მუხტარლის საქმე ანგრევს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს, ფიქრობენ თბილისში" />

თავისუფლება აფგანს! ქართველი ჟურნალისტები აზერბაიჯანელი კოლეგის მხარდასაჭერად აქციას მართავენ

მუხტარლის საქმე ანგრევს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს, ფიქრობენ თბილისში

აფგან მუხტარლის აზერბაიჯანის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მას აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლის დარღვევა ედება ბრალად – სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა და კონტრაბანდის (ფული) შეტანა.

ის სასამართლოს შენობასთან დღეს ექვსი საათისთვის მიიყვანეს:

აზერბაიჯანის ოფიციალური ვერსიით, მუხტარლიმ უკანონოდ გადაკვეთა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი.

იმავე  ვერსიას იმეორებენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი „მწვანე საზღვარზე“ დააკავეს ანუ იქ, “სადაც პასპორტი არ არის საჭირო” და არა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან. გომელაურის თქმით, შს სამინისტრომ დაიწყო გამოძიება და დეტალების გასარკვევად აზერბაიჯანულ მხარეს უკვე მიმართა.

ოპოზიციონერი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი თბილისის ცენტრიდან 29 მაისს საღამოს გაუჩინარდა. მას თან არ ჰქონდა პასპორტი. მოგვიანებით მუხტარლი ბაქოში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იპოვეს. ჟურნალისტი ჰყვება, რომ ის თბილისიდან გაიტაცეს.

რეაქცია აზერბაიჯანში

აფგან მუხტარლისთან დღეს ადვოკატი შეუშვეს და ის დაიკითხა.

დღეს დილიდან ბაქოში სასამართლოს შენობასთან მუხტარლის მეგობრები, ჟურნალისტები და აქტივისტები იყვნენ შეკრებილები და სასამართლოში მის მიყვანას ელოდნენ.

სასამართლომ მუხტარლის დღეს წაუყენა ბრალი და  აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

აზერბაიჯანული მხარის ოფიციალური ვერსიით, მუხტარლიმ თავად გადმოკვეთა საზღვარი ლაგოდეხი-ბალაკანის მონაკვეთზე, ე.წ. «მწვანე საზღვართან». აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ დაკავებისას მუხტარლის 10 ათასი ევრო აღმოაჩნდა.

ადვოკატის თქმით, მუხტარლის ფიზიკური ძალადობის კვალი ეტყობა.

პროსახელისუფლებო აზერბაიჯანული მედია წერს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ «როგორც იქნა, დააკავა ანტიაზერბაიჯანული მოძრაობის მთავარი ლიდერი და ქვეყნის მტერი». ოპოზიციური ვებგვერდებისმოსაზრებით,  ეს არის ზეწოლა იმ ჟურნალისტებზე, რომლებმაც ქვეყნის საზღვრები დატოვეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება მათ აფრთხილებს, რომ ისინი ვეღარც საქართველოში იქნებიან უსაფრთხოდ.

რეაქცია საქართველოში

თბილისში მთავრობის კანცელარიის შენობასთან დღეს აფგან მუხტარლის მხარდასაჭერად ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აქტივისტები შეიკრიბნენ. მათ ჟურნალისტის გაუჩინარების გამო ხელისუფლებისგან ინფორმაცია მოითხოვეს. აქციის ორგანიზატორი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იყო.

“ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს დაკავებულ აზერბაიჯანელ კოლეგას. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ საქართველოში არ არის დაცული ადამიანის უფლებები, წარმოუდგენელი ამბავი ხდება. ჩვენ ვითხოვთ ისეთი გამოძიების ჩატარებას, რომელიც არ დატოვებს კითხვებს და ბევრ კითხვას გასცემს პასუხს,” – განაცხადა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორმა, ნატა ძველიშვილმა.

დღესვე 10-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ სპეციალური წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ ბოლო დროს საქართველო სერიოზულ პრობლემებს უქმნის საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ აქტივისტებს და ჟურნალისტებს, რომლებიც აქ ალიევის ხელისუფლებასთან პრობლემების გამო ჩამოვიდნენ.

