ეს უკვე მესამე სახელმწიფოთაშორისი სარჩელია, რომელიც საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში შეიტანა" />

საქართველომ სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ ორი საჩივარი შეიტანა

ეს უკვე მესამე სახელმწიფოთაშორისი სარჩელია, რომელიც საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში შეიტანა

საპროტესტო აქცია რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის წინააღმდეგ თბილისში, აგვისტოს ომის 10 წლის თავზე. 7 აგვისტო, 2018. REUTERS/ დავით მძინარიშვილი

ორი ახალი საჩივარი შევიდა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოდან. ორივე საჩივარი რუსეთის წინააღმდეგაა.

პირველი სარჩელი სახელმწიფოთაშორისია – საქართველო უპირისპირდება რუსეთს. მეორე სარჩელი კი ინდივიდუალურია –  არჩილ ტატუნაშვილის მშობლები, გიორგი და რუსუდან ტატუნაშვილები ჩივიან რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ.

_______________________

იუსტიციის სამინისტროს საჩივარი “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ”

სახელმწიფოთაშორისი სარჩელი, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა და რომელსაც “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ჰქვია”, ეხება “რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა 2008 წლის ომის შემდეგ და კრიტიკულ ზღვარს მიაღწია მიმდინარე წლის თებერვალში არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის დროს,” – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს მოთხოვნაა, რომ ევროპულმა სასამართლომ დაადგინოს რუსეთის პასუხისმგებლობა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევაში. კერძოდ – ოკუპაციით, მავთულხლართების გაბმითა და საქართველოს მოსახლეობის მიმართ წარმოებული მიზანმიმართული კამპანიით, რუსეთი არღვევს ევროპული კონვენციის ისეთ მუხლებს, როგორიცაა: სიცოცხლის უფლება, წამების აკრძალვა, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, ასევე საკუთრების უფლებას, განათლების უფლებას და მიმოსვლის თავისუფლებას.

იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს დარღვევები კიდევ უფრო მძიმდება იმის გამო, რომ აქვს დისკრიმინაციული მოტივი და  “მიზნად ისახავს ეთნიკური ქართველების  შევიწროებასა და დაშინებას, რათა ხელი შეუშალოს საქართველოს მოსახლეობის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაბრუნებას”.

იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ სარჩელთან ერთად სტრასბურგში არაერთი მტკიცებულებაც გადაიგზავნა.

არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის საქმეებს სარჩელში ცენტრალური ადგილი უჭირავთ. სარჩელში აღნიშნულია, რომ ამ საქმეებში პასუხისმგებელი პირების ნაწილი უკვე გამოიკვეთა, თუმცა საქართველოს არ აქვს საშუალება პასუხისგებაში მისცეს დამნაშავეები.

გიგა ოთხოზორია, არჩილ ტატუნაშვილი

•   არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს მოქალაქე, რომელიც ცხინვალში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

 

•   გიგა ოთხოზორიასაქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოსა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან აფხაზმა მესაზღვრემ მოკლა. გიგა ოთხოზორიას ოჯახის ინდივიდუალური სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ უკვე შეტანილია სტრასბურგის სასამართლოში. 

 

•   დავით ბაშარული – 19 წლის დავით ბაშარული 2014 წლის ივნისში სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ახალგორის მილიციის თანამშრომლებმა განყოფილების შენობაში წაიყვანეს. მას შემდეგ ახალგაზრდას ოჯახის წევრები და ახლობლები უშედეგოდ ეძებდნენ. 5 იანვარს ის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.

 

•  მარტში საქართველოს პარლამენტმა, ე.წ. “მაგნიტსკის სიის” მსგავსი “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია” მიიღო. ამ ინიციატივის მთავარი მიზანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა. ვინაიდან, საქართველოს ხელისუფლებას არანაირი ბერკეტი არ გააჩნია ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეები დაიცვას, იდეის ავტორების აზრით, ოთხოზორია-ტატუნაშვილის “შავი სია” ამ სიტუაციიდან ერთგვარი გამოსავალი იქნებოდა. 

სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს არ მიეცა საშუალება გამოეძიებინა არჩილ ტატუნაშვილის საქმე. “დღემდე ვერ იქნა დათვალიერებული შემთხვევის ადგილი; ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლები, ფაქტობრივად, უარს აცხადებენ არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების, მობილური ტელეფონის და ტანსაცმლის გადმოცემაზე, რომელიც მას ეცვა წამების და გარდაცვალების მომენტში; ვერ ხერხდება იმ მოწმეთა გამოკითხვა, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე და ფლობენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას. ამასთან, დღემდე ვერ ხერხდება ბრალდებულების დაკავება, ვინაიდან იმყოფებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე”.

იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოძიების სრულყოფილად წარმართვას ხელს უშლის როგორც რუსეთის ფედერაცია, ისე მის მიერ კონტროლირებადი დე ფაქტო ორგანოები.

