ეს საზღვარგარეთ მყოფ ახალგაზრდებს, რომლებსაც 27 წელი შეუსრულდათ, სურვილის შემთხვევაში, სამშობლოში დაბრუნების საშუალებას მისცემს " />

სომხეთი: სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება სისხლის სამართლებრივი დევნის მიზეზი აღარ იქნება

ეს საზღვარგარეთ მყოფ ახალგაზრდებს, რომლებსაც 27 წელი შეუსრულდათ, სურვილის შემთხვევაში, სამშობლოში დაბრუნების საშუალებას მისცემს

სომხეთის ის მოქალაქეები, რომლებიც ქვეყნიდან ისე გაემგზავრნენ, რომ სამხედრო სამსახური არ გაუვლიათ, უახლოესი ორი წლის განმავლობაში ჯარიმის გადახდით სისხლის სამართლის დევნისგან გათავისუფლებას და სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ. ჯარიმის ფასი, თითოეული გამოტოვებული გაწვევისთვის, 200 ათას დრამს (420 დოლარი) შეადგენს; ანუ, 3 მილიონ 600 ათას დრამს (7500 დოლარს) – გაწვევის ასაკის ერთად აღებული ყველა წლის სანაცვლოდ.

სომხეთის ეროვნულ საკრებულოში კანონში „იმ პირების შესახებ, რომლებსაც, დადგენილი წესის დარღვევით, სამხედრო სამსახური არ აქვთ გავლილი“ ცვლილებების შეტანა პირველი მოსმენით, ერთხმად მოხდა, და მისი საბოლოოდ მიღების ალბათობაც მაღალია.

კანონი „იმ პირების შესახებ, რომლებსაც, დადგენილი წესის დარღვევით, სამხედრო სამსახური არ აქვთ გავლილი“ ჯერ კიდევ 2004 წელს მიიღეს და დღვანდლამდე მასში უკვე რვაჯერ შეიტანეს შესწორებები, რამაც ათასობით ახალგაზრდას სამშობლოში დაბრუნების საშუალება მისცა. წინა დადგენილი ვადა 2015 წლის მაისში გავიდა. ამ პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ის 2019 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს.

თავდაცვის სამინისტროს შეთავაზებით, ამგვარი შესაძლებლობა არ უნდა დაეკანონებინათ და ახალგაზრდებისთვის ჯარიმის გადახდით სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ნება არ უნდა დაერთოთ. თუმცა, ეს წინადადება უარყვეს, მათ შორის – პროსამთავრობო დეპუტატებმაც. ამასთან დაკავშირებით მოცემული პროექტის წარმდგენმა მმართველი რესპუბლიკური ფრაქციის წარმომადგენელმა დეპუტატმა კარინე აჩემიანმა განაცხადა:

“ჩვენ კეთილი საქმის გაკეთება გვსურდა, რადგან ამ ბავშვებმა სომხეთი სრულიად განსხვავებული მიზეზებით დატოვეს. მათი ოჯახები ან მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო გაემგზავრნენ, ან რაიმე სხვა მიზეზით. ვფიქრობ, მათთვის კარის ჩაკეტვა არალოგიკურია“.

დეპუტატებმა ასევე უარყვეს თავდაცვის სამინისტროს წინადადება იმის თაობაზე, რომ თითოეული გაცდენილი გაწვევისთვის პირებს არა 200, არამედ 500 ათასი დრამი (ათას დოლარზე მეტი) გადაეხადათ. დეპუტატებმა მიიჩნიეს, რომ ეს დიდი თანხაა, და მის გადახდას და სამშობლოში დაბრუნებას ყველა ვერ შეძლებს.

ფრაქციების „ელკისა“ და „ცარუკიანის“ დეპუტატები განხილვის დროს ცდილობდნენ გაერკვიათ, თუ რა ისახავს მიზნად  ეს კანონპროექტი: ბიუჯეტის შევსებას თუ ადამიანების სამშობლოში დაბრუნებას.

ფრაქცია „ელკის“ დეპუტატებმა არტაკ ზეინალიანმა და მანე თანდილიანმა განაცხადეს: თუკი ცვლილებებს საფუძვლად რეპატრიაცია უდევს, მაშინ ჯარიმაზე საერთდ არ შეიძლება ლაპარაკი.

ფრაქცია „ცარუკიანის“ დეპუტატმა სერგეი ბაგრატიანმა აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ ძებნაში მყოფი  11 ათასი ადამიანიდან 86% სწორედ სახედრო სამსახურისთვის თავის არიდებაშია ბრალდებული, და თუკი მათი დაბრუნება გვინდა, მაშინ ჯარიმის გადახდის საკითხი არ უნდა წამოვწიოთ.

კანონპროექტის წარმდგენმა კარინე აჩემიანმა ოპოზიციონერ დეპუტატებს უპასუხა:

 „თუკი ასე მოვიქცევით, გამოვა, რომ სამსახურისთვის თავის არიდებას ვახალისებთ. ეს ადამიანები სისხლის სამართლის მიერ დევნილები არიან, რადგან კანონი დაარღვიეს. ჩვენ არ შეგვიძლია კარი გავაღოთ და ვუთხრათ: მიბრძანდით, გაემგზავრეთ, შედეგ კი შეგიძლიათ დაბრუნდეთ, და ჯარიმაც არ გადაიხადოთ“.

მან განაცხადა, რომ გასული წლების განმავლობაში ამ კანონის მოქმედების შედეგად საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტში 8 მილიარდ დრამზე მეტი (16 მილიონი დოლარი) შევიდა, რაც სამხედრო სფეროს საჭიროებებს მოხმარდა.

ოპოზიციურმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ მეორე მოსმენისთვის ახალ წინადადებებს წამოაყენებენ და პროექტის საბოლოო ტექსტში ცვილებების შეტანას შეეცდებიან.


ასევე წაიკითხეთ