პრეზიდენტი ტრამპი ამ გზით ცდილობს თავისი წინასაარჩევნო დაპირებებისთვის კონგრესისგან დაფინანსების მოპოვებას " />

ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ვის და რატომ აწყობს ეს?

პრეზიდენტი ტრამპი ამ გზით ცდილობს თავისი წინასაარჩევნო დაპირებებისთვის კონგრესისგან დაფინანსების მოპოვებას

CNN-ის ცნობით პრეზიდენტმა ტრამპმა აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ეს მას საშუალებას აძლევს, კონგრესის გვერდის ავლით დააფინანსოს მექსიკის საზღვართან არალეგალი მიგრანტების შემაჩერებელი დამცავი კედელი.

კედლის მომხრეები და მოწინააღმდეგეები

მექსიკის საზღვართან კედლის აგება დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო. მისი თქმით, ამის მიზანი იყო – ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან არალეგალური მიგრანტების ნაკადის შეჩერება, რომლებთან ერთადაც აშშ-ში ნარკოტიკები და იარაღი ხვდება.

ტრამპის მოწინააღმდეგეები ამტკიცებდნენ, რომ კედლის მშენებლობა – გადასახადების გადამხდელთა ფულის უაზრო ხარჯვაა. მათი აზრით, ერთადერთი ეფექტური გზა – იმ ქვეყნებში, საიდანაც ისინი ჩამოდიან, ეკონომიკის განვითარება და სამუშაო ადგილების შექმნაა.

კონსერვატიულად განწყობილმა ამერიკელმა ამომრჩევლებმა მხარი ტრამპს დაუჭირეს. მაგრამ საინტერესოა, რომ კედლის აგების იდეა ყველაზე ნაკლები პოპულარობით სარგებლობს მექსიკის მოსაზღვრე შტატებში – კალიფორნიასა და ტეხასში.

დაპირისპირება

პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ტრამპი საკუთარი წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას შეუდგა. არალეგალი მიგრანტების საწინააღმდეგო კედლის აგებისთვის მან კონგრესისგან 5,7 მილიარდი დოლარი მოითხოვა.

დემოკრატმა კონგრესმენებმა პრეზიდენტს კატეგორიული უარი უთხრეს. ამ დაპირისპირების შედეგია აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი „შატდაუნი“ – სახელმწიფო დაწესებულებებისთვის დაფინანსების შეწყვეტა.

ბოლოს და ბოლოს ტრამპმა დათმო და ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელშიც არ არის განსაზღვრული თანხა კედლის მშენებლობისთვის. ამის ნაცვლად, მან საკუთარი ბრძანებით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა – ეს მას საშუალებას აძლევს, კონგრესის გვერდის ავლით მიიღოს სასურველი დაფინანსება. უკვე გამოცხადებულია, რომ ამ ფულს სამხედრო მშენებლობის ასიგნებებიდან აიღებენ.

პერსპექტივა

კონგრესის ზედა პალატაში რესპუბლიკელი უმრავლესობის ლიდერმა მაკკონელმა უკვე განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს ტრამპის ქმედებებს.

ქვედა პალატაში დემოკრატი უმცირესობის ლიდერმა პელოსიმ კი განაცხადა, რომ პრეზიდენტს „ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა“ და „კონსტიტუციის განადგურების“ უფლებას არ მისცემს.

ახლა, როგორც ყველა ელოდება, მათ შორის, თვითონ ტრამპი, საქმეში ამერიკული სასამართლო ჩაერთვება, რომელსაც პრეზიდენტის ბრძანების დაბლოკვის უფლება აქვს. სწორედ ისინი ეწინააღმდეგებოდნენ წარსულში ეფექტურად ტრამპის ბრძანებებს, რომლებიც მიგრანტების წინააღმდეგ ბრძოლისკენ იყო მიმართული.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