სპეცრეპორტაჟი ერაყიდან, ისლამისტების წინააღმდეგ მიმდინარე ომის წინა ხაზიდან" />

საუკეთესო ამინდი ისლამური სახელმწიფოსთვის

სპეცრეპორტაჟი ერაყიდან, ისლამისტების წინააღმდეგ მიმდინარე ომის წინა ხაზიდან

ტექსტი, ფოტო და ვიდეო მომზადებულია JAMnews-ის პარტნიორი უკრაინული ტელეკომპანიაგრომადსკოესმიერ

2014 წლის ივნისში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა დაიკავეს მოსული – ერაყის ჩრდილო- დასავლეთში სიდიდით მეორე ქალაქი. 2016 წლის 16 ოქტომბერს ერაყელმა ჯარისკაცებმა მოსულსა და მიმდებარე ტერიტორიებს შეუტიეს. ხუთი თვის განმავლობაში მათ ქალაქის უმეტესი ნაწილი გაათავისუფლეს. ისლამური სახლმწიფოს ლიდერმა აბუ-ბაქარ ალ ბაღდადიმ დამარცხება აღიარა და მოსულიდან გაიქცა.   Hromadske-ს კორესპონდენტი ერაყის ჯარსა და ისლამურ სახელმწიფოს შორის დაპირისპირების მომსწრე გახდა.

 

ერთსართულიანი ქურთისტანი

ერაყის ჯარისა და ისლამური სახელმწიფოს დაპირისირების ცენტრში მოგზაურობა ერაყული ქურთისტანის დედაქალაქის ებრილის განაპირას იწყება. ჩვენ ყველაზე შეუმჩნეველ სასტუმროში ვბინავდებით: შესასვლელთან აბრა არ არის, და ყველა ნაგებობა ერთსართულიანია. ეს ებრილში ყველაზე უსაფრთხო ადგილია, – ამბობს ვერა მირონოვა, ჰარვარდთან არსებული მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ბელფერ-ცენტრის მკვლევარი.

სასტუმროს ფანჯრიდან ქურთისტანის პრეზიდენტის – მასუდ ბაზრანის რეზიდენცია მოჩნს. მის გარშემო მწვანე გორაკებია, რომლებზეც ცხვრები ძოვენ.

როგორც წესი, უცხოელებისთვის განკუთვნილი სასტუმროები ქალაქში ყველაზე მაღალია და ადმინისტრაციული შენობის გვერდით მდებარეობს, – გვიხსნის მირონოვა, – ბოლო სართულებზე ისლამური სახელმწიფო სნაიპერებს ათავსებს ხოლმე. ამგვარად აკონტროლებენ მეომრები ადმინისტრაციულ შენობებს. ასევე, სწორედ უცხოელების სახოვრებელი ადგილების მახლობლად აწყობენ ბოევიკები suicide attacks-ის (მანქანები, რომლებშიც ბომბები აწყვია-რედ.) საშუალებით ტერაქტებს.

ებრილის გასასვლელთან ქურთული ბლოკპოსტები იწყება. ქურთები ამ ტერიტორიებს ისტორიულად თავიანთ საკუთრებად მიიჩნევენ, თუმცა ქურთისტანის ოფიციალური საზღვარი მანამდე მთავრდება. ქურთების გარდა, ზოგიერთი შენობა აქ ადგილობრივი მოხალისეების ბატალიონებსაც აქვთ დაკავებული. და მათ საერთო სახელს უწოდებენ – Hashd. ეს არის პარამილიტარისტური გაერთიანებები, რომელსაც ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტრო აკონტროლებს, და რომელიც შიიტების, სუნიტებისა და ქრისტიანებისგან შედგება. ეს გაერთიანებები 2014 წელს შეიქმნა ისლამურ სახელმწიფოსთან საბრძოლველად.

უკვე აქ, მოსულუს მისადგომებიდანვე ჩანს ომის შედეგად მომხდარი ნგრევის მასშტაბები: შუშებჩამტვრეული და ჭურვებისგან კედლებდაცხრილული სახოვრებელი სახლები, დანგრეული მაღაზიები და ავტოგასამართი სადგურები. სახასიათო სურათი – ასობით დამწვარი მანქანით სავსე სადგომები.

