JAMnews-ი მოგითხრობთ ამ არხის რთულ ისტორიაზე, რომელიც თითქმის საქართველოს სახელმწიფოებრიობის ტოლია " />

როგორ იბადებოდა და ეცემოდა „რუსთავი 2“

JAMnews-ი მოგითხრობთ ამ არხის რთულ ისტორიაზე, რომელიც თითქმის საქართველოს სახელმწიფოებრიობის ტოლია

21 აგვისტოს, როდესაც „რუსთავი 2“-ის მაყურებელმა არხზე საინფორმაციო პროგრამა „კურიერის“ ჩვეულ დროს, 12:00 საათზე გადართო, ახალი ამბების ნაცვლად დახვდათ შავ-თეთრი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „სერენადა“ , სადაც ორი მამაკაცი მთელი ფილმის განმავლობაში გააფთრებით იბრძვის მომხიბვლელი ლალის გულის დასაპყრობად.

ასე დაიწყო ქართული ოპოზიციური ტელეარხის, „რუსთავი 2“-ის ახალი რეალობის პირველი დღე მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, არხს მფლობელი შეეცვალა და პროსახელისუფლებო ბიზნესმენის, ქიბარ ხალვაშის ხელში გადავიდა.

„რუსთავი 2“-ს განსაკუთრებული როლი აქვს საქართველოს უახლეს ისტორიაში და ამას კრიტიკულად განწყობილი ადამიანებიც აღიარებენ.

JAMnews-ი მოგითხრობთ ამ არხის რთულ ისტორიაზე, რომელიც თითქმის საქართველოს სახელმწიფოებრიობის ტოლია.

________________

2019 წლის პირველ ივნისს „რუსთავი 2“-ს 25 წელი შეუსრულდა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ 1994 წელს, რუსთავში, უნივერსიტეტის მეგობრებმა – დავით დვალმა, ჯარჯი აქიმიძემ და ეროსი კიწმარიშვილმა დააარსეს.

შევარდნაძის კორუმპირებულ ეპოქაში ეს იყო ერთადერთი ოპოზიციური არხი, რომელიც მთელ საქართველოში მაუწყებლობდა.

ტელეკომპანიის ჟურნალისტები იმ დროს თითქმის სახალხო გმირები იყვნენ – ისინი ამხელდნენ ჩინოვნიკებს, ეთერში უშვებდნენ მწვავე რეპორტაჟებს უმაღლეს ეშელონებში გამეფებული კორუფციის შესახებ. მათი ობიექტივისთვის არაფერი რჩებოდა შეუმჩნეველი.

ტელეკომპანიას, რომელმაც ხელისუფლებას კომფორტი წაართვა, ერთგული მაყურებელი გაუჩნდა, რამაც ხელისუფლების შეშფოთება გამოიწვია. სწორედ ამის გამო, არაერთხელ სცადეს მისი დაკეტვა.

2003 წელს, ტელეკომპანიამ უდიდესი როლი შეასრულა შევარდნაძის ხელისუფლების „ვარდების რევოლუციის“ გზით დამხობაში, რის შედეგადაც ქვეყნის სათავეში მოვიდა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

იმ დროს ტელეარხმა პოპულარობის პიკს მიაღწია.

„გამარჯვებული ხალხის ტელევიზია“ – ასე უწოდეს მას „ვარდების რევოლუციის შემდეგ“. ჟურნალისტებს გასასვლელს არ აძლევდნენ – მათ ქუჩაში მუდმივად აჩერებდნენ ადამიანები და მადლობას უხდიდნენ გაწეული სამუშაოსთვის.

თუმცა, „ვარდების რევოლუციისა“ და საპრეზიდენტო არჩევნებში სააკაშვილის გამარჯვების შემდეგ ტელეკომპანიის ცხოვრებაში საერთოდ ახალი ეტაპი დაიწყო.

სააკაშვილის პერიოდი

ხელისუფლებაში სააკაშვილის მოსვლის შემდეგ ჟურნალისტებისთვის, რომლებიც ხელისუფლების კრიტიკას იყვნენ მიჩვეული, რთული დროება დადგა.

„ვარდების რევოლუციის“ შედეგად ჩამოყალიბებულმა ხელისუფლებამ მტკივნეული და არაპოპულარული რეფორმების გატარება დაიწყო, ძლიერი, კრიტიკულად განწყობილი მედია მათ ხელს არ აძლევდათ.

ახალმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ტელეკომპანიაზე სრული კონტროლი მოეპოვებინა.

როგორც ტელეკომპანიის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ამბობენ, 2004 წელს ისინი ძალითა და მუქარით აიძულეს, არხი მაშინ ბევრისთვის უცნობი ბიზნესმენისთვის, ქიბარ ხალვაშისთვის მიეყიდათ.

მიხეილ სააკაშვილი. 2010 წელი.  REUTERS/ სავით მძინარიშვილი

ხალვაში იმ პერიოდში მაშინდელი თავდაცვის მინისტრის, გავლენიანი ჩინოვნიკისა და სააკაშვილის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლის – ირაკლი ოქრუაშვილის ახლო მეგობარი იყო. ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ხალვაში ამ ისტორიის ცრუ გმირი იყო  და სინამდვილეში ტელეკომპანია სააკაშვილის ხელისუფლების ხელში გადავიდა.

