სოფელ ატოცში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ჩავიდა" />

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში რუსი სამხედროები ახალ მავთულხლართებს ავლებენ

სოფელ ატოცში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ჩავიდა

სოფელი ატოცი, მინდორი, სადაც რუსი სამხედროები მავთულხლართების გასავლებად მუშაობენ. ფოტო: რადიო თავისუფლება/გოგა აფციაური

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან რუსი სამხედროები ე.წ. საზღვარს ავლებენ, რისთვისაც ადგილზე რკინის კონსტრუქციები და მავთულხლართები მიიტანეს.

როგორც “რადიო თავისუფლება” იტყობინება, ამ ეტაპზე სამუშაოები დაახლოებით ერთკილომეტრიან პერიმეტრზე მიმდინარეობს. რუსი სამხედროები მიწას თხრიან ძელებისთვის, რომელზეც მავთულხლართის ღობე უნდა აღმართონ.

•  საქართველოს პრემიერი ამბობს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში რუსმა სამხედროებმა საქართველოს მოქალაქე ოთინაშვილი   დააკავეს

•  ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კონფლიქტების მოგვარების საკუთარ ხედვას აქვეყნებს

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, 7 ნოემბერს დილით ატოცში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთი ციხელაშვილი  ჩავიდა.

“რადიო თავისუფლების” მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მინისტრი იმ ადგილამდე მივიდა, სადაც რუსი სამხედროები მუშაობენ და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა:

სოფელ ატოცის მცხოვრებმა გულო კარაპეტოვმა უთხრა ჟურნალისტებს, რომ ამ სამუშაოების შედეგად, მისი მიწის ნაკვეთის ნაწილი ოკუპირებული ტერიტორიის მხარეს აღმოჩნდება.

სოფელი ატოცი ქარელის მუნიციპალიტეტშია. იგი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ოსურ სოფელს, ბალთას ესაზღვრება. ე.წ. საზღვრის გავლების ადგილიდან დაახლოებით 50-70 მეტრში იმყოფებიან ქართველი პოლიციელები.

როდის და როგორ დაიწყო მავთულხლართების გავლება?

•   აგვისტოს ომის შემდეგ რუსმა სამხედროებმა, რომლებიც კონფლიქტის ზონის მთელს პერიმეტრზე დგანან,  ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ თეთრ-მწვანე ბანერები დაკიდება დაიწყეს წარწერით „სახელმწიფო საზღვარი“ და „სამხრეთი ოსეთი“. საზღვრის ფუნქციას მავთულხლართი ასრულებს, რომელსაც მონიშნულ ადგილებზე ავლებენ.  რუსული და ოსური მხარე ამ პროცესს “ბორდერიზაციას” უწოდებს. მათი თქმით, საზღვრის გავლებისას ისინი ძველი, ომამდელი, საბჭოთა დროის რუკით ხელმძღვანელობენ და “სახელმწიფო საზღვრის” გავლება ხდება ახალგორის რაიონის გასწვრივ ისე, რომ ახალგორის ყველა სოფელი სამხრეთ ოსეთის ფარგლებში მოექცეს.

ქართული მხარე ამ პროცესს “მცოცავ ანექსიას” უწოდებს და აცხადებს, რომ რუსული მხარე ყოველ ჯერზე ახალ ქართულ მიწას იტაცებს. მავთულხლართები ხშირად ქართულ სოფლებზე გადის და ამ სოფლებს შუაზე ჰყოფს. შედეგად, ათეულობით ოჯახს საძოვრები, წინაპართა საფლავები და ა.შ. “საზღვრის” იქეთ  მხარეს რჩება. 

•  ე.წ. “სახელმწიფო საზღვართან” გადაადგილებას მკაცრად აკონტროლებენ რუსი სამხედროები. ისინი აკავებენ ადამიანებს მათ შორის, იმ ადგილებშიც, სადაც ჯერ არ არის გავლებული მავთულხლართი და  არც “საზღვრის” აღმნიშვნელი აბრაა. 

კონფლიქტის ზონიდან ხშირია ცნობები იმის შესახებ, რომ რუსმა სამხედროებმა “სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის” ბრალდებით დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ან საქონელს აძოვებდა საკუთარ სოფელში, ან ჯონჯოლს აგროვებდა ახლომდებარე ტყეში.

•  რუსი სამხედროების გარდა, 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ კონფლიქტის ზონაში იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, რომლებიც თბილისის მიერ კონტროლირებად მხარეს პატრულირებენ. თუმცა, არც თბილისს და არც ამ დამკვირვებლებს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის შეჩერება არ შეუძლია. 

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