 

დასავლეთი მოსული

მოსული მდინარე ტიგროსით ორად არის გაყოფილი. ძველი ქალაქი ადმინისტრაციული შენობებით, მუზეუმითა და ერაყის ერთ-ერთი უდიდესი უნივერსიტეტით მდინარის დასავლეთ სანაპიროზეა განლაგებული. ახლა მოსულის ამ ნაწილის ცენტრი ბოევიკების კონტროლქვეშ რჩება. ეს მთელი ტერიტორიის დაახლოებით 10%-ია.

 

საომარი ოპერაციის დროს ქალაქის მთავარი ხიდები დანგრეული აღმოჩნდა. მოსულის დასავლეთ ნაწილამდე, სადაც ბრძოლები მიმდინარეობს, მოვლითი გზით დროებითი ხიდებით შეიძლება მიღწევა.

ერთ-ერთი ხიდის უკან, კერძო სახლში, რომელიც ადრე ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებს ჰქონდათ დაკავებული, ერაყის ფედერალური პოლიციის სწრაფი რეგირების შინაგანი ჯარის ბაზაა განლაგებული.

შესასვლელთან საფეხურებზე -ჭურვების კოლექცია აწყვია.   მის გარშემო ადგილობრივი ბავშვები ირევიან – კალიბრებს შორის განსხვავებას სწავლობენ. ფრონტის წინა ხაზიდან ვეზიდებით, – გვიხსნის გამნაღმავი.

ჯარისკაცს ხელში ვარდისფერი სმარტფონი უჭირავს. გამნაღმავი გაკვრით აღნიშნავს, რომ წინა პოზიციებზე არაფრის ხელის ხლება არ შეიძლება: ისლამური სახელმწიფო, უკან დახევისას ადგილებზე საყოფაცხოვრებო ნივთებს ტოვებს, რომლების შიგნითაც ასაფეთქებელი ნივთიერებაა ჩადებული.

კუს-კუსი ხორცით, მოხარშული კვერცხები და კვერები – ასე გამოიყურება ჯარისკაცების საუზმე. მის შემდეგ ჯარისკაცები წინა ხაზზე მიემართებიან. ჩვენც თან მივყავართ – თვიანთი წარმატებები რომ გვიჩვენონ. და როგორც ირკვევა, ნაწილობრივ იმისთვისაც, რომ კარგად წარმოვაჩინოთ.

– თქვენ ფეიკი ინტერვიუს ჩაწერას გთავაზობენ, – გვატყობინებს თარჯიმანი აზადი, – ქვედანაყოფში არის ყოფილი ჟურნალისტი, რომელიც ბრძოლის დროს დაჭრეს. ახლა მას ფორმა აცვია და თავს ჯარისკაცად ასაღებს.

ჩვენ მას მოგვიანებით ვხვდებით. ყავარჯენი, მუქი სათვალე – აფეთქებულმა ნაღმმა მამაკაცს მხედველობა დააკარგვინა. ის დაბადების დღეს ზეიმობს. სამხედროებს მასთან ტორტი მაქვთ, „ჰეფი ბერზდეი თუ იუს“ უმღერიან და ფეიერვერკებს უშვებენ. მთავარ საჩუქარს მას ქურთული ტელეარხი Rudaw-ს ჟურნალისტები ჩუქნიან, რომლებსაც ის, როგორც ჯარისკაცი, ისე აძლევს ინტერვიუს.

გზა საბრძოლო მოქმედებების ზონისკენ აეროპორტის ნანგრევებზე გადის. ყველა ნაგებობა, ტერმინალები და მოსაცდელი დარბაზები, რომლებიც ოდესღაც ტურისტებსა და ბიზნესმენებს იღებდნენ, ამერიკულმა ჯარმა და ისლამური სახელმწიფოს ნაღმმტყორცნებმა დაანგრია.

ახლა ფრონტის ხაზი დასავლეთი მოსულის მდიმდარ უბნებზე გადის. იქ გამუდმებით გაისმის ავტომატის ჯერებისა და აფეთქებების ხმა. შორიახლოს ავიაციის ხმა ისმის. ამ ყველაფრის მიუხედავად, ადგილობრივების ნაწილმა გადაწყვიტა, საკუთარი სახელები არ დაეტოვებინა.

