მედიისთვის სასამართლოს გადაწყვეტილება კოჩარიანის ადვოკატმა განმარტა" />

სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კოჩარიანის პირადი თავისუფლების უფლების დარღვევა აღიარა

მედიისთვის სასამართლოს გადაწყვეტილება კოჩარიანის ადვოკატმა განმარტა

საკონსტიტუციო სასამართლოში ორი დღის განმავლობაში მსჯელობის საგნად ქცეული, სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ კოჩარიანის მიმართ გამოყენებული  მუხლების კონსტიტუციურობის შესახებ რვა მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წაიკითხეს. ვინაიდან იურიდიული ცოდნის არმქონე ადამიანებისთვის ეს ტექსტი ძნელად გასაგები იყო, ჟურნალისტებმა განმარტებებისთვის კოჩარიანის ადვოკატს მიმართეს. და არამ ვარდევანიანმა განმარტა, რომ ანტიკონსტიტუციურად არის ცნობილი 35-ე მუხლი, რაც იმას ნიშნავს, რომ რობერტ კოჩარიანის პირადი თავისუფლების უფლება დაირღვა.

ექს-პრეზიდენტის ადვოკატმა განაცხადა, რომ დაცვა თავის სამომავლო გეგმებსა და მოქმედებებს  გადაწყვეტს და მას შემდეგ განახორციელებს, როდესაც ვერდიქტი ხელთ ექნება.

2019 წლის 3 სექტემბერი

სომხეთში 3 სექტემბერს სომხეთის ექს-პრეზიდენტის რობერტ კოჩარიანის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდნენ.

ბრალდებული სასამართლოს სთხოვდა, რომ სისხლის სამართლის იმ მუხლების კონსტიტუციურობა შეემოწმებინათ, რაც მის მიმართ არის გამოყენებული. კერძოდ, საუბარია რობერტ კოჩარიანის, როგორც ქვეყნის ყოფილი მეთაურის, ხელშეუხებლობასა, და მისი დაპატიმრების მიზანშეწონილობაზე.

თუმცა, მოსამართლეები სათათბირო ოთახიდან არ გამოსულან, მათი გადაწყვეტილების გამოცხადება 4 სექტემბრისთვის გადაიდო.

ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატების განცხადება

სანამ მოსამართლეები თათბირობდნენ, ჟურნალისტები არკვევდნენ, როგორი მოლოდინი აქვთ ექსპრეზიდენტის ადვოკატებს. ერთ-ერთმა მათგანმა, აიკ ალუმიანმა განმარტა, რომ სასამართლო არ განიხილავს ექსპრეზიდენტის პატიმრობაში ყოფნის საკითხს:

„საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს რობერტ კოჩარიანის მიმართ გამოყენებული კანონის კონსტიტუციურობას და საერთო სასამართლოების მიერ ამ კანონის მიმართ გამოთქმულ ინტერპრეტაციებს. თუ ჩათვლიან, რომ ეს კანონი კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია, ჩვენ სხვა საქმეებზე გადავალთ“.

ამასთან, ადვოკატმა განაცხადა, რომ თუკი საკონსტიტუციო სასამართლო დაცვის მხარის ყველა არგუმენტს დაეთანხმება, მაშინ კოჩარიანი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან და მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდეს.

ექსპრეზიდენტის მეორე ადვოკატმა, არამ ვარდევანიანმა განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს სამართლებრივი ხარვეზები აქვს. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის მიზეზი გახდა 2018 წლის 15 ნოემბერს საკასაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება რობერტ კოჩარიანის ხელმეორედ დაპატიმრების შესახებ.

მაშინ საკასაციო სასამართლომ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც რობერტ კოჩარიანი პატიმრობიდან გათავისუფლდა იმის გათვალისწინებით, რომ ის ხელშეუხებელი იყო, როგორც ყოფილი პრეზიდენტი.

