეს. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმირ გროისმანმა სურვილი გამოთქვა, რომ საზღვრის კვეთა ID ბარათებით გახდეს შესაძლებელი.

„ჩვენ უნდა გავამარტივოთ მოგზაურობა ჩვენს ქვეყნებს შორის, ჩვენი მოქალაქეებისთვის. ვიცით, რომ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები დაინტერესებულნი არიან ჩვენს ქვეყნებში სტუმრობით და დღეს ჩვენ გამოვთქვით დიალოგის დაწყების სურვილი ID ბარათების აღიარებასთან დაკავშირებით, რათა ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენს ქვეყნებში მიმოსვლა უფრო მოხერხებული გახდეს”, – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერმინისტრების შეხვედრა თბილისში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა განცხადებები გააკეთეს.

გროისმანმა აღნიშნა, რომ დღეს უკრაინული ბიზნესი ძალიან დაინტერესებულია საქართველოს ეკონომიკური ცხოვრებით და პირიქით. მისი თქმით, ამ მიმართულებით თანამშრომლობა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

საქართველოს პრემიერმა მხარი დაუჭირა უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ სასზღვრებში. მან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპაციაზეც ისაუბრა და საქართველოში რუსეთის აგრესიის გაგრძელება უწოდა.

“მკაცრად ვგმობთ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის ოკუპაციასა და ანექსიას ისევე, როგორც რუსეთის ფედერაციის აგრესიულ და უკანონო ქმედებებს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში.

უკრაინაში რუსეთის უკანონო ქმედებები წარმოადგენს საქართველოში განხორციელებული აგრესიის გაგრძელებას, რასაც 2008 წლის აგვისტოში ჰქონდა ადგილი და რომლის შედეგადაც, ოკუპირებულია საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონები”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერმა ორი ქვეყნის დასავლურ კურსზეც ისაუბრა. კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს და უკრაინას ერთი მიზანი აერთიანებთ, გახდნენ ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი წევრები. კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა 3 დღის წინ ჩატარებულ “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტს, სადაც უკრაინამ და საქართველომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად მიიღეს დეკლარაცია, რომელიც მომავალზე და პრაქტიკულ შედეგებზეა ორიენტირებული, რაც ორი ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებას უზრუნველყოფს.

ჩვენს ქვეყნებს ერთი მიზანი აერთიანებთ, გავხდეთ ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი წევრები.


ასევე წაიკითხეთ