ერთ-ერთი ასეთი სახლის ჭიშკრის თავზე ქარი თეთრ ზეწარს აფრიალებს. აქ, ორსართულიან შენობაში სამი გაუთხოვარი ქალი ცხოვრობს. მასწავლებელი დები -ასილი და ზინა ორმოც წელზე ცოტა მეტის არიან, მათი დეიდა ზაიდა კი – ორჯერ უფროსია.

ქალაქში ისლამური სახელმწიფოს მოსვლის შემდეგ ქალებს მასწავლებლობისთვის თავის დანებება მოუხდათ. მაგრამ ბავშვებს ვერც ახლა ასწავლიან – სანამ გარშემო ჯერ კიდევ ისვრიან, დასავლეთი მოსულის სკოლები დაკეტილია.

დები დიდი ხნის წინათ დაზოგილი ფულით ცხოვრობენ. როგორც ამბობენ, ფულს არც ერაყის მთავრობა უხდით და არც საერთაშორისო ორგანიზაციები. წყალს და პროდუქტებს ჯარისკაცების დახმარებით იძენენ.

ვერანდაზე წვენს ვსვამთ და თან ბოევიკების მიერ ნასროლი ნაღმმტყორცნის ჭურვების აფეთქების ხმას ვუსმენთ. დარტყმის ტალღა სკამებს ახტუნებს. ხმამაღლა შრიალებს პოლიეთილენი. მას აქ შუშების ნაცვლად, ფანჯრის ჩარჩოებში სვამენ. ქალებს აფეთქებაზე რექცია არ აქვთ – მხოლოდ ეცინებათ, როდესაც გრუხუნი გვაკრთობს.

–ერთხელ ზამთარში , მოსულის განთავისუფლების ოპერაციის დროს, ჩვენთან ისლამური სახელმწიფოს ბოევიკები შემოიჭრნენ, – იხსენებს ასილი, – უნდოდათ, რომ ავტომობილი მიგვეცა. ავტომობილებს ნაღმავდნენ და ერაყის ჯარის წინააღმდეგ ერთ-ერთ იარაღად იყენებდნენ. ვეუბნები: მანქანას არ მოგცემთ, რამე რომ მოხდეს, საავადმყოფომდე მისვლას ვერ შევძლებთ-მეთქი“. მპასუხობენ: „მაშინ მოგკლავთ. რა იყო, არ გეშინია?“ გულწრფელად ვუპასუხე: „მეშინია, მაგრამ ავტომობილს ვერ მიიღებთ-მეთქი“. რით დამთავრდა ეს ამბავი? – ასილი წვენს გვისხამს, – ხელწერილი ჩამოგვართვეს, რომ ისლამურ სახელმწიფოსთან თანამშრომლობაზე უარი ვთქვით.

ასილი ამბობს, რომ კიდევ უფრო უმოწყალოები იყვნენ ბოევიკების ცოლები:

– გაგონილი გვაქვს, რომ ისინი ზოგჯერ ქალებს სცემდნენ და კბენდნენ, თუ ქუჩაში თავდაუბურავად გამოსულებს დაინახავდნენ. პატივს საერთოდ არ გვცემდნენ, -აგრძელებს ზინა, – ერთხელ აფთიაქში გავიქეცი და ხელთათმანები თან არ მქონდა. ისლამური სახელმწიფოს წესების მიხედვით, ქალისთვის შიშველი ხელები – ხარამია, ანუ ცოდვაა. ერთ-ერთმა ბოევიკმა დამინახა და დამპირდა, მოგკლავო.

ნაღმმტყორცნის ჭურვი სადღაც სიახლოვეს ეცემა. ჩვენ ისევ ვკრთებით. ქალებს ისევ ეცინებათ. ჯავშანჟილეტები გვაცვია. ასილს, ზინას და ზაიდას არასდროს ჰქონიათ რაიმე საგანგებო დამცავი საშუალება. დებმა ჯვარედინი ცეცხლის ქვეშ ორ თვეს გაძლეს დაუცველად. როგორც ამბობენ, ახლა მით უმეტეს აღარაფერში სჭირდებათ. ყველაფერი ალაჰის ნებაა, – იღიმება ზინა.

დების სახლის მეზობლად მდებარე შენობის პირველ სართულზე სამხედროები არიან დაბანაკებულები. მეორე სართულზე ახალგაზრდა ოჯახი ცხოვრობს: რამზი კაზენი, მისი ცოლი ნურ ფადელ შალანი და ორი პატარა ბავშვი.

