"ტიტას წმინდა ხის" მღვდელმსახურის სასამართლო, შესაძლოა, დიდი პროტესტის დაწყების მიზეზი გახდეს" />

რუსული პოლიციის ქმედებებმა ჩერქეზების და აფხაზების ლოცვა პოლიტიკურ აქტად აქცია

"ტიტას წმინდა ხის" მღვდელმსახურის სასამართლო, შესაძლოა, დიდი პროტესტის დაწყების მიზეზი გახდეს

მთელი ეს შფოთნარევი ისტორია დაიწყო პატარა სოფელ გოლოვინკაში, რომელიც რუსეთის შავი ზღვისპირა ქალაქის, სოჭის მახლობლად მდებარეობს – ამ სოფელს განსაკუთრებული და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ერთდროულად რამდენიმე კავკასიელი ხალხისთვის – ჩერქეზებისთვის, ადიღეელებისა და შაპსუგებისთვის; აქ ხარობს  ყველა მათგანისთვის წმინდა „ტიტას ხე“.

ეს ხე ორასზე მეტი წლისაა. ის ყოველთვის წმინდად იყო მიჩნეული, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ის ამ ხალხებისთვის 1817–1864  წლების კავკასიური ომის მსხვერპლთა სიმბოლოდაც იქცა.

კავკასიურ ომს უწოდებენ ხანგრძლივ, 1817-იდან 1864 წლამდე მიმდინარე რუსეთის არმიის სამხედრო ოპერაციას, როდესაც ჩრდილოეთი კავკასიის მთიანი რაიონების რუსეთთან შეერთების პროცესი მიმდინარეობდა. კავკასიის ომის შედეგად ჩერქეზების, ადიღეელებისა და აფხაზების დიდი ნაწილი იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა და  თურქეთში გადასახლებულიყო. სოჭის რაიონში მცხოვრები უბიხები, უცხო მხარეში იძულებითი გადასახლების შედეგად როგორც ხალხი,  პრაქტიკულად, აღარ არსებობს.

ბოლო 20 წლის განმავლობაში, ყოველ წელს, 21 მაისს კავკასიის ომის მსხვერპლთა სამახსოვროდ ჩერქეზები ტიტას ხესთან სამგლოვიარო ლოცვას აღავლენენ. წინაპრების მოსახსენიებლად და მათთვის პატივის მისაგებად ათასობით ჩერქეზი, ადიღეელი და მათი მონათესავე აფხაზი იყრის თავს.

ასე მოხდა ამ წლის 21 მაისსაც. მაგრამ  პირველად ისტორიაში საქმეში მთავრობა ჩაერია – მათი თქმით, ლოცვა არასანქცირებულ მიტინგად იქცა – ტიტას ხესთან მივიდა პოლიციის რაზმი, რომელმაც არამხოლოდ დაშალა მლოცველები, არამედ დააპატიმრა  და წინასწარი  დაკავების საკანში ჩასვა  უხუცესი რუსლან გვაშევი.

 

გვაშევი – შაპსუნგის ხალხის ლიდერი და ჩერქეზებს შორის ძალიან ცნობილი ადამიანია. ამჯერად ის სამგლოვიარო ლოცვის მღვდელმსახურად აირჩიეს, ანუ – ფაქტობრივად მთელი ამ ღონისძიების წამმართველად.

ამის შემდეგ ლაზარევსკოეს რაიონულმა სასამართლომ სოჭის პოლიციის “პატაკი” განიხილა და რუსლან გვაშევის 10 ათასი რუბლით [დაახლოებით $175]  დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო; და რადგან მღვდელმსახური პოლიციას არ ემორჩილებოდა და მათ საკანში არ მიჰყვებოდა, მას 8 დღე-ღამით პატიმრობაც მიუსაჯეს.  

თუმცა, სასამართლომ ჰუმანურობა გამოიჩინა – გვაშევის ინვალიდობის გათვალისწინებით, ეს 8 დღე-ღამე მაშინვე ამნისტიციას დაუქვემდებარა და ხნიერი ადამიანი შინ გაუშვა.

მაგრამ ისტორია ამით არათუ დასრულდა – არამედ დაიწყო და დეტექტივის ხასიათი მიიღო.

 

 რ  უსლან გვაშევი კატეგორიულად არ დაეთანხმა სასამართლოს გადაწყვეტილებას და პრინციპულობა გამოიჩინა – მისი განცხადებით, რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით, რელიგიური ხასიათის ღონისძიებები არ შეიძლება მიტინგებად იყოს მიჩნეული და მათ ჩასატარებლად საგანგებო ნებართვის დოკუმენტების მიღება არ არის საჭირო.  

საბოლოოდ საქმე იქამდე მივიდა, რომ 11 სექტემბერს მან უვადო შიმშილობა გამოაცხადა – ხოლო სოფელ ლაზარევსკოეში დაიწყო მრავალრიცხოვანი საპროტესტო მიტინგები, რომლებზეც აფხაზეთის ბევრმა მაცხოვრებელმაც მოიყარა თავი.

