უკვე დაფუძნდა რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც ამ საქმით დაკავდება. სასულიერო პირის სტატუსით პატიმრების მონახულება ბევრად ადვილია" />

საქართველოში პატიმრების ახლობლებს სასულიერო პირებად აკურთხებენ

უკვე დაფუძნდა რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც ამ საქმით დაკავდება. სასულიერო პირის სტატუსით პატიმრების მონახულება ბევრად ადვილია

“ბიბლიური უზრუნველყოფა” – ასე ჰქვია ახალ რელიგიურ ორგანიზაციას, რომელიც 7 თებერვალს საქართველოს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა.

ეს ორგანიზაცია ორიგინალურ სერვისს გაუწევს პატიმრების ახლობლებსა და ნათესავებს – ორგანიზაცია მათ სასულიერო პირის სტატუსს მიანიჭებს, რის შედეგადაც ისინი უპრობლემოდ მოინახულებენ თავიანთ ნათესავებს. ამის შესახებ ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ავრცელებს.

საქართველოს კანონმდებლობით, სასულიერო პირებს პატიმრების მონახულება ბევრად უფრო მარტივად შეუძლიათ, ვიდრე სამოქალაქო პირებს.

“ბიბლიური უზრუნველყოფის” დამფუძნებელი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძეა.

მან “ნეტგაზეთის” ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი ორგანიზაცია დღეიდან იწყებს მუშაობას.

კობაიძის თქმით, მისი პროექტი სასარგებლო იქნება არა მხოლოდ პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის, რადგან “ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს პატიმრებს საზოგადოებაში ჩართულობას და რესოციალიზაციას”.

“ჩვენ გავუმარტივებთ პატიმრებს ციხეში ყოფას. ნებისმიერმა პირმა, ოჯახის წევრმა თუ არაოჯახის წევრმა, სურვილის შემთხვევაში, როგორც რელიგიური სტატუსის მქონე ადამიანებმა, შეიძლება მოინახულონ ისინი.” – ამბობს კობაიძე. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოში რელიგიური ორგანიზაცია არარელიგიური მიზნებისთვის რეგისტრირდება.

2017 წლის აპრილში, პოლიტიკურმა მოძრაობამ „გირჩმა“ დაარეგისტრირა რელიგიური ორგანიზაცია, „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება“. ამ ორგანიზაციის მიზანია ახალგაზრდების სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან კანონიერად გათავისუფლება.

სქემა ასეთია – ორგანიზაციაში მიდის წვევამდელი, მას აძლევენ ცნობას, რომ ის სასულიერო პირია და სახელმწიფო მას ათავისუფლებს სამსახურისგან, რადგანაც, ქართული კანონმდებლობის თანახმად, სამხედრო სამსახურში გაწვევა შეიძლება გადავადდეს, თუ ადამიანი სასულიერო პირია ან სასულიერო სემინარიაში სწავლობს.

“გირის” ჩანაფიქრმა იმუშავა, მათთან ბევრი ისეთი ადამიანი მიდის, ვისაც არმიაში სამსახური არ სურს. როგორც „გირჩში“ აცხადებენ, ასეთი „სასულიერო პირი“ უკვე სამი ათასზე მეტია.

უკვე დაიწყო “ბიბლიურ თავისუფლებაში” საგაზაფხულო გაწვევისთვის “მიღება”. “ბიბლიური თავისუფლების” მოწმობის ასაღებად წვევამდელმა 50 ლარი უნდა გადაიხადოს. კიდევ 50 ლარი ღირს ცნობა კომისარიატში.

გლდანის მერვე საპატიმრო დაწესებულება. თბილისი. REUTERS/დავით მძინარიშვილი


ასევე წაიკითხეთ