ომამდე რამზის ერაყის ქალაქებში ქათმის ხორცი დაჰქონდა. 2014-ში დასავლეთ მოსულში ქალის ტანსაცმის მაღაზია გახსნა. 10 დღეში მაღაზია ბოევიკებმა დაკეტეს. ახლა ოჯახი მხოლოდ ერაყის არმიის დახმარებით ცხოვრობს.

კაზენების ოჯახის უმცროსი გოგონა ცხრა თვისაა. ის იმ დროს დაიბადა, როდესაც ქალაქს ისლამური სახელმწიფოს ბოევიკები აკონტროლებდნენ. გვინდოდა, მისთვის მირნა დაგვერქმია, – ამბობს რამზი, – მაგრამ ისლამური სახელმწიფო წინააღმდეგი იყო: გვითხრეს, რომ ეს ქრისტიანული და ებრაული სახელი იყო.

ბოევიკები მოითხოვდნენ, რომ ბავშვისთვის ნამბა დაერქმიათ, არაბულიდან თარგმანით – ახალი ამბავი. ასე ეწოდება ყოველკვირეულ გაზეთს, რომელსაც ისლამური სახელმწიფო უშვებს. ჩვენს გოგონას ისლამური სახელმწიფოს დაბადების მოწმობა მისცეს, – გვიხსნის ნური, – გვინდა ის ნორმალური მოწმობით შევცვალოთ, მაგრამ ერაყელი ჯარისკაცები ამბობენ, რომ ახლა ეს აუცილებელი არ არის. ანუ ეს ბავშვის ერთადერთი საბუთია, და უნდა შევინახოთ.

იმ საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილებაში, სადაც ნური იწვა, საკმარისად იყვნენ ქალები, რომლებიც ბოევიკებს უჭერდნენ მხარს. ახალგაზრდა ქალი იხსენებს, რომ ყველა მათგანი თავიანთ ახალშობილებს შაჰიდების – ისლამური სახელმწიფოს დაღუპული ემირების სახელებს არქმევდა.

აღმოსავლეთი მოსული

ვიწრო ქუჩები, რომლებიც ალაგ-ალაგ წვეტიანი მავთულხლართებით არის გადაკეტილი. მარმარილოსფერი სახლები, დამწვარი და დანგრეული. მოხალისეთა წლის დასარიგებელი პუნქტები. ირანის ჯარის უსასრულო ბლოკპოსტები. იშვიათი გამვლელები. ნაუცბათევად აღდგენილი ორიოდე სკოლა და წვრილმანი ნივთების მაღაზია. აღმოსავლეთი მოსული 27 იანვარს გაათვისუფლეს, მაგრამ დღემდე ისე გამოიყურება, თითქოს იქ ბრძოლა სულ რამდენიმე დღის წინათ შეწყდა.

აღმოსავლეთი მოსულის ერთ-ერთ რაიონს ერაყის თავდაცვის სამინისტროსთან არსებული „თავდაცვის“ ქვედანაყოფი აკონტროლებს. შტაბი იმ სახლშია განლაგებული, სადაც წინათ ბოევიკები თვითმკვლელთა მანქანებისთვის ამზადებდნენ ბომბებს. მეთაური ომარი მცირე ზომის ოთახში გვიღებს. ტახტის მაგივრად, აქ რამდენიმე ფენად ლეიბები აწვია. მაგიდაზე ქაღალდებისა და ფოტოების დიდი გროვაა. დაბალ სკამებზე წყლიანი ბოთლები, საფერფლეები და ჩაი დევს. დროდადრო ოთახში ოფიცერი შემორბის და ომარს რაღაცას ახსენებს.

ერთ-ერთი მათგანი გვიჩვენებს ბოევიკების მიერ გადაღებულ ვიდეოს, რომელშიც რამდენიმე ტყვე მამაკაცს მანქანაში აფეთქებენ.

– ეს კაცი, ვიდეოზე – ჩემი ძმაა, – გვიხსნის ჯარისკაცი, – უბრალოდ აიყვანეს და ააფეთეს. აი, ასეთ ხალხს ვებრძვით.