•   ეს მესამე სახელმწიფოთაშორისი დავაა, რომელსაც საქართველო რუსეთთან აწარმოებს სტრასბურგის სასამართლოში. პირველი დავა რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციას ეხებოდა. ამ საქმეზე გადაწყვეტილება უკვე ცნობილია და ეს საქმე საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.

•   მეორე დავა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხება, გადაწყვეტილების გამოცხადებას ელის.

არჩილ ტატუნაშვილის მშობლების საჩივარი

მეორე სარჩელი, რომლიც სტრასბურგის სასამართლომ საქართველოდან მიიღო, ინდივიდუალურია და მას ხელს აწერენ გიორგი და რუსუდან ტატუნაშვილები – ცხინვალში, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის მშობლები.

საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. ტატუნაშვილი მეორე დღეს ცხინვალში, გაურკვეველ ვითარებაში, გარდაიცვალა. ოსურმა მხარემ გაავრცელა ვერსია, რომ 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი “23 თებერვლის ღამეს, ცხინვალის იზოლატორის კიბეზე დაგორდა და ცხინვალის საავადმყოფოში გულის უკმარისობით გარდაიცვალა”.

 

ამ ვერსიის არ სჯერა არც ოფიციალურ თბილისს და არც არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს. ამ ეჭვებს კონკრეტული გარემოებები ამყარებს: თითქმის ერთი განმავლობაში ცხინვალი უარს აცხადებდა ქართული მხარისთვის ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე. ცხედრის გადმოცემის შემდეგ, საქართველოში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ცხედარს შინაგანი ორგანოები ამოცლილი ჰქონდა. ასევე ექსპერტიზამ ცხედარზე წამების კვალიც ნახა. 

სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნი საჩივარი ცენტრმა „ემპათიამ“ არჩილ ტატუნაშვილის მშობლების სახელით მოამზადა. “რადიო თავისუფლებასთან” საუბარში ცენტრის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ საერთაშორისო სტანდარტით, წამებით მოკლული ადამიანის მშობლები განიხილებიან არა მხოლოდ როგორც დაღუპულის იურიდიული წარმომადგენლები, არამედ როგორც თავადაც წამების მსხვერპლნი. საჩივრის თანახმად, კომპენსაციად მოთხოვნილია 300 ათასი ევრო, თუმცა ეს საერთოდ არაფერს ნიშნავს ოჯახისთვის.

ცენტრ „ემპათიის“ მიერ მომზადებული საჩივარი რუსეთს ევროკონვენციის ხუთი მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს: სიცოცხლის უფლება, წამების აკრძალვა, თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება და სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება.

საჩივარში მთავარი მტკიცებულებაა კომისიური სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტთა ჯგუფმა მოამზადა.

დასკვნა მომზადებულია საერთაშორისო სტანდარტების – მათ შორის „სტამბოლის პროტოკოლისა“ და „მინესოტას პროტოკოლის“ – შესაბამისად. დასკვნის მომზადებაში ჩართული იყო ორი საერთაშორისო დონის ექსპერტი.

„ემპათიის“ დასკვნა პირდაპირ ადასტურებს, რომ არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში სასტიკად აწამეს და სწორედ ამან გამოიწვია მისი გარდაცვალება. შესაბამისად, ცენტრის წარმომადგენლებს სტრასბურგში გაგზავნილი საჩივრის საბოლოო წარმატებაში ეჭვი არ ეპარებათ.

რა დრო დასჭირდება სტრასბურგის სასამართლოს?

იმისთვის, რომ ამ საქმეების განხილვა დაიწყოს, ჯერ სტრასბურგის სასამართლომ საქართველოდან გაგზავნილი საჩივრები წარმოებაში უნდა მიიღოს. თუკი ეს მალე მოხდება, მაშინაც კი ვერავინ იტყვის ზუსტად, რა ვადები დასჭირდება საქმის არსებით განხილვას.

თუმცა, მსგავსი საქმეების გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ეს წლებზე გაწელილი პროცესია. მაგალითად, აგვისტოს ომთან დაკავშირებული სახელმწიფოთაშორისი საჩივარი საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა და მხოლოდ 10 წლის შემდეგ – 2018 წლის 23 მაისს გავიდა დიდი პალატა გადაწყვეტილების მისაღებად. გადაწყვეტილება ჯერ არ არის ცნობილი.

ასევე 8-9 წელიწადია განხილვას ელოდება აგვისტოს ომთან დაკავშირებული მრავალი ინდივიდუალური საჩივარი, რომელთა შორის არის საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის, შვილების სახელით გაგზავნილი საჩივარიც.

ცენტრ „ემპათიაში“ დარწმუნებული არიან, რომ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებული ინდივიდუალური საჩივრის წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოთშორისი საჩივარი, რომელიც სტრასბურგში იუსტიციის სამინისტრომ გაგზავნა.


ასევე წაიკითხეთ