«ვერ გაგვაჩუმებთ», - აღნიშნა ჟურნალისტმა სასამართლო პროცესზე, მისთვის მიცემულ უკანასკნელ სიტყვაში" />

სასამართლომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხტარლის ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯა

«ვერ გაგვაჩუმებთ», - აღნიშნა ჟურნალისტმა სასამართლო პროცესზე, მისთვის მიცემულ უკანასკნელ სიტყვაში

აზერბაიჯანელ გამომძიებელ ჟურნალისტს, აფგან მუხტარლის ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ბალაკანის რაიონულმა სასამართლომ მიმდინარე წლის 12 იანვარს.

მუხტარლი აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით ცნეს დამნაშავედ. ესენია: სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა, კონტრაბანდა და ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის წინააღმდეგობის გაწევა. თავად ჟურნალისტი და მისი ადვოკატები სრულად უარყოფენ ყველა ბრალდებას და ამტკიცებენ, რომ 29 მაისს მუხტარლი საქართველოს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში დააკავეს და აზერბაიჯანის სპეცსამსახურებს გადასცეს.

საბრალდებო სიტყვაში პროკურორმა რვაწლიანი პატიმრობა მოითხოვა.

ბოლო სიტყვაში მუხტარლიმ ის თემები გაიხსენა, რომლებსაც მისი საგამოძოებო სტატიები ეხება: უკანონო ბიზნესი გიოიგიოლის ნაკრძალში, მიტაცების ფაქტები თავდაცვის მრეწველობის სამინისტროსა და არმიაში და აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციები. ამას გარდა, მან დაღუპული ჟურნალისტებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით მას უმართლებს იმ მხრივ, რომ საკანში არ მომკვდარა.

«მხოლოდ შვიდწლიანი პატიმრობა შეგიძლიათ, მომისაჯოთ. უფრო მკაცრად ვერ დამსჯით. მაგრამ ეს სასჯელიც არ გაგვაჩუმებს. ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება. ჩვენი მიზანია ილჰამ ალიევის გადაყენება და ხალხისათვის იმედის მიცემა».

ამ სიტყვების შემდეგ მოსამართლემ მუხტარლის საუბარი შეაწყვეტინა.

ჟურნალისტის ადვოკატმა, ელჩინ სადიხოვმა აღნიშნა, რომ მთელი ეს პროცესი „შეკვეთილია“.

«ბრალმდებელს არ შეუძლია, სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ ვადაზე უფრო ხანგრძლივი პატიმრობა მოითხოვოს. ბრალმდებელმა რვა წელი მოითხოვა – მიუხედავად იმისა, რომ ამ მუხლების შესაბამისად, განსასჯელის პატიმრობის მაქსიმალური ვადა შვიდ წელს უდრის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკურ შეკვეთასთან გვაქვს საქმე», – აღნიშნავს სადიხოვი სააგენტო bastainfo.com-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