მოხალისეების მოტივაცია – იმათ წინააღმდეგ ბრძოლაა, ვინც მათ ნათესავებს, მეგობრებსა და ნაცნობებს კლავდა და აუპატიურებდა. ბევრისთვის ეს ასევე საბრძოლო მოქმედებების წარმართვის გამოცდილების მიღებაც არის – იმათგან, ვინც ამერიკულ სწვლებებს გადიოდა.

ერაყელი ჯარისკაცების აბსოლუტური უმრავლესობა – 20-30 წლის ახალგაზრდაა. მათ ახსოვთ ერაყის ომი, რომელიც 2003 წელს დაიწყო. ეკონომიკური კრიზისი მათ ოჯახებსაც შეეხო, და დღემდე გრძელდება.

მოხალისეები თავიანთ ჭრილობებით ამაყობენ. ჩვენს ოთახში შემოსულთაგან ერთ-ერთი თავის ტრვმებს გვიჩვენებს: მას მარჯვენა ხელზე ნეკა თითი არ უმოძრავებს, მარცხენა ხელს იდაყვში თითქმის ვერ ხრის. აი, სწორედ ამ ხელით მოვკალი ისლამური სახელმწიფოს ბოევიკი, – ამაყად ამბობს ჯარისკაცი.

მისი მეთაური, ომარი აღიარებს – მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთი მოსული განთავისუფლებულია, საფრთხეს ჯერ არ ჩაუვლია. ამ ტერიტორიის ახლანდელი მოსახლეობის მეოთხედი ქალაქის დასავლეთი ნაწილიდან და აღმოსავლეთის დანგრეული რაიონებიდან არის გადმოსახლებული, – გვიხსნის ის.

– აქ გადმოსულთაგან ბევრი დევნილად ასაღებს თავს, სინამდვილეში კი ისლამურ სახელმწიფოს ემხრობიან, – და კიდევ აქ ბევრი ბოევიკის ცოლები და შვილები ცხოვრობენ.

– მათ რას უშვრებით? – ვეკითხები.

– არაფერს. ვაკონტროლებთ, და ეგ არის. აბა, რა უნდა ვუქნათ?..

ქვედანაყოფი ყოველდღიურად ატარებს რეიდებს სხვადასხვა უბანში sleeper cells – „მძინარე უჯრედების“ ძიებაში. ეს არის საცხოვრებელი სახლების ქვეშ გათხრილი გვირაბები, სადაც აქამდე აფარებენ თავს ისლამური სახელმწიფოს ბოევიკები.

გვირაბები ჯერ კიდევ იმ დროს გაჩნდა, როდესაც ისლამური სახელმწიფო ის-ის იყო შევიდა მოსულის ტერიტორიაზე. როგორც წესი, ეს გვირაბები სახლების ქვეშ ღრმად გადის და ქუჩის გასასვლელთან მიყავხარ, რომ საჭიროების შემთხვევაში, გაქცევა შეიძლებოდეს.იმ სახლში, რომელსაც „თვდაცვის“ ჯარისკაცები გვიჩვენებენ, გვირაბი შიდა ეზოშია გათხრილი. ისლამური სახელმწოფოს წევრები მას იარაღის საწყობადაც იყენებდნენ. გვირაბის გვერდით კედელში ფარული გასასვლელია მეზობელ ეზოში. ერაყელი ჯარისკაცები თითქმის ყველაფერს ხელუხლებლად ტოვებენ – ისე, როგორც აღმოაჩენენ.

ოთახში კიდევ ერთი ოფიცერი შემოდის და ომარს რაღაც საქაღალდეებს გადასცემს. ოფიცერს ალი ჰქვია. გვთხოვს, რომ სურათი არ გადავუღოთ. ამას იმით ხსნის, რომ ისლამური სახელმწიფოსთვის ის ძალიან ცნობილი პიროვნებაა.

ვიდრე მეთაური საბუთებს შეისწავლდეს, ალი სატელეფონო აუდიოჩანაწერს მირთავს. მასზე, ალის თქმით, ისლამური სახელმწიფოს ბოევიკი აცხადებს, რომ როდესაც ისლამური სახელმწიფო მოსულში დაბრუნდება, ერაყის არმიის ყველა ჯარისკაცი „ნაპატიები“ იქნება; ყველა, ალის გარდა.

– მე უბრალოდ, ისლამური სახელმწიფოს ძალიან ბევრი ბოევიკი მყავს მოკლული, – განმარტავს ჯარისკაცი.

