"პრეზიდენტი ზელენსკი უბრალო ბიჭი არ არის, ის ბევრს გააოცებს", - განაცხადა სააკაშვილმა აეროპორტში" />

მიხეილ სააკაშვილი კიევში დაბრუნდა

"პრეზიდენტი ზელენსკი უბრალო ბიჭი არ არის, ის ბევრს გააოცებს", - განაცხადა სააკაშვილმა აეროპორტში

REUTERS/Gleb Garanich 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინული პოლიტიკური პარტიის “ახალი ძალების მოძრაობის” ლიდერი  მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდა, საიდანაც იგი 2018 წლის თებერვალში გააძევეს.

• უკრაინული მიშა

• მიშას უკრაინული გარღვევა: ამის შემდეგ, რა?

სააკაშვილი კიევის ბორისპოლის აეროპორტში პოლონეთიდან ჩაფრინდა. მას მხარდამჭერები “მიშა”-ს შეძახილებით დახვდნენ.

“მე დავბრუნდი ქვეყანაში, რომელიც მიყვარს. მე არ ჩამოვსულვარ  ვინმეზე შურისძიების მიზნით, ვინმეს დასასჯელად ან რაიმეს გასანადგურებლად. ეს ჩემი სტილი არაა. მე დავბრუნდი, რათა ვაკეთო ის, რაც შემიძლია – ვაშენო. ეს არის ის, რის გაკეთების საშუალებაც არ მომცეს ოდესაში. მინდა, მილიონობით უკრაინელთან ერთად, ახალი პრეზიდენტის გუნდთან ერთად ისტორიული შანსი გამოვიყენო, რათა მონაწილეობა მივიღო ახალი უკრაინის მშენებლობაში “, – განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს.

ზელენსკის გადაწყვეტილების კომენტირებისას მისთვის მოქალაქეობის დაბრუნების შესახებ მან აღნიშნა, რომ “პრეზიდენტმა ზელენსკიმ აჩვენა, რომ მას შეუძლია თამამი და სწრაფი გადაწყვეტილებები მიიღოს”. მისივე თქმით, უკრაინაში ბევრ ადამიანს, როგორც ყოფილი, ასევე ახლანდელი ხელისუფლებიდან, ქვეყანაში მისი დაბრუნება არ სურდათ, მაგრამ ზელენსკიმ “არავის მოუსმინა და ეს გადაწყვეტილება მიიღო”.

“პოროშენკოს გადაწყვეტილება (მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ) იყო მხდალი და უღირსი გადაწყვეტილება. ზელენსკის გადაწყვეტილება ღირსეული პრეზიდენტის ძალიან გამბედავი ნაბიჯი იყო … ეს პრეზიდენტი უბრალო ბიჭი არ არის, ის ბევრს გააოცებს, ამის დანახვის ინსტინქტი მაქვს,”- განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, მას არ ჰქონია რაიმე მოლაპარაკებები ახალი პრეზიდენტის გუნდთან რაიმე თანამდებობაზე მისი დანიშვნის შესახებ.

სააკაშვილის  უკრაინაში დაბრუნება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც 28 მაისს უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მას მოქალაქეობა დაუბრუნა. ქვეყანაში დასაბრუნებელი დროებითი საბუთი სააკაშვილმა ვარშავაში უკრაინის საკონსულოში მიიღო.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილის პარტია მონაწილეობას მიიღებს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, რომლებიც 21 ივლისს გაიმართება.

ჰრომადსკოეს ცნობით, ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით საყვარელიძემ განაცხადა.

“დიახ, ჩვენი პარტია მიდის ამ არჩევნებზე, რათა დაიცვას ის ფილოსოფია და ის პროექტები, რომელთა რეალიზებაც გვსურს. არჩევნებში მონაწილეობა ჩვენი ვალია ამომრჩეველთა წინაშე”,  – განაცხადა საყვარელიძემ.

 როგორ აღმოჩნდა სააკაშვილი ჯერ უკრაინაში, შემდეგ კი ემიგრაციაში  

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს უკრაინის მოქალაქეობა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 2015 წელს მიანიჭა, როდესაც სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა. 2016 წლის ბოლოს სააკაშვილი გადადგა და პრეზიდენტი პოროშენკო კორუფციასა და რეფორმების გატარების სურვილის არქონაში დაადანაშაულა. სააკაშვილმა ოპოზიციაში გადასვლისა და საკუთარი პარტიის შექმნის სურვილის შესახებ განაცხადა.

2017 წლის ივლისში პრეზიდენტმა პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზად ის იქცა, რომ მოქალაქეობის მიღების დროს თითქოს მან მის წინააღმდეგ საქართველოში აღძრული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ  ინფორმაცია დამალა. სააკაშვილი ამ დროს საზღვარგარეთ იმყოფებოდა.

2017 წლის სექტემბერში მიხეილ სააკაშვილმა ძალით, მხარდამჭერთა დახმარებით გადაკვეთა პოლონეთ-უკრაინის საზღვარი, რომლის გადაკვეთის უფლებასაც მას უკრაინელი მესაზღვრეები არ აძლევდნენ.

2017 წლის ოქტომბერში მიხეილ სააკაშვილმა თანამოაზრეებთან ერთად კიევის ცენტრში პეტრო პოროშენკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები დაიწყო.

2017 წლის დეკემბერში უკრაინის პროკურატურამ სააკაშვილი „სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ დანაშაულებრივი ორგანიზაციის მხარდაჭერაში“ დაადანაშაულა – და თითქოს ის საპროტესტო აქციების ორგანიზებისთვის ფულს რუსეთიდან, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტ იანუკოვიჩთან დაახლოებული პირებისგან იღებდა.

დაკავების რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ სააკაშვილი დააპატიმრეს, თუმცა მეორე დღეს უკრაინის სასამართლომ ის გაათავისუფლა. 2018 წლის თებერვალში მოხდა მიხეილ სააკაშვილის დეპორტირება პოლონეთში, რს შემდეგაც იგი ნიდერლანდებში ცხოვრობდა.

უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებამდე მას არცერთი სახელმწიფოს მოქალაქეობა არ გააჩნდა, რადგან უკრაინის მოქალაქეობის მიღების შემდეგ საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა.


ასევე წაიკითხეთ