ძირითადი მიზეზები: სიჩქარის გადაჭარბება, არასწორი მანევრები, ავტომობილის მართვა არაფხიზელ მდგომარეობაში" />

სამი თვის განმავლობაში საქართველოში გზებზე 108 ადამიანი დაიღუპა

ძირითადი მიზეზები: სიჩქარის გადაჭარბება, არასწორი მანევრები, ავტომობილის მართვა არაფხიზელ მდგომარეობაში

საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა კვლავინდებურად შემაშფოთებელია, თუმცა, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განსაკუთრებული ზრდა არ არის. 

• 1427 შემთხვევა გზებზე 2019 წლის აპრილში, მაისსა და ივნისში; 1302 შემთხვევა – 2018 წლის იმავე თვეებში. 

• ამ შემთხვევების შედეგად დაიღუპა 108 ადამიანი და დაშავდა 1929; 2018 წელს დაიღუპა 116 და დაშავდა 1779 ადამიანი. 

• ალკოჰოლი, სიჩქარე, კორუფცია – აფხაზეთის გზებზე ავარიების საშიში სტატისტიკის მიზეზები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიკვდილით დასრულებული ავტოსაგზაო შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა თბილისში მოხდა 2019 და 2018 წლებშიც.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაში არის გზებზე უბედური შემთხვევების ძირითადი მიზეზებიც: 

• სიჩქარის გადაჭარბება

• არასწორი მანევრი – ერთი ზოლიდან მეორე ზოლში მოხვევის მაჩვენებლის ჩართვის გარეშე გადასვლა, ღერძულა ხაზის გადაკვეთა, გადასწრება აკრძალულ მონაკვეთზე

• არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა 

• ფეხით მოსიარულეთა მიერ უსაფრთხოების წესების დარღვევა

• ავტომობილების ტექნიკური გაუმართაობა

ავარიების დიდი ნაწილი – 850 შემთხვევა მოხდა მსუბუქი ავტომობილების მონაწილეობით, 58 შემთხვევა – მოტოციკლეტის. კიდევ 58 კი – სატვირთო ავტომობილის მონაწილეობით. 

ავარიების შედეგად გარდაცვალების მაღალი მაჩვენებლის გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გზებზე კონტროლს აძლიერებს. 

უკვე ამოქმედდა გზებზე დამონტაჟებული, დაახლოებით, ხუთი ათასი ვიდეოკამერა, სიჩქარის გადაჭარბების რადარები კი გზების 700 კილომეტრს აკონტროლებს. 

ასევე, შსს-ს ინიციატივით დაიწყო კამპანია „მეტი სიცოცხლისთვის“. თბილისსა და რამდენიმე სხვა ქალაქში, გზებზე გამოჩნდა ინსტალაციები ავარიაში მოყოლილი, ამობრუნებული ავტომობილებით. 


ასევე წაიკითხეთ