ალი მიიჩნევს, რომ მოსულის განთავისუფლება – ეს ჯერ კიდევ არ არის საბოლოო გამარჯვება: ბოევიკები ისევ დაბრუნდებიან.

– ერაყში კორუმპირებული სამართალდამცავი ორგანოები და სასამართლოები, – ამბობს ჯარისკაცი, – ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებს ძირითადად ბაღდადისა და ნასირიის ციხეებში აგზავნიან. იქ მათ ფულის სანაცვლოდ ათავისუფლებენ. ადგილობრივ ბოევიკებს ეს 25 დოლარი უჯდებათ. ემირებისთვის კი ეს ფასი 6 ათასს უტოლდება. ისინი ციხეში ხვდებიან, შემდეგ კი უბრალოდ „ქრებიან“.

ჯარისკაცი ციფრებს ასახელებს: ოპერაციების განმავლობაში ქრთამების სანაცვლოდ, ციხეებიდან დაახლოებით 200 ბოევიკი „აორთქლდა“.

ასე რომ, უკეთესია, ისინი ადგილზევე დახოცო, – ასკვნის ალი.

გადასახლებულების ქალაქი

მომდევნო დღეს ჩვენ გადასახლებულების უზარმაზარ ბანაკამდე ხაზერამდე ვაღწევთ. ის მოსულს და ებრილს შორის მდებარეობს. სახლების ნაცვლად, აქ ფართო, თეთრი კარვები დგას. თითოეულ ასეთ კარავში 10-კაციან ოჯახს შეუძლია დაბინავება. ახლა ეს კარვები 200 ათასი ადამიანის დროებითი საცხოვრებელი გახდა.

ბანაკს აფინანსებს რამდენიმე საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია – ერაყის და კატარის წითელი ჯვარი „კატარის ჯვარი“, USAID, Unicef. ისინი დევნილებისთვის წყალს, საჭმელს და ჰიგიენის ნივთიებს იძენენ. გადასახლებულებს აქ ცენტრალიზებულად მას შემდეგ აგზავნიან, რაც ისინი მოსულის ფილტრაციის ცენტრში „ტერორიზმზე შემოწმებას“ გაივლიან.

მათი უმრავლესობა აქ 2016 წლის შემოდგომიდან ცხოვრობს. მათ შინ დაბრუნების საშუალება არ აქვთ – მათი სახლები დანგრეულია, ახალი ცხოვრების დასაწყებად ერაყის ნებისმიერ ქალაქში გადასახლებისთვის საჭირო სასხრები კი არ გააჩნიათ.

– ჩვენ ყველაფერი დავკარგეთ, – ჰყვება გადასახლებული ქალი ამირი, – საშინელ მდგომარეობაში ვარ, გულწრფელად რომ გითხრათ. სახელწიფოსგან არანაირ დახმარებას არ ვიღებთ და ნორმალურად ცხოვრების საშუალება არ გვაქვს.

აღმოსავლეთ მოსულში სამხედრო მოქმედებების დროს ამირმა უმცროსი შვილი დაკარგა. ახლა ის და მისი ქმარი შვიდ შვილს ზრდიან.

ბანაკის საზოგადოებრივი ცხოვრება მიმდინარეობს ბეტონის ბლოკების გვერდით, რომლებზეც წყლიანი ბაკებია დამაგრებული. აქ მამაკაცები ჩაით და სიგარეტით ხელში პოლიტიკაზე მსჯელობენ, ბავშვები კი დამალობანას თამაშობენ.

ხანში შესული არაბი მოჰამედი, რომელმაც აღმოსავლეთი მოსულის ბრძოლების დროს ცალი ფეხი დაკარგა, ყველას ჩაიზე ეპატიჟება.

ჩაის ოთხ პორციაში ეს კაცი ათას დინარს იღებს – დაახლოებით სმოცდაათ ცენტს.

ჩვენს პორციებს ამურბაისთან – 26 წლის მუსლიმ შიიტთან ერთად ვინაწილებთ. მოსულში, სადაც მაცხოვრებელთა უმეტესობა სუნიტია, მას ისლამური სახელმწიფოს მოსვლამდეც „თეთრ ყვავად“ მიიჩნევდნენ; ხოლო როდესაც ქალაქი ბოევიკებმა დაიპყრეს, მისი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდა.