„როდესაც ხალვაში მოვიდა, „რუსთავი 2“ თავისი დიდების ზენიტში იყო, მისი წასვლისას კი, არხს მთელი თავისი არსებობის ისტორიის მანძილზე ყველაზე დაბალი რეიტინგი ჰქონდა“, – ამბობს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც მაშინაც “რუსთავი 2”-ში მუშაობდა.

ის იხსენებს შემთხვევას, როდესაც, 2005 წელს, ტელეკომპანიის მაშინდელი მფლობელი ხალვაში საეთერო ოთახში შევარდა და ტექნიკოსებს ეთერის გათიშვა მოსთხოვა იმის გამო, რომ იქ ოპოზიციის აქციის ტრანსლირება ხდებოდა.

„და ეს ადამიანი ახლა სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობის პირობას დებს. ვინ დაიჯერებს ამას?“, – ამბობს ჟორჟოლიანი.

ხალვაშის ეპოქაში „რუსთავი 2“-დან ეტაპობრივად გაქრნენ ცნობილი ჟურნალისტები, მწვავე პოლიტიკური გადაცემები და კრიტიკული სიუჟეტები. არხის ბევრი თანამშრომელი მაშინდელი პრეზიდენტის მიწვევით, სამუშაოდ სახელმწიფო სამსახურში გადავიდა.

საყოველთაო ეიფორიის ფონზე, რომელმაც საქართველოში  შევარდნაძის კორუმპირებული რეჟიმის ჩამოგდების შემდეგ დაისადგურა, ჟურნალისტებიდან ცოტამ თუ გაბედა „ვარდების რევოლუციის“ გმირთან დაპირისპირება.

დღეს, ბევრი ჟურნალისტი აღიარებს და დიდ შეცდომად მიიჩნევს, რომ მათ მეორე ადგილზე გადასწიეს საკუთარი პროფესია.

ამრიგად, „რუსთავი 2“  მწვავე ოპოზიციური არხიდან სამთავრობო პროპაგანდისტულ მანქანად გადაიქცა.

თუმცა, ხალვაში დიდხანს არ ფლობდა ქვეყნის მთავარ ტელეარხს. მალე სააკაშვილსა და ოქრუაშვილს შორის ურთიერთობა გაფუჭდა და ხელისუფლებამ არასაიმედოდ მიიჩნია ის ფაქტი, რომ არხი ოქრუაშვილის მეგობარს ეკუთვნოდა.

2006 წელს ცნობილი გახდა, რომ ხალვაშმა ტელეკომპანია სხვა ქართველ ბიზნესმენს, სააკაშვილის ახლო მეგობარს – დავით ბეჟუაშვილს მიყიდა. მოგვიანებით, ხალვაშმა განაცხადა, რომ მას უბრალოდ წაართვეს „რუსთავი 2“, ასევე, პრობლემები შეუქმნეს მის სხვა კომპანიებს, მას კი საქართველოდან წასვლა აიძულეს. დღეს ხალვაში და მისი ოჯახი მიუნხენში ცხოვრობს.

ამის შემდეგ ტელეკომპანია კიდევ არაერთხელ გაიყიდა.

ამ არხის მფლობელების ისტორია გრძელი და ბურუსით მოცულია.

წლების განმავლობაში არხი არაერთხელ გადავიდა ხელიდან ხელში. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, 2004-დან 2012 წლამდე პერიოდში, ტელეკომპანიამ მფლობელი ოცჯერ გამოიცვალა.

ყველა მფლობელი მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირი იყო.

2007 წელს სააკაშვილის ხელში აღმოჩნდა ოპოზიციური არხი “იმედიც”.  შედეგად, მთელი სატელევიზიო მედია, პატარა ოპოზიციური ტელეარხის „მაესტროს“ გამოკლებით, სააკაშვილის ხელისუფლებისა და პირადად მის კონტროლქვეშ აღმოჩნდა.

ბევრი მიიჩნევს, რომ  სწორედ მედიაგარემო, რომელიც სააკაშვილმა თავისი მმართველობისას შექმნა, იყო 2012 წლის არჩევნებში მისი დამარცხების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლა

2012 წელს საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა.

ხელისუფლებაში მოსვლამდე კოალიცია „ქართული ოცნების” და მისი ლიდერის  ბიძინა ივანიშვილის  მთავარი დაპირება იყო სამართლიანობის აღდგენა ყველასათვის, ვინც სააკაშვილის მმართველობის დროს დაზარალდა.

მათ შორის, ივანიშვილმა ტელევიზიების მკაცრი სახელისუფლებო კონტროლისგან გათავისუფლების პირობა დადო და, ასევე, განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ს კანონიერ მფლობელს დაუბრუნებდა.

