უკრაინული ტელეკომპანია „ჰრომადსკოე“ იმის შესახებ ჰყვება, თუ როგორ მუშაობს სხვისი შვილების „საშოთი ტარების“ მზარდი ბაზარი" />

საკუთარი სხვისი დედა – რატომ გახდა უკრაინა სუროგატული დედობის ცენტრი

უკრაინული ტელეკომპანია „ჰრომადსკოე“ იმის შესახებ ჰყვება, თუ როგორ მუშაობს სხვისი შვილების „საშოთი ტარების“ მზარდი ბაზარი

 

ჰრომადსკოეს მასალა

ელიზავეტა პოგუდინა ქმართან და მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად უკრაინაში, ქალაქ ხარკოვის მახლობლად ცხოვრობს. აპრილში მან გოგონა გააჩინა და ესპანეთიდან ჩამოსულ უშვილო წყვილს მისცა. ელიზავეტა – სუროგატი დედაა. ის, დიდი ხანია, საკუთარ სახლზე ოცნებობდა, მის საყიდლად კი ფული არ ჰქონდა. ელიზავეტამ გადაწყვიტა, სუროგატი დედა გამხდარიყო, რათა ერთჯერადი დიდი ანაზღაურება მიეღო. ოჯახმა მას, თუმცა მაშინვე არა, მაგრამ მაინც მხარი დაუჭირა.  

სუროგატული დედობის დედაქალაქი

უკრაინას ზოგჯერ „სუროგატული დედობის“ დედაქალაქს უწოდებენ – სხვა ქვეყნების უმრავლესობისგან განსხვავებით, კანონი აქ „კომერციული სუროგატული დედობის“ უფლებასაც იძლევა.

 „ევროპის ბევრ ქვეყანაში სუროგატული დედობა მხოლოდ იმ შემთხვევებშია დაშვებული, თუკი ეს სუროგატი დედისთვის ფულად ანაზღაურებას არ ითვალისწინებს“, – ამბობს სერგეი ანტონოვი, უკრაინის ერთ-ერთი პირველი სააგენტო IRTSA,Ukraine-ის წარმომადგენელი. უკრაინაში ადამიანებს  დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები ამ კომპანიამ  ერთ-ერთმა პირველმა შესთავაზა.

უკრაინის გარდა, კომერციული სუროგატული დედობა ლეგალურია საქართველოში, ყაზახეთში, კამბოჯაში, რუსეთსა და აშშ-ს ზოგიერთ შტატში, თუმცა უშვილო წყვილების უმრავლესობა მაინც კიევში ჩასვლას ამჯობინებს. ზოგიერთი მონაცემების მიხედვით, უკრაინელ სუროგატ დედებზე მოთხოვნამ მას შემდეგ იმატა, რაც ტაილანდსა და ინდოეთში ამ საქმიანობის უმსხვილესი ბაზრები დაიკეტა.  

უკრაინის სამედიცინო ტურიზმის ასოციაციის მონაცემებით, რეპროდუქციული ტექნოლოგიები იმ სამ ყველაზე პოპულარულ სამედიცინო მომსახურებაში შედის, რასაც უცხოელებს სთავაზობენ (ოფთალმოლოგიისა და სტომატოლოგიის შემდეგ). 

რეპროდუქციული მედიცინა ქვეყანაში საკმაოდ კარგად არის განვითარებული – უკრაინელ სუროგატ დედებზე წარმოუდგენელი მოთხოვნის მიზეზი ალბათ სწორედ აქ უნდა ვეძებოთ, – მიაჩნია კიევის რეპროდუქციული კლინიკის Reprolife-ის ექიმს რომან ლიტვინენკოს.

შესაძლოა, მიზეზი შედარებით სიიაფეშიც იყოს: უკრაინაში მთლიანი „პაკეტის“ საშუალო ღირებულება – 30 ათასი დოლარია; ყოველთვიურად კიდევ საჭიროა 300 დოლარის გადახდა, რასაც სუროგატი დედა კვებისა და საყოფაცხოვრებო საჭიროებებისთვის ხარჯავს. ანაზღაურება დედისთვის, რომელიც სხვის შვილს ატარებს და აჩენს, უკრაინაში უფრო მოკრძალებულია, ვიდრე სხვა ქვეყნებში:

„ერთჯერადი გადასახადი მშობიარობის შემდეგ 11,5 ათასი დოლარიდან 13 ათასამდე მერყეობს, – ამბობს ფსიქოლოგი, რეპროდუქციული პერინატელური ფსიქოლოგიისა და ფსიქომატიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი ანტონინა ნაკონეჩნაია, – ამერიკაში კი ფასები 100 ათასიდან იწყება“.

რას ამბობს კანონი 

სუროგატული დედობა უკრაინაში კანონით არ იკრძალება, თუმცა არც რეგულირდება. იურისტი სერგეი ანტონოვი შექმნილ სიტუაციას უძრავი ქონების ბაზარს ადარებს:

„არის ძალიან ბევრი რიელტორი, რომლებიც არსად არ არიან რეგისტრირებულნი, მაგრამ პირებს შორის ხელშეკრულებებს აფორმებენ. უკრაინაში სურაგატული დედობის ბაზარზეც იგივე ხდება”.