–ისლამური სახელმწიფოს წევრებმა გვითხრეს, რომ ჩვენს ოჯახს ამოწყვეტდნენ, – ჰყვება ამურბაი, – იძულებულები გავხდით, რომ სუნიტობა მიგვეღო. ვიცი, რომ ვინც ამაზე უარი თქვა,თავები დააჭრეს.

ამურბაის მამა ერაყის არმიის ოფიცერი იყო სადამ ჰუსეინის დროს. ბოევიკებმა ის დააპატიმრეს. მაგრამ არ მოუკლავთ: მათ სჭირდებოდათ ისეთი ჯარისჯაცები, რომლებიც სამხედრო საწყობებში შენახულ იარაღში ერკვეოდნენ.

მოსულის გათავისუფლების ოპერაციის დროს ამურბაი ოჯახთან ერთად იმყოფებოდა ქრისტიანულ სოფელ ბართალაში, რომელსაც იმ დროს ისლამური სახელმწიფო აკონტროლებდა. ერაყის არმიამ სოფელი ზამთარში დაიბრუნა.

– ბართალაში შემოვიდა ISOF (ერაყის სპეციალური ოპერაციების ჯარი-რედ.), – იხსენებს ამურბაი, – ერთ-ერთმა ჯარისკაცმა დამინახა, გამარტყა და დამიყვირა: „წვერს რატომ არ იპარსავ? რა იყო, ისლამურ სახელმწიფოს ემხრობი?“ რა უნდა მეპასუხა ამაზე? მრავალი დღის განმავლობაში არც საჭმელი გვქონდა, და არც წყალი. საპარს საშუალებებზე არ კი მიფიქრია.

 

კულტურის საწინააღმდეგო კანონები

გადასახლებულთა ბანაკიდან დაჯავშნული სასწრაფოს მანქანით მივემგზავრებით. ერაყელ ჟურნალისტებთან ერთად მოწინავე ხაზზე მივდივართ – მოსულის მიზეუმში. იქ თავმოყრილია ექსპონატები, რომლებიც ასურეთის იმპერიის ამბებს მოგვითხრობენ. ჩვენს წელთ აღრიცხვამდე პირველი ათასწლეულის დასასრულს მოსული ამ იმპერიის ერთ-ერთ ცენტრს წარმოადგენდა.

2014 წელს ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებმა განაცხადეს, რომ მუზეუმის ქანდაკებები შარიათის კანონებს არღვევს და კერპთაყვანისცემას ქადაგებს. მათ ქანდაკებების უმეტესობა გაანადგურეს, და მათთან ერთად მოსულის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე – უძველესი მესოპოტამური ქალაქის, ნიმრუდის ნანგრევებიც.

–ისლამურმა სახელმწიფომ მუზეუმი ბაზად გადააქცია. აქ ინახებოდა ასაფეთქებელი საშუალებები, საარქივო ნაგებობებში კი მათ საგამომცემლო ცენტრი ჩამოაყალიბეს, – ამბობს მეჰდი ვეიჰსანი, ფედერალური პოლიციის კაპიტანი.

წვიმა ცრის. მისი დაწყებიდან რამდენიმე წუთში პირველი აფეთქებების ხმა ისმის. ჯარისკაცები გვიხსნიან: ისლამური სახელმწიფო მუზეუმს ნაღმმტყორცნებს უშენს. აღმოჩნდა, რომ ერაყის ჯარი ტერიტორიას მხოლოდ ცალი მხრიდან აკონტროლებს. მუზეუმის მეორე ნაწილი ისევ ბოევიკების ხელშია. თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში ვრჩებით ჩაკეტილები შენობაში, რომელსაც ბომბებს უშენენ.

მუზეუმიდან დანაკარგით ვბრუნდებით: მანქანა ნაღმის ნამსხვრევებისგან დაცხრილულია, დაჭრილია ერთი ჯარისკაცი.

 

ჭურვები წვიმისთვის

მოსულში კოკისპირული წვიმები რომ არ მოდიოდეს, ეს ქალაქი ალბათ უკვე გათავისუფლებული იქნებოდა, – განმარტავს ვერა მირონოვა, – წვიმა ისლამური სახელმწიფოსთვის იდეალური ამინდია.

