მათ ბრალად კორუფცია და ეთიკური ნორმების დარღვევა ედებათ " />

სამ აზერბაიჯანელ დეპუტატს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე აღარასდროს დაუშვებენ

მათ ბრალად კორუფცია და ეთიკური ნორმების დარღვევა ედებათ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გამოაქვეყნა იმ წევრების სია, რომლებსაც, კორუფციული ქმედებებისა და ეთიკური ნორმების დარღვევის გამო, ამ ორგანიზაციასთან წვდომა აეკრძალათ.

ამ სიაში, სხვებთან ერთად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში აზერბაიჯანის ორი მოქმედი წარმომადგენელიც მოხვდა – მუსლიმ მამედოვი და ელჰან სულეიმანოვი. ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი წევრი გიულტეკინ ჰაჯიბეილი.
მამედოვს და სულეიმანოვს კორუფციასა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ეთიკური ნორმების დარღვევაში ედებათ ბრალი. გარდა ამისა, მათ არანაირი რეგირება არ მოუხდენიათ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლედან გამოგზავნილ წერილობით მოთხოვნაზე, რომ ეს საკითხები განემარტათ.

რაც შეეხება გიულტეკინ ჰაჯიბეილის, მას ასევე მიაწერენ ეთიკური ნორმების უგულებელყოფასა და განმარტების მოთხოვნის იგნორირებას.

ВВС-სთვის მიცემულ ინტერვიუში გიულტეკინ ჰაჯიბეილიმ (რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი 2010 წლიდან აღარ არის) განაცხადა, რომ საპარლამენტო ასამბლეიდან არანაირი წერილები არ მიუღია, და მომხდარს „პროვოკაცია“ უწოდა. მისი თქმით, ამაში, შესაძლოა, გარეული იყოს აზერბაიჯანის ხელისუფლება, რომელთანაც ის, როგორც აქტიური ოპოზიციონერი, დიდი ხანია, დაპირისპირებაში იმყოფება. საკუთარი ეჭვების არგუმენტად მან მოიყვანა, მაგალითად ის ფაქტი, რომ Facebook-ზე მისი გვერდი ახლახან გატეხეს. ჰაჯიბეილიმ პირობა დადო, რომ მომხდარში გაერკვევა, და თუ საჭირო გახდა, სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლომდეც მიაღწევს.

საპარლამენტო ასამბლეის „შავ სიაში“ ასევე მოხვდნენ, მაგალითად, ზმაგო ელინიჩ პლემენიტი და ლუკა ვოლონტე, რომლებსაც, სხვა დანარჩენთან ერთად, აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან ქრთამის აღება ბრალდებათ.

ამავე დროს სიაში არის ანდრეას გროსის გვარი, რომელიც პირიქით, აზერბაიჯანის ხელისუფლების მთავარ კრიტიკოსად არის ცნობილი. თუმცა მას, არა კორუფციის, არამედ ეთიკური ნორმების დარღვევის გამო ედავებიან.


ასევე წაიკითხეთ