ამით მათი დევნისგან, მკვლელობებისა და წამებისგან დაცვას ცდილობენ " />

რუსმა აქტივისტებმა ლგბტ თემის ჩეჩნეთიდან დახსნისთვის 300 ათასი ევრო შეაგროვეს

ამით მათი დევნისგან, მკვლელობებისა და წამებისგან დაცვას ცდილობენ

“კავკაზსკი უზელის“ მასალა

რუსმა ლგბტ აქტივისტებმა 2017 წლის აპრილიდან, ჩეჩნეთიდან ლგბტ პირების ევაკუაციისა და მათთვის ფსიქოლოგიური დახმარების აღმოჩენის მიზნით, 300 ათასი ევროს შეგროვება შეძლეს.

კონრეტულად ჰომოსექსუალების ჩეჩნეთიდან ევაკუაციის ოპერაცია რუსულ პრესაში გამოჩენილი იმ ცნობის შემდეგ დაიწყო, რომელიც რესპუბლიკაში არატრადიციული ორიენტაციის ადამიანების დევნას ეხებოდა. 18 მაისის მონაცემებით „რუსეთის ლგბტ ქსელმა“ გეების ჩეჩნეთიდან ევაკუაციისთვის 176 ათასი დოლარის შეგროვება მოახერხა.

აპრილში „ნოვაია გაზეტა“  ჩეჩნეთში არტრადციულ ორიენტაციაში ეჭვმიტანილი მამაკაცების დაპატიმრებისა და მკვლელობების შესახებ იუწყებოდა, ასევე არღუნში გეებისთვის განკუთვნილი „საიდუმლო ციხის“ შესახებ.  ჩეჩნეთის ხელისუფლებამ ამ მასალებს პროვოკაცია უწოდა. თუმცა „კავკაზსკი უზელის“ მიერ გამოკითხულმა ჩეჩნეთის მოსახლეებმა განაცხადეს, რომ კონკრეტულად ჰომოსექსუალების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ პუბლიკაციამდე დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი.

“რუსეთის ლგბტ-ქსელის“ მონაცემებით, 2017 წლის აპრილიდან დაწყებული, 7 თვის განმავლობაში, ჩეჩნეთიდან ჰომოსექსუალი მოქალაქეების ევაკუაციის კამპანიის ფარგლებში, 300 ათასი ევროს შეგროვება მოხერხდა.  

“მიღებული სახსრები ევაკუაციის ხარჯებს მოხმარდა – კერძოდ კი ქვეყნიდან გაყვანას, ცხოვრებას, კვებას, პირველადი მოხმარების ნივთების შეძენას, სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას და ყველა აუცულებელი საბუთის გაფორმებას. ყველა მსურველს შეუძლია „საკუთარი წვლილის შეტანა იმ ჩეჩენი გეების, ლესბოსელების, ბისექსუალების და ტრანსგენდერების დასახმარებლად, რომლებიც სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ სიტუაციაში აღმოჩნდნენ“, – ნათქვამია „რუსეთის ლგბტ-ქსელის“ განცხადებაში.   

ამავდროულად ორგანიზაციის განცხადებაში არ სახელდება, თუ 2017 წლის ოქტომბრისთვის რა რაოდენობის ჰომოსექსუალის ევაკუაცია მოხდა ჩეჩნეთიდან. ივლისის მონაცემებით,  ჩრდილოეთ კავკასიაში, სექსუალური ორიენტაციის გამო, ზეწოლისა და დევნის ქვეშ მყოფი ადამიანების გადასარჩენი აქციის დაწყებიდან ორგანიზაციას 130-მა ადამიანმა მიმართა, რომელთაგან 60 ევაკუირებულია. 3 სექტემბერს კანადის არაკომერციულმა ორგანიზაციამ  Rainbow Railroad განაცხადა, რომ ჩეჩნეთიდან დევნილ 35 გეის რუსეთის დატოვებაში დაეხმარა.

ასევე „რუსეთის ლგბტ-ქსელის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აგვისტოს ბოლოს რუსეთის ლგბტ-ორგანიზაციების კოალიციამ რუსეთში ლგბტ პირების მდგომარეობის შესახებ გაეროს ეკონომიკური, კულტურული და სოციალური უფლებების კომიტეტში მოხსენება შეიტანა.

მოხსენება შეეხება ისეთ თემებს, როგორიცაა დასაქმების სფეროში არსებული დისკრიმინაცია, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო,ზიზღის ნიადაგზე მომხდარი დანაშაულები, ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ დისკრიმინაცია.  

“რუსეთის ლგბტ-ქსელის“ მონაცემებით, ლგბტ პირთა 17% დამსაქმებლებთან და კოლეგებთან მხოლოდ თავიანთი სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის მიზეზით  აწყდება პრობლემებს. მოხსენება ასევე შეიცავს ინფორმაციას ადამიანის უფლებების დარღვევისა და დისკრიმინაციის იმ კონკრეტული მაგალითებს, რაც რუსეთში ლგბტ პირებს ხვდებათ.    

ადრე “რუსეთის ლგბტ-ქსელმა“ ჩეჩნეთში გეების დევნის ფაქტების შესახებ გამოაქვეყნა მოხსენება;  ჩრდილოეთი კავკასიის რეგიონში ლგბტ პირთა დევნის შესახებ დაწერილ მოხსენებას საფუძვლად დაედო ჩეჩნეთიდან ჩამოსული 33 ადამიანის ჩვენება, რომლებსაც ჰომოსექსუალი ადამიანების წინააღმდეგ გამართული რამდენიმე კამპანიის დროს უკანონოდ აპატიმრებდნენ და აწამებდნენ. ჩეჩნეთში ნათესავები  არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებს უმოწყალოდ სცემენ და კლავენ, ხელისუფლების სრული ჩაურევლობითა და მათი უშუალო ბრძანებითაც კი, – აღნიშნულია  “რუსეთის ლგბტ-ქსელისა“ და „ნოვაია გაზეტას“ სპეციალური კორესპონდენტის ელენა მილაშინას ურთიერთთანამშრომლობით მომზადებულ მოხსენებაში.


ასევე წაიკითხეთ