მოთხოვნა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გააგზავნა" />

საქართველომ უკრაინას სააკაშვილის ექსტრადირების თხოვნით მიმართა

მოთხოვნა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გააგზავნა

უკრაინამ საქართველოსგან, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძებნის, დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნა მიიღო.

ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე განაცხადა  უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ სერგეი პეტუხოვმა.

პეტუხოვის თქმით, “უკრაინამ მოთხოვნა მიიღო მიხეილ სააკაშვილის ძებნაზე, დაკავებასა და ექსტრადირებაზე. საქართველოს მთავარი პროკურატურის მოთხოვნა გამოგზავნილია უკრაინის იუსტიციის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურისთვის”.

როგორც პეტუხოვმა ბრიფინგზე აღნიშნა, “2014 წლის 2 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად განსაზღვრულია პატიმრობა. 2014 წლის 4 აგვისტოს საქართველოს პროკურატურამ მასზე ძებნა გამოაცხადა”.

მისი თქმით, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ უკრაინული მხარისთვის გაგზავნილ მოთხოვნაში არის გარანტიები იმისა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე არ არის პოლიტიკურად მოტივირებული, რომ სააკაშვილი არ იქნება პასუხისგებაში მიცემული იმ საქმეების გამო, რომლებიც მოთხოვნაში არ არის ჩამოთვლილი და რომ მას არ გადასცემენ მესამე სახელმწიფოს უკრაინის თანხმობის გარეშე.

კონკრეტულად რა გარანტიებზეა საუბარი, პეტუხოვს არ უთქვამს.

უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ საქართველოდან გამოგზავნილი მოთხოვნა უკვე გადასცა გენერალურ პროკურატურას ექსტრადიციული შემოწმების გასავლელად.

— საქართველოში ექსტრადიციის შემთხვევაში, საქართველოს ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სისხლის სამართლებრივი დევნა ელის. მის წინააღმდეგ რამდენიმე საქმეა აღძრული. სააკაშვილს უფლებამოსილების გადამეტებაში, საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში, 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციის აქციის დარბევასა და ტელეკომპანია “იმედში” შეჭრაში ადანაშაულებენ. სააკაშვილია ასევე დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეების ფიგურანტი. 2014 წლის 2 აგვისტოს სასამართლომ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიებად დაუსწრებლად შეუფარდა წინასწარი ორთვიანი პატიმრობა.

— თავად სააკაშვილი მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ დევნას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს.

— საქართველოს ექს-პრეზიდენტს, ოდესის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 26 ივნისს ჩამოართვა.

— 17 აგვისტოს სააკაშვილმა თქვა, რომ 10 სექტემბერს უკრაინაში დაბრუნებას აპირებს.  ამის შესახებ მან  Facebook-ზე, პირდაპირი ტრანსლაციის დროს განაცხადა. სააკაშვილმაის თქმით, ის უკრაინაში პოლონეთიდან, გამშვები პუნქტი „კრაკოვეციდან“  ლვოვის ოლქში შევა.


ასევე წაიკითხეთ