ხუთი თვის განმავლობაში ერაყმა, კოალიციის ძალების მხარდაჭერით, ქალაქის 90%-ის გათავისუფლება მოახერხა. მაგრამ ყველაზე ძნელია წერტილის დასმა. გამარჯვების მოახლოებაში საკვანძო როლი ამინდს მიუძღვის. უპილოტო სამხედრო აპარატები, რომლებითაც გამანადგურებლები ობიეტს მიზანში იღებენ, წვიმის დროს უძლურები ხდებიან, და ასეთ ამინდში ბოევიკები ნაღმმტყორცნების სროლას იწყებენ ისე, რომ სრულიად არ უფრთხიან ავიაციას. ISIS weather – ასე უწოდებენ მოსულში ახლა წვიმას.

ისლამური სახელმწიფოსთვის საუკეთესო ამინდი იძულებით გადასახლებულებისთვისაც შესაფერის ამინდს სულ არ ნიშნავს. საჰაერო ოპერაციების შეწყვეტა საშუალებას აძლევს დაბომბვების ქვეშ მცხოვრებ ადამიანებს, დანგრეული სახლები დატოვონ და ბანაკში მოხვდნენ. ბევრისთვის ეს შიმშილით სიკვდილისგან თავის დაღწევის უკანასკნელი შანსია.

იმ ტერიტორიებზე, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენის ქვეშ რჩება, ადგილობრივ მაცხოვრებლებს ქალქის დატოვება ეკრძალებათ. ისლამურმა სახელმწიფომ განაცხადა, რომ ვინც გაქცევას დააპირებს, ყველას სნაიპერები დახვრეტენ, – ჰყვებიან გადასახლებულები. ზოგიერთმა სახლის ქვეშ გათხრილი გვირაბებით შეძლო გამოღწევა, მაგრამ ეს გამონაკლისი შემთხვევები უფროა.

კოკისპირულ წვიმაში ადამიანები ფეხით რამდენიმე კილომეტრს გადიან აზბა საჯერის სადგურამდე, რომელიც მოსული-ბაღდადის გზაზე მდებარეობს. ეს პირველი შუალედური ადგილია მათთვის, ვისაც ომიდან გაქცევა აქვს განზრახული. მას აქ „ჭუჭყიანს“ ეძახიან: სადგური უდაბური ადგილის შუაგულშია, სადაც არც ასფალტია, არც გზის სხვა საფარი. წვიმა მიწას წებოვან ტალახად აქცევს.

უამინდობის დროს ეს კონვერი არ ჩერდება: ყოველი დღე-ღამის განმავლობაში აქ 2-3 ათსი ადამიანი ჩამოდის

მოხალისეები თითოეულ მათგანს ერთ ულუფა ხორცის წვენმოსხმულ ბრინჯს, ლავაშსა და წყალს ურიგებენ. თუ საჭიროა – წამლებსაც. მხოლოდ ამის შემდეგ ამოწმებენ გადასახლებულებს ელექტრონული ბაზების მიხედვით. ეს პროცესი მიმდინარეობს პატარა ფურგონში, რომლის კედლებზეც მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციების ლოგოტიპებია გაკრული.

ჩვენს იქ ყოფნაში სადგურის თანამშრომლები, მათი თქმით, ისლამური სახელმწიფოს ორი წევრის იდენტიფიცირებას ახდენენ, რომლებიც თავს გადასახლებულებად ასაღებდნენ და მოსულის დატოვებას ცდილობდნენ. ჟურნალისტებს მათთან საუბარი აკრძალული აქვთ. სამაგიეროდ, სამხედროებს აქვთ დაკავებულებთან საფუძვლიანი და, ამაზე ლაპარაკი არ არის მიღებული, მაგრამ – მკაცრი საუბარი ძალის გამოყენებით. შემოწმების შემდეგ ბოევიკებს ბადრაგის თანხლებით ციხეში უშვებენ.

წვიმა იღებს. ჩვენ დასავლეთ მოსულში ვბრუნდებით. ერთ-ერთი დანგრეული უბნის ქუჩებიდან ტრასაზე იშვიათად უხვევენ მსუბუქი მანქანები. ერთი მძღოლი ჩვენი კამერის დანახვაზე პისტოლეტს იღებს.

– გადაიღე, გადაიღე! – იცინის ის და იარაღს აქეთ-იქით აქნევს. ტრასის პატრულის ორი წევრი მას ყურადღებას არ აქცევს…

 


ასევე წაიკითხეთ