“ბოლო პერიოდში ფიქსირდება პრაქტიკა, როდესაც საქართველოს სახელმწიფო უარს აცხადებს ბინადრობის მოწმობების ან ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე. აღნიშნული პრაქტიკა აჩენს ეჭვებს აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ საქართველოს მთავრობის პოლიტიკურ ლოიალობაზე, რომელიც არსებით წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებთან და ადამიანის უფლებების დაცვის იდეასთან,” – ნათქვამია განცხადებაში.

მუხტარლის საქმეზე ხელისუფლებისგან პასუხს ითხოვს ოპოზიციაც.

“ყველა მსგავსი ფაქტი ანგრევს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს.  საქართველოს ხელისუფლების ვალდებულება ვიღაცის დავალების შესრულება არ არის, ხელისუფლების ვალდებულებაა ქვეყნის სუვერენული ინტერესების დაცვა. ეს ხელისუფლება ამას ვერ ახერხებს. საერთაშორისო თანამეგობრობა სერიოზულად არის შეშფოთებული საქართველოს ხელისუფლების ქმედებების გამო,” – აღნიშნავს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი.

 

ვინ არის აფგან მუხტარლი და როგორ აღმოჩნდა საქართველოში

აფგან მუხტარლი საქართველოში სამი წლის წინ ოჯახთან ერთად ჩამოვიდა. საქართველოში ჩამოსვლამდე მუხტარლი საგამოძიებო სტატიაზე მუშაობდა – თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ ჯარისკაცებისთვის გამოყოფილი თანხების მიტაცების საქმეზე. მუხტარლი ასევე აქტიურად მონაწილეობდა დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტების მხარდამჭერ აქციებში და საკუთარ პოზიციას ფეისბუკზეც გამოხატავდა. ის დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, ხადიჯა ისმაილოვას მეგობარი იყო და მის მხარდასაჭერად განსაკუთრებით აქტიურობდა, რის გამოც მას აზერბაიჯანის ხელისუფლება დევნიდა, ავიწროებდა და ემუქრებოდა.

თბილისში ჩამოსვლის შემდეგ მუხტარლიმ საქართველოს ხელისუფლებას ბინადრობის ნებართვის თხოვნით მიმართა და მიიღო კიდეც. თუმცა, 2016 წელს მას ბინადრობის უფლება შეუჩერეს აზერბაიჯანული მხარის მოთხოვნით. აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურორის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის გამოგზავნილ მიმართვაში ეწერა, რომ საქართველოს თავს აფარებს აზერბაიჯანის რამდენიმე მოქალაქე, რომელთა თბილისში ყოფნა აზიანებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას.

გატაცება

მუხტარლი ბოლოს მეგობარმა კოლმეურნეობის მოედანთან ნახა. მოგვიანებით მან ადვოკატს უამბო, რომ თბილისის იმ რაიონიდან გაიტაცეს, სადაც ის ცხოვრობს. ის მანქანაში ძალით ჩასვეს, ხელები შეუკრეს და ცემა დაუწყეს. სახესა და სხეულზე მას  (ძალადობის) კვალი აღენიშნება. არსებობს ეჭვი, რომ მას ნეკნიც ჩატეხილი აქვს.

მანქანამ ის თბილისის გარეუბანში მიიყვანა, სადაც თავზე პაკეტი ჩამოაცვეს. ვიდრე აზერბაიჯანის საზღვრამდე მივიდოდნენ, გამტაცებლებმა ორჯერ შეცვალეს მანქანა.

“საკონტროლო გამშვებ პუნქტთან მანქანიდან გადასვლის უფლება მომცეს, ჯიბეში ფული ჩამიდეს,” – უთხრა მუხტარლიმ ადვოკატს სატელეფონო საუბრის დროს.

მუხტარლი გაუჩინარებამდე ამბობდა, რომ თბილისში მას მუდმივად უთვალთვალებდნენ და ბოლო 6 თვის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ პოლიტდევნილებს პრობლემებს უქმნიდა.


ასევე წაიკითხეთ