მოლდოვა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის მიმართ ჯარის გაყვანის მოთხოვნით რეზოლუციის პროექტს წარადგენს" />

რუსული ჯარის გაყვანა დნესტრისპირეთიდან – მცდელობა ნომერი ორი

მოლდოვა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის მიმართ ჯარის გაყვანის მოთხოვნით რეზოლუციის პროექტს წარადგენს

მოლდოვა რუსული ჯარის დნესტრიპირეთიდან გაყვანას მოითხოვს – ეს საკითხი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 22 ივნისს განიხილება. აღსანიშნავია, რომ დნესტრის მარცხენა სანაპიროდან რუსული ჯარის გაყვანის საკითხი ჯერ კიდევ წინა სესიაზე, გასულ წელს უნდა განეხილათ, მაგრამ მის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ოფიციალურმა კიშინიოვმა განხილვა მოულოდნელად გადადო. დეტალებს გაზეთი Ziarul de Garda ჰყვება.

მარინა ჩობანუ, ZGD  

„მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიიდან უცხოეთის შეიარაღებული ძალების სრული და უპირობო გაყვანის შესახებ“ – ასე ეწოდება რეზოლუციის პროექტს, რომელიც მოლდოველმა დიპლომატებმა განსახილველად გამოიტანეს. ამ დოკუმენტს ხელს აწერს გაეროს წევრი-ქვეყნების ათი წარმომადგენელი“, – გაუზიარა ჟურნალისტებს მოლდოვას საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის  მინისტრმა ტუდორ ულიანოვსკიმ.

„მოლდოვას ხელისუფლება რუსეთის ჯარის ოპერატიული ჯგუფის უპირობო და სრულ გაყვანას მოითხოვს, – თქვა მინისტრმა, – რადგან ისინი მოლდოვას ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებიან“.

მოლდოვა ეყრდნობა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რომელიც მან რუსეთთან 26 წლის წინათ, 1992 წლის ივლისში დადო. დოკუმენტის თანახმად, რუსული მხარე თავისი ჯარის  მოლდოვის ტერიტორიიდან, მათ შორის ჩამოშორებული დნესტრიპირეთის მოლდოვის რესპუბლიკიდან ეტაპობრივად გაყვანას დათანხმდა. ორი წლის შემდეგ, 1994 წელს რუსეთმა და მოლდოვამ სხვა დოკუმენტს მოაწერეს ხელი – მასში ის პირობები იყო ჩამოყალიბებული, რომელთა მიხედვითაც, რუსეთი მოლდოვის ტერიტორიაზე დროებით მყოფი სამხედრო ფორმირებების „თანდათანობით გაყვანას“ თანხმდებოდა.

მოლდოვის ხელისუფლება აღნიშნავს, რომ საქმე დნესტრისპირეთში რუსეთის ჯარის  ოპერატიულ ჯგუფს ეხება, და არა რუს სამშვიდობოებს, რომლებიც გაერთიანებულ სამშვიდობო კონტიგენტში შედიან.

რუსეთის ჯარის ოპერატიული ჯგუფი ეს არის სსრკ-ს შეიარაღებულ ძალთა 14-ე გვარდიის ჯარის მემკვიდრე, რომელიც დნესტრისპირეთში კონფლიქტის მწვავე ფაზაში იქნა დისლოცირებული.  ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ – რუსეთმა ამ ქვედანაყოფის გაყვანის ნაცვლად, ის რუსეთის ჯარის ოპერატიულ ჯგუფად გაადაფორმატა. მოლდოვის ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია, რომ ეს სტრუქტურა მოლდოვას ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებოდა, და რომ ის კონფლიქტის დნესტრისპირეთის მხარეს ემხრობა – კერძოდ, მისთვის სამხედრო წვრთნების ჩატარებით. ერთ-ერთი ახლახან მომხდარი – მდინარე დნესტრის აღების სიმულაცია – თავის მოხსენებაში მინისტრმა ულიანოვმა ახსენა.

მოლდოვას ხელისუფლება ვარაუდობს, რომ დნესტრისპირეთში ამჟამად იმყოფება რუსეთის ჯარის ოპერატიული ჯგუფის დაახლოებით 1500 – 1700  სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც ალბათ 21 ათას ტონა საბრძოლო მასალას ფლობენ.

ჯერ კიდევ გასულ წელს მოლდოვას ხელისუფლებამ გენერალურ ასამბლეას თხოვნით მიმართა, რომ დნესტრისპირეთიდან რუსეთის ჯარის გაყვანის თაობაზე მსჯელობა გადაედოთ. მოლდოვაში ბევრისთვის ეს სიურპრიზად იქცა. მედიის მრავალრიცხოვან მოთხოვნაზე საგარეო საქმეთა სამინისტრო ბოლო დრომდე არ რეაგირებდა, მაგრამ 15 ივნისს უწყების ხელმძღვანელმა ტუდორ ულიანოვსკიმ მოულოდნელად განაცხადა, რომ რეზოლუცია – ისევ  გენერალური ასამბლეის დღის წესრიგშია.

„საზოგადოებრივ სივრცეში იმის თაობაზე გაისმოდა შენიშვნები, რომ ხელისუფლებამ საკუთარი პოზიცია შეცვალა (რეზოლუციის თაობაზე -რედ.). მინდა განვაცხადო, რომ მთავრობას საკუთარ ინიციატივაზე უარი არ უთქვამს“.

მოლდოვაში მოელიან, რომ გაერო რეზოლუციის პროექტს მხარს დაუჭერს.

თავის მხრივ, არაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ვიტალი იგნატიევმა აღნიშნა, რომ „სამშვიდობო ოპერაციის ფორმატის შეცვლის შესახებ რაიმე გადაწყვეტილება ან ამ სამშვიდობო მექანიზმის რომელიმე ნაწილის გაყვანა დნესტრისპირეთის ხალხის აზრის გაუთვალისწინებლად არ შეიძლება. ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ქმედებას, რაც დნესტრზე მშვიდობასა და უსაფრთხოებას ემუქრება“.

  საგულისხმოა, რომ დაახლოებით იგივე აზრს იზიარებს მოლდოვას პრეზიდენტიც. იგორ დოდონს მიაჩნია, რომ რეზოლუციის მიღება კიშინიოვის პოზიციებს გააუარესებს, მათ შორის – „დნესტრიპირეთის კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების სწრაფად მიღწევის თვალსაზრისითაც“.  


ასევე წაიკითხეთ