„სომხეთის ხელისუფლება სასამართლოზე ახდენს ზეწოლას“

სომხეთის მეორე პრეზიდენტის შვილმა, ლევონ კოჩარიანმა განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება სასამართლოზე ზეწოლას ახდენს.

„იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ დაემორჩილება ზეწოლას და კანონის ფარგლებში მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა უმცროსმა კოჩარიანმა.

მისი თქმით, სომხეთის სასამართლო სისტემაზე ზეწოლა თვალსაჩინოა:

„სად გინახავთ მსოფლიოში, რომ სასამართლოს შესასვლელებს პირველი პირის ბრძანებით კეტავდნენ?“.

რობერტ კოჩარიანის შვილს მხედველობაში ჰქონდა პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მოწოდება საკუთარი მომხრეებისადმი, რომ 2019 წლის 19 მაისს, ყველა სასამართლოს შესასვლელი დაებლოკათ.

მეტიც, ყოფილი პრეზიდენტის მომხრეები ღიად აცხადებენ, რომ ამ მოწოდების მიზეზი გახდა სასამართლოს მიერ 18 მაისს გამოტანილი გადაწყვეტილება – გაეთავისუფლებინა რობერტ კოჩარიანი პატიმრობიდან.

ტრადიციული აქციები

სასამართლოს შენობასთან ტრადიციულად შეიკრიბნენ ექსპრეზიდენტის მომხრეები და მოწინააღმდეგეები. მისი მხარდამჭერები სკანდირებდნენ „კოჩარიანი – გმირი“. მოწინააღმდეგეები კი ამჯერად რიცხობრივად აშკარად ჩამორჩებოდნენ. ერთ-ერთმა აქტივისტმა, ვარდგეს გასპარიანმა, ტრადიციულად, მწოლიარე პროტესტს მიმართა.

დროდადრო მხარეებს შორის კონფლიქტი ხდებოდა, რომლის დამშვიდებაც პოლიციელებს უხდებოდათ.

ვენეციის კომისიის როლი კოჩარიანის საქმეში

ვენეციის კომისია მზადაა, სომხეთის სასამართლო სისტემას რობერტ კოჩარიანის საქმეზე კონსულტაცია გაუწიოს. ამის შესახებ ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლომ 22 აგვისტოს გაავრცელა.

18 ივლისს, სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსა და ვენეციის კომისიას მიმართა სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის საქმეში იმ მუხლის კონსტიტუციურობის გასარკვევად, რომელიც ექსპრეზიდენტის მიერ კონსტიტუციური წყობის დამხობის საქმეში იყო გამოყენებული და, ასევე, პრეზიდენტის ინსტიტუტის იმუნიტეტის კონსტიტუციურობასთან შესაბამისობის დადგენაში.

ვენეციის კომისიის თანხმობაზე უკვე გააკეთა კომენტარი კოჩარიანის ადვოკატმა, ოვანეს ხუდოიანმა:

„ველით, რომ საბოლოო შეფასებით, ეს მუხლები (რომლითაც ბრალი ედება კოჩარიანს) არც ისე ნათელია და არ შეიძლება პასუხისმგებლობის საფუძველი გახდეს (კოჩარიანის)“.

თუმცა, ხუდოიანის თქმით, ვენეციის კომისიის მოსაზრება მხოლოდ კონსულტაციის ხასიათს ატარებს და ამიტომ, საკონსტიტუციო სასამართლოს მაინც შეუძლია სხვა გადაწყვეტილების გამოტანა.

დეტალები: რაში ედება ბრალი ექსპრეზიდენტს 

2018 წლის ივლისში, რობერ კოჩარიანს ბრალი წარუდგინეს 2008 წლის 1 მარტის საქმეზე საკონსტიტუციო წყობის დამხობაში.

