რას ფიქრობენ ამის შესახებ რუსი და ქართველი ექსპერტები" />

სამხრეთ ოსეთმა და სირიამ დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარეს

რას ფიქრობენ ამის შესახებ რუსი და ქართველი ექსპერტები

სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის სურათი დამასკოში. 2018 წლის 15 აპრილი, ფოტო REUTERS/Ali Hashisho

სამხრეთ ოსეთმა დამასკოში ხელი მოაწერა სირიასთან დიპლომატიური ურთერთობის დამყარების შესახებ ხელშეკრულებას, – იუწყება სამხრეთი ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.

„სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ვალიდ მუალემმა რუსეთის საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში სირიელი ხალხის მხარდაჭერისთვის ფედერაციას მადლობა გადაუხადა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მუალემმა ასევე განაცხადა, რომ სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება – „სირიის ხელმძღვანელობის მიერ ღრმად ნაფიქრი ნაბიჯია“.

თავის მხრივ, სამხრეთი ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი მედოევმა თქვა, რომ „სამხრეთი ოსეთი სრულად უჭერს მხარს… რუსეთის ფედერაციისა და სირიის კანონიერი ხელისუფლების ერთობლივ ქმედებებს“.

23 ივნისს სირიაში ვიზიტით სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ბიბილოვი სირიის პრეზიდენბტ ბაშარ ასადს შეხვდება.

•  მოსაზრება: სირიამ აფხაზეთი რუსეთისადმი მადლიერების გრძნობის გამო აღიარა. მაგრამ როგორ დაეხმარება ეს აფხაზეთს განვითარებაში?

•  “სირია იმდენად დამოკიდებულია რუსეთზე, რომ საქართველოს ხელისუფლება სიტუაციაზე ზეგავლენას ვერ მოახდენდა”, – ქართველი პოლიტიკოსები და ექსპერტები სირიის გადაწყვეტილებაზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ

კომენტარები

ნიკოლაი სილაევმა, კავკასიის პრობლემებისა და რეგიონული უსაფრთხოების მოსკოვში მდებარე ცენტრის უფროსმა მეცნიერ-მუშაკმა ონაინ-პორტალ „ეხო კავკაზას“ ინტერვიუში განუცხადა:

„ბაშარ ასადიც კი რომ ჩავიდეს სამხრეთ ოსეთში – საქართველო იმაზე მეტს ვეღარაფერს მოიმოქმედებს, რაც სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტით უკვე მოიმოქმედა“.

„საქართველოში უკვე მოქმედებს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ამოქმედებულია საქართველოს მიერ დაწესებული სანქციები, რომლებიც აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის მოქალაქეებს ამერიკული და ევროპული ვიზების მიღებას უზღუდავს. ვერ ვხედავ, კიდევ რა მიმართულებით უნდა გააძლიეროს საქართველომ ზეწოლა იმ რესურსებით, რაც მას გააჩნია“, – თქვა სილაევმა.

თორნიკე შარაშენიძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი, სპეციალურად JAMnews-ისათვის:

“სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება თბილისისათვის კარგი სიახლე ნამდვილად არ არის. არაღიარების პოლიტიკის რამდენიმეწლიანი წარმატებული პერიოდი გაწყდა და თანაც გაწყდა არა ნაურუსნაირი წარმონაქმნის, არამედ ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის გამო. ცხადია, შეიძლება იმაზე საუბარი რომ აღიარება მოხდა “ასადის დანაშაულებრივი რეჟიმის” მხრიდან და რომ შესაბამისად ეს აღიარება სრულფასოვანი ვერაა.

მაგრამ რამდენად დანაშაულებრივიც არ უნდა იყოს ეს რეჟიმი, ფაქტია რომ მან სამოქალაქო ომში გაიმარჯვა და უკვე ქვეყნის დიდ ნაწილსაც აკონტროლებს. ასეთი რამეები კი პოლიტიკაში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე რეჟიმის სახესა და ზოგადად მორალზე აპელირება.

აღიარებას რამდენიმე მიზეზი აქვს. აშკარად დააკლო აქტიურობა ქართულმა დიპლომატიამ რომელიც ვერაფრით ვერ გავიდა კონტაქტზე ასადის ხელისუფლებასთან. ცხადია რომ ეს არ იქნებოდა იოლი საქმე. მაგრამ გავიხსენოთ, რომ ადრე ქართულმა დიპლომატიამ არანაკლებ უფრო რთული ამოცანა გადაჭრა – აღიარების თაობაზე უკვე მიღებული გადაწყვეტილება გადაათქმევინა ბელორუსიას. შესაბამისად, ალბათ არც ეს ამოცანა იყო შეუსრულებელი მისია.