ოფიციალური სააგენტოები და კლინიკები თავიანთ სერვისს უკრაინის საოჯახო კოდექსის ცალკეულ დებულებებსა და სხვა ნორმატიული აქტებზე დაყრდნობით წარმოადგენენ. მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ბრძანებულება მიუთითებს, თუ კერძოდ ვის შეიძლება მოემსახუროს სუროგატი დედა: მამაკაცსა და ქალს, რომლებიც ოფიციალურად არინ დაქორწინებულები, და რომლებსაც უშვილობა დიაგნოსტირებული აქვთ.

ჰრომადსკოეს ჟურნალისტები შეეცადნენ, ჯანდაცვის სამინისტროში გაერკვიათ, თუ რამდენი სუროგატი დედაა უკრაინაში, და რამდენად დაცულია მათი უფლებები, მაგრამ ოფიციალურ მოთხოვნაზე პასუხი არ მიუღიათ.

ამავდროულად, ამგვარი შეთანხმებების ყველა მონაწილე და თანამოსაუბრე ადასტურებს: ბაზარი ყოველწიურად იზრდება.

თანაც ზოგიერთმა მათგანმა აღიარა: ქვეყანაში ბევრი არალეგალური კომპანია მუშაობს.

„სუროგატული დედობის ბაზარი უკრაინაში დაახლოებით ორი მესამედით არ არის ლეგალური“, – თქვა სერგეი ანტონოვმა.

სხვისი შვილის დედა

უკრაინაში სუროგატ დედას „განსჯის“ უფლება არ აქვს – ანუ, უფლება არ აქვს, რომ საკუთარ საშოში გამოზრდილი ახალშობილი ბიოლოგიურ მშობლებს არ მისცეს.

სუროგატული დედობის კანდიდატს აუცილებლად უნდა ჰყავდეს მინიმუმ ერთი საკუთარი შვილი, და ის 35 წელიწადზე უფროსი ასაკის არ უნდა იყოს.

ხელშეკრულება, რომელსაც ის ხელს აწერს, მრავალ ნიუანსს ითვალისწინებს – ქმრის თანხმობით დაწყებული (თუკი გათხოვილია), ორსულობის დროს ინტიმური სიახლოვის შეზღუდვით დასრულებული. „როგორც წესი, სუროგატ დედებს ყველა კიცხავს – მეზობლებიც და ეკლესიაც, – ამბობს ფსიქოლოგი ანტონინა ნაკონეჩნაია, – ბევრს ასეთი ორსულობის რცხვენია კიდეც და მის დაფარვას ცდილობენ“.

 

სუროგატი დედა მარია (სახელი შეცვლილია) „ჰრომადსკოესთან“ ინტერვიუში. 20 ივნისი 2018. ფოტო: „ჰრომადსკოე“

„არ მინდოდა ამის შესახებ ვინმეს სცოდნოდა, – იხსენებს მარია (სახელი შეცვლილია), – მშობლებთან გავემგზავრე, როდესაც ჯერ კიდევ მცირე ხნის ფეხმძიმე ვიყავი, შემდეგ კი სულ კიევში ვიყავი. მარიას თავისი შვილი უკვე ჰყავდა, ქმართან გაშორებული იყო. სუროგაციაზე „არცთუ მარტივი ცხოვრებისეული სიტუაციის გამო“ დათანხმდა.

იყო ეჭვი და შიშები, თუმცა ყველაფერი გამოვიდა. როგორც წესი, ბავშვი დაბადებისთანავე მიჰყავთ. მაგრამ მარინას ადრეული მშობიარობა დაეწყო, და მშობლებმა ბავშვის დაბადებას ვერ მიუსწრეს.

„მე მისი ძუძუთი კვებაც კი მომიხდა, – ჰყვება მარია, – ერთი თვე გვერდით მყავდა. მათ (ბიოლოგიურმა მშობლებმა) მთხოვეს, რომ მათთან ვყოფილიყავი და დავხმარებოდი. მარია ამბობს, რომ ბავშვის დანახვისთანავე მიხვდა, რომ ეს მისი შვილი არ იყო: „ჩემი პირველი შვილი მე მგავდა, დავინახე თუ არა, ვთქვი, – ჩემია-მეთქი. ეს კი, რომ დაიბადა, მაშინვე ვიცოდი, რომ სხვისი იყო“.

ის არ მალავს, რომ მისთვის ეს ყველაფერი, პირველ რიგში, შემოსავლის წყარო იყო.

შემოსავლის მიღების საშუალება – უკრაინელი ქალების უმრავლესობისთვის სუროგატულ დედობაზე დათანხმების მთავარი მიზეზია. უფრო ხშირად კანდიდატები ღარიბი, სოფლელი ქალები ხდებიან.

„და მაინც, სუროგატული დედობა ყოველთვის ფულთან არ ასოცირდება. „ეს ჩემთვის, პირველ რიგში, პასუხისმგებლობაა, – ამბობს „ჰრომადსკოეს“ თანამოსაუბრე ელიზავეტა, – მე ხომ ადამიანები სიცოცხლეს მანდობენ. ორსულობის დროს ფულზე კი არ ვფიქრობდი, არამედ იმაზე, რომ ჯანმრთელი ბავშვი გამეჩინა და მის მშობლებს დავხმარებოდი“.


ასევე წაიკითხეთ