საუბარია 2008 წლის 19 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე. მაშინ, სომხეთის ოპოზიციამ, ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ლევონ ტერ-პეტროსიანის მეთაურობით, რომელიც ერთ-ერთი კანდიდატი იყო, საპროტესტო აქცია გამართა. ოპოზიციონერები დარწმუნებული იყვნენ ტერ-პეტროსიანის გამარჯვებაში და არჩევნების შედეგების გადახედვას მოითხოვდნენ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კი კენჭისყრის შედეგად გამარჯვებულად სერჟ სარგსიანი გამოაცხადა.

საპროტესტო დემონსტრაციის დაშლისას გამოიყენეს საბრძოლო იარაღი, დაიღუპნენ ადამიანები. ქვეყნის პრეზიდენტი იმ დროისთვის ჯერ კიდევ რობერტ კოჩარიანი იყო. ცესკოს მონაცემების თანახმად არჩეულ პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს მოვალეობის შესრულება დაწყებული არ ჰქონდა. სწორედ ამიტომ, აქციის სასტიკად დარბევასა და საკონსტიტუციო წყობის დამხობაში ახლა კოჩარიანს ედება ბრალი.

„1 მარტის“ საქმეზე გამოძიება მკვდარი წერტილიდან არ იძვროდა 2018 წლის სომხეთის „ხავერდოვან“ რევოლუციამდე. ახალი ხელისუფლება, რევოლუციის ლიდერის, ნიკოლ ფაშინიანის მეთაურობით მაშინვე შეუდგა ამ საქმის გამოძიებას.

2018 წლის 28 ივლისს, ექსპრეზიდენტი ამ საქმეზე პირველად დააპატიმრეს. თუმცა, ორი კვირის შემდეგ გაათავისუფლეს. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება დაკავების შესახებ უკანონოდ ცნო. გათავისუფლების საფუძველი გახდა საკონსტიტუციო ჩანაწერი, რობერტ კოჩარიანის, როგორც პრეზიდენტის იმუნიტეტის შესახებ.

2018 წლის აგვისტოში კოჩარიანის გათავისუფლების შემდეგ, საკასაციო სასამართლომ 15 ნოემბერს საქმე ხელახალი გამოძიებისთვის სააპელაციო სასამართლოს გადასცა. და 2018 წლის 7 დეკემბერს სააპელაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ექსპრეზიდენტის ხელმეორედ დაპატიმრების შესახებ. იმ დღიდან 2019 წლის 18 მაისამდე, სომხეთის მეორე პრეზიდენტი ციხეში იმყოფებოდა. იმ დღეს, განიხილეს კოჩარიანის ადვოკატის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ და მოსამართლე დავიდ გრიგორიანმა მისი პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

მან გაითვალისწინა მთიანი ყარაბაღის ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტების, ბაკო სააკიანისა და არკადი გუკასიანის შუამდგომლობები. მათ სასამართლოს კოჩარიანის პატიმრობიდან გათავისუფლება საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ სთხოვეს, იმ ღვაწლის გათვალისწინებით, „რაც მან შეიტანა ორი სომხური რესპუბლიკის ფორმირებაში, იმ უზარმაზარი ღვაწლის გათვალისწინებით, რაც მან შეიტანა ყარაბაღის ომსა და სომხური არმიის ფორმირებაში“.

თუმცა, 2019 წლის თებერვლიდან კოჩარიანის წინააღმდეგ კიდევ ერთი ბრალდებით იყო საქმე აღძრული – 927 მილიონი დრამის (დაახლოებით 3 მილიონი დოლარის) ოდენობის ქრთამის აღებისთვის. ეს ბრალდება დაკავშირებულია იმ განცხადებასთან, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ 2018 წლის ნოემბერში ბიზნესმენმა სილვა ამბარცუმიანმა გააკეთა.

კოჩარიანმა განაცხადა, რომ მეორე საქმე მის წინააღმდეგ აღიძრა იმის გამო, რომ ყადაღა დაედოს მის ქონებას. მან აღნიშნა, რომ პირველი ბრალდების შემდეგ მის ქონებას უკვე ედო ყადაღა, მაგრამ კონსტიტუციური წესრიგის დამხობის საქმე არ ითვალისწინებს დამატებით სანქციას ქონების კონფისკაციის სახით, რაც არ გამოირიცხება სავარაუდო ქრთამის აღების ბრალდების შემთხვევაში.