5 ოქტომბერს კრასნოდარში, სადაც სამხარეო სასამართლო მდებარეობს, რუსლან გვაშევის სააპელაციო საჩივარი უნდა განეხილათ და მისი იქ დასწრება აუცილებელი იყო. მაგრამ გვაშევი უკვე ისეთ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომ შეიძლებოდა ნებისმიერ წუთს გარდაცვლილიყო.

მთელი ამ დროის განმავლობაში აფხაზეთში ამ ისტორიისადმი დიდ ყურადღებას იჩენდნენ – რუსლან გვაშევი 1992-93 წლების საქართველო-აფხაზეთის ომის მონაწილე იყო აფხაზეთის მხრიდან და ის ლეონის ორდენით დაჯილდოვდა – რუსეთის მოქალაქეობის გარდა, მას აფხაზური პასპორტიც აქვს.  

აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ რამდენჯერმე თავად დაურეკა გვაშევს, შემდეგ კი მასთან საკუთარი წარმომადგენელები – მრჩეველი ვლადიმირ ზანთარია და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ვალერი არშბა გაუშვა, რათა მათ გვაშევი სოხუმში სამკურნალოდ ჩაეყვანათ.  

5 ოქტომბერს, როდესაც სიტუაცია კრიტიკული გახდა, აფხაზეთიდან „სასწრაფო დახმარების“ მანქანა გაგზავნეს, რომელსაც დაუძლურებული უხუცესი კრასნოდარში უნდა გადეყვანა. ის მანქანაში მოათავსეს და დაიძრნენ;

მაგრამ სოჭის გასასვლელთან „სასწარაფო“ სამხედრო იერის მქონე, სამოქალაქო ტანისამოსში გამოწყობილმა ადამიანებმა გააჩერეს –  რამდენიმე საათის განმავლობაში ისინი დაბეჯითებით ითხოვდნენ, რომ გვაშევს საწრაფოს მანქანა დაეტოვებინა და საავადმყოფოში მათთან ერთად წასულიყო – ყველა ავტომობილი, რომლებიც უხუცესს კრასნოდარში აცილებდნენ, შეაჩერეს და საბუთები შეუმოწმეს.

ამ დროს კრასნოდარში სამხარეო სასამართლოს შენობასთან შეგროვდა ასობით ჩერქეზი და აფხაზი აქტივისტი, რომლებიც იქ რუსლან გვაშევის მხარდასაჭერად ჩავიდნენ.

სიტუცია განმუხტა განცხადებამ, სადაც იუწყებოდნენ, რომ სასამართლოს სხდომა 16 ოქტომბერს გადაიტანეს; იქ კი, „სასწარფოში“, გვაშევის ახლობლები ცდილობდნენ, დაეთანხმებინათ ის, რომ  შეეწყვიტა შიმშილობა, რომელიც იმ დროისთვის უკვე 23-ე დღე იყო, რაც გრძელდებოდა.

რუსლან გვაშევი აქციის განმავლობაში შესამჩნევად შერყეული ჯანმრთელობის მკურნალობას და  სასამართლოს ლოდინს ალბათ  გააგრძელებს აფხაზეთში, სადაც ის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მიიწვია. ბოლო დღეებში გვაშევი საწოლიდან ვერ დგებოდა, პრაქტიკულად ვერ ლაპარაკობდა და ექიმებმა მას ინსულტის დიაგნოზიც დაუსვეს.

მაგრამ ახლა უხუცესსა და სასამართლოს შორის დავა მხოლოდ მისი საქმე აღარ არის; ეს ისტორია იქცა ფართო პოლიტიკურ აქციად, რომელიც გასცდა კრასნოდარის მთელ მხარეს.

გვაშევის მხარდამჭერი მიტინგები აფხაზეთსა და თურქეთში ჩატარდა. შიმშილობის დროს მასთან სახლში  აფხაზებისა და ჩერქეზ-ადიღეელების მრავალრიცხოვან გულშემატკივართა ჯგუფები მიდიოდნენ. გვაშევისა და ისტორიული მეხსიერების დასაცვად მისი ბრძოლისადმი სოლიდარობის ვიდეომიმართვა გააკეთა ცნობილმა რუსმა ტელეწმყვანმა, რუსეთის პრეზიდენტის აპარატთან არსებული საზოგადოებრივი პალატის  წევრმა მაქსიმ შევჩენკომ.

აფხაზეთში რუსლან გვაშევის ისტორია ძალიან მტკივნეულად მიიღეს. აქ მის მხარდასაჭერად შექმნილია საზოგადოებრივი ორგანიზაცია. მისმა ლიდერმა, პოლიტოლოგმა დავიდ დასანიამ საჯაროდ განაცხადა, რომ თუ გვაშევი მოკვდება, ის რუსეთის მოქალაქეობაზე უარს იტყვის – და ყველა ადიღეელს ამისკენ მოუწოდებს.

ყველა ამ საზოგადოებაში რუსლან გვაშევი აღიქმება გამარჯვებულად, რომელმაც შეძლო წინ აღდგომოდა სისტემას. ისტორია, რომელიც რიგით ადმინისტრაციულ საქმედ დაიწყო, ჩრდილო კავკასიისა და აფხაზეთის საზოგადოებაში პოლიტიკურ აქციად იქცა.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო


ასევე წაიკითხეთ