ასევე აშკარაა, რომ თავისი როლი ითამაშა აფხაზურმა დიასპორამ სირიაში და ცდა არ დააკლო სოხუმმაც, რომელსაც არგუმენტები ჰქონდა: აფხაზები – რუსეთის მოკავშირეები, ქართველები – ამერიკის მოკავშირეები, რომელთა საგარეო მინისტრიც თავის ტვიტერზე ამერიკელთა მხრიდან სირიის დაბომბვას მიესალმება. მაგრამ გადამწყვეტი სიტყვა, ცხადია, რომ მოსკოვს ეკუთვნოდა.

აქ, სულ ცოტა, გადაწყვიტეს რომ აღიარებისათვის ხელი არ შეეშალათ რადგანაც ალბათ ჩათვალეს, რომ სოხუმსა და ცხინვალთან ურთიერთობებში გარკვეული პოზიტივი იყო საჭირო. აღსანიშნავია, რომ მოსკოვის ამ ნაბიჯს კრიტიკოსები გამოუჩნდნენ რუსეთის ნაციონალისტურ-კონერვატორულ წრეებშიც კი. მაგალითად, მაქსიმ შევჩენკომ აღიარებას დიდი შეცდომა უწოდა თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობათა ბოლო დროინელი ნორმალიზების ფონზე და ყველაფერი “ანტიქართულ ლობის” დააბრალა.

რაც შეეხება აღიარების გრძელვადიან შედეგებს, ჩემი დაკვირვებით, ამ ამბავს სოხუმსა და ცხინვალში არ გამოუწვევია ისეთი დიდი ენთუზიაზმი როგორიც წლების წინ გამოიწვია აღიარებამ ვენესუელას მხრიდან. ალბათ უკვე იქაც ხვდებიან, რომ მათი აღიარების პროცესი ჩიხშია შესული და რომ ამ მხრივ ბევრი აღარაფერი შეიცვლება.

სირიული აღიარებაც არ მოხდებოდა, რომ არა ის გარემოება, რომ ამ ქვეყნის მმართველი რეჟიმის ყოფნა-არყოფნა რუსეთზეა დამოკიდებული. შესაბამისად, აღიარება კვლავაც ვერ გასცდა მოსკოვის კლიენტურას და წესით ვერც ვერასოდეს გასცდება. დომინოს ეფექტი ამ აღიარებას ნამდვილად ვერ ექნება, რეგიონის მასშტაბითაც კი – ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში სირიას ირანის გამოკლებით მოკავშირე არ ჰყავს და რომც ჰყავდეს, სოხუმისა და ცხინვალის გამო თავის ატკივება არავის სჭირდება.

თავის ატკივებაში იგულისხმება სეპარატიზმის წახალისება საკუთარ ტერიტორიაზე (ეს პრობლემა ირანსაც უდგას) და ურთიერთობების გაფუჭება არა მხოლოდ თბილისთან, არამედ მის დასავლელ მოკავშირეებთანაც.

ამიტომაც სირიული აღიარება ერთეულ შემთხვევად დარჩება თუ არა მოვლენათა განვითარების ორი ვარიანტი: 1. რუსეთი კიდევ რომელიმე ქვეყანაში გადაარჩენს რეჟიმს და შემდეგ რაღაც მიზეზების გამო გადაწყვეტს, რომ სოხუმსა და ცხინვალს ამ რეჟიმის აღიარება აჩუქოს. 2. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად თბილისი აღიარებს. ცხადია, რომ ეს ზღაპარია, მაგრამ სოხუმსა და ცხინვალში ამ ზღაპარზე სერიოზულად საუბრობენ ხოლმე და ამ მიზეზის გამო გადავწყვიტე იგი მეხსენებინა”.

• სირიაში სამხედრო კონფლიქტის დაწყებამდე ცხოვრობდა დაახლოებით ორნახევარი ათასი ოსი, რომელთა წინაპრები XIX საუკუნის შუა წლებში, კავკასიის ომის დროს ოსეთიდან ახლო აღმოსავლეთში გადასახლდნენ. ემიგრაციის მეორე ტალღა ХХ საუკუნის დასაწყისს დაემთხვა.

სირიამ სამხრეთი ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის შესახებ 29 მაისს აღიარა.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო


ასევე წაიკითხეთ