ბოლოს კოჩარიანი 25 ივნისს დააპატიმრეს.

ექსპრეზიდენტი თავის წინააღმდეგ წაყენებულ არც ერთ ბრალდებას არ აღიარებს და მათ სომხეთის ახალი ხელისუფლების პოლიტიკურ დაკვეთასა და ვენდეტას უწოდებს.

სომხეთის მეორე პრეზიდენტს ახალი ბრალი წაუყენეს – დიდი ოდენობით ქრთამის აღება

კოჩარიანი 2008 წლის არეულობებზე პასუხისმგებლობას ფაშინიანს აკისრებს

24 ივნისს, ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში ექსპრეზიდენტმა რობერტ კოჩარიანმა განაცხადა:

„სომხეთის ახლანდელ პრემიერ-მინისტრს პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება 2008 წლის 1 მარტის არეულობებზე და ის ნამდვილად ისურვებდა ისტორიის გადახედვას, დამნაშავეების მოძებნას. მის წარმოდგენებში დამნაშავე – მე ვარ“.

პრემიერი ფაშინიანი მწვავე ოპოზიციონერი იყო მთელი თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ის პრეზიდენტობის კანდიდატის, ლევონ ტერ-პეტროსიანის ინტერესებს წარმოადგენდა. ფაშინიანი აქტიურად მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში, რომელიც არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყო. 1 მარტის დემონსტრაციის დარბევის შემდეგ, მასობრივი არეულობების ორგანიზების ბრალდების გამო, ოპოზიციური მოღვაწე ერთი წლითა და ოთხი თვით მიწისქვეშეთში გადავიდა.

2010 წლის პირველ ივლისს, ფაშინიანი საკუთარი სურვილით გამოცხადდა პროკურატურაში. ის დააპატიმრეს და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ერთი წლისა და თერთმეტი თვის შემდეგ მას სომხეთის დამოუკიდებლობის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ამნისტია შეეხო. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ქვეყნის ხელისუფლება მაშინ იძულებით წავიდა ამ ნაბიჯზე იმ ზეწოლის გამო, რომელსაც მასზე საერთაშორისო სტრუქტურები ახორციელებდნენ.

სასამართლოს მიერ მის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე, 2019 წლის 24 ივნისს, კოჩარიანმა განაცხადა, რომ უარყოფით გადაწყვეტილებას ელოდა. მისი თქმით, საქმის განხილვის დროს „ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ დაცვის მხარეს საკუთარი პოზიციები ვერ წარმოედგინა“.

რობერტ კოჩარიანმა ღიად და არა პირველად გამოხატა საკუთარი პოზიცია სომხეთის მოქმედი ხელისუფლების მიმართ:

„ნათელია, რომ ამ ხელისუფლების მოწინააღმდეგე ვიქნები. პოლიტიკური პროცესები გვაჩვენებს, ძირითადი მოწინააღმდეგე ვიქნები თუ არაძირითადი და რა როლს შევასრულებ ოპოზიციურ ველზე“.

სომხეთის ექს-პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი პატიმრობის შემდეგ პოლიტიკაში ბრუნდება

ამავდროულად, სომხეთის მეორე პრეზიდენტმა პირდაპირ არ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, გეგმავს თუ არა ხელისუფლებაში კიდევ ერთხელ მოსვლას:

„თუკი იქნებიან უფრო ახალგაზრდები, ენერგიულები, ადამიანების სიღრმისეული ცოდნით, რომლებშიც დავინახავ ძალას, რომელსაც ქვეყნის წინ წაყვანა შეუძლია, ვერ ვხედავ პრობლემას – პირიქით, გამიხარდება, თუკი ამ ადამიანებს დავინახავ. მაგრამ… ეს კითხვა ღიად დავტოვოთ“.


ასევე წაიკითხეთ