ბიძინა ივანიშვილი, 2012 წელი. REUTERS/დავით მძინარიშვილი

თუმცა, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ განმეორდა აბსოლუტურად იგივე – მსხვილი ტელეარხები, რომლებიც მთელ ქვეყანაში მაუწყებლობდნენ, „იმედი“ და „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი“, ზუსტად ერთ თვეში ახალი ხელისუფლების – „ქართული ოცნების“ „რუპორები“ გახდნენ.

ახალი ხელისუფლების კონტროლქვეშ აღმოჩნდა პატარა ტელეკომპანია „მაესტროც“, ერთადერთი ოპოზიციური არხი სააკაშვილის ეპოქაში.

ამ შვიდი წლის განმავლობაში, მხოლოდ „რუსთავი 2“ მუშაობდა „ქართული ოცნების“ კონტროლს მიღმა. ტელეარხი ოპოზიციის გავლენის ქვეშ რჩებოდა, კერძოდ, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის.

მთელი ეს წლები გრძელდებოდა გაცხოველებული ბრძოლა „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ, გაუთავებელი დავები სასამართლოებში მფლობელებს შორის, „რუსთავი 2“-ის ქონების დაყადაღება.

ხელისუფლება ამ პროცესს “ორ სუბიექტს შორის კერძო დავად” ასაღებდა, თუმცა პოლიტიკური დამკვირვებლები პირველივე დღიდან აღნიშნავდნენ, რომ ეს იყო პოლიტიკური ბრძოლა გავლენიანი მედიის ხელში ჩასაგდებად.

ხალვაშის პარალელურად, არხისთვის იბრძოდნენ მისი დამფუძნებლები, პირველი მფლობელები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, რომლებმაც ასევე განაცხადეს, რომ არხი მათ ძალით წაართვეს სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში. საზოგადოების დიდი ნაწილის სიმპათიას სწორედ ისინი იმსახურებდნენ და არა ხალვაში, თუმცა, მათი საქმე სასამართლომდეც კი ვერ მივიდა და  პროკურატურაში თაროზე ჩამოდებული დარჩა.

ამის მიზეზად მედიაექსპერტები ასახელებენ იმას, რომ დვალი და აქიმიძე ივანიშვილისთვის მოუხერხებელი პარტნიორები იყვნენ და მათთვის ტელეკომპანიის დაბრუნების შემთხვევაში, მათი მართვა გაცილებით უფრო რთული იქნებოდა, ვიდრე ხალვაშის.

კიდევ ერთი ისტორია, რომელიც ამ შვიდი წლის განმავლობაში მოხდა და პირდაპირ უკავშირდება „რუსთავი 2“-ის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას, არხის პირველი მფლობელის – ეროსი კიწმარიშვილის მოულოდნელი გარდაცვალებაა.

ეროსი კიწმარიშვილი 2014 წლის 15 ივნისს, საკუთარ ავტომანქანაში, საკუთარი სახლის მიწისქვეშა ავტოსადგომზე, თავში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი აღმოაჩინეს.

სამართალდამცავებმა დაუყოვნებლივ განაცხადეს, რომ ეს თვითმკვლელობა იყო, თუმცა მისი მეგობრები, კოლეგები და ნათესავები ამტკიცებენ, რომ შეუძლებელია, აქტიურ და სამომავლო გეგმებით სავსე კიწმარიშვილს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა.

ყოფილი მედიამაგნატის გარდაცვალების საქმის გამოძიება ბევრ საიდუმლოებას მოიცავს და უამრავ კითხვას ტოვებს.

გარდაცვალებამდე კიწმარიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ მხოლოდ მას აქვს დოკუმენტები და ფაქტები, რომელიც ივანიშვილს „რუსთავი 2“-ის ხელში ჩაგდების საშუალებას არ მისცემს.

ნიკა გვარამიას ეპოქა

თქვა, რომ ამ შვიდი წლის განმავლობაში „რუსთავი 2“ კრიტიკული არხი იყო, ნიშნავს, რომ არაფერი არ თქვა.

ეს ტელეკომპანია, რომლის სათავეშიც შვიდი წლის განმავლობაში იდგა ექსცენტრიული და ქარიზმატული დირექტორი, ყოფილი პროკურორი და სააკაშვილის თანამებრძოლი ნიკა გვარამია, სერიოზულ დისკომფორტს უქმნიდა ხელისუფლებას და ისინი ამას არც მალავდნენ.

ამ დროის განმავლობაში, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებმა ასობით სიუჟეტი მოამზადეს, რომელშიც ხელისუფლების წარმომადგენლებს კორუფციასა და ნეპოტიზმში ამხელდნენ, აკეთებდნენ სკანდალურ რეპორტაჟებს ძალოვნებისა და სასამართლო სისტემის შესახებ, ამზადებდნენ გამოძიებებს ივანიშვილის არაფორმალური მმართველობისა და მისი ნათესავების ბიზნესინტერესების თაობაზე.

რუსთავი 2-ის მხარდამჭერი მიტინგი. 11 მარტი 2017 წელი. REUTERS / დავით მძინარიშვილი

ივანიშვილი საკუთარ ინტერვიუებში არ მალავდა უკიდურეს გაღიზიანებას ამ  არხისა და მისი ჟურნალისტების მიმართ. მან „რუსთავი 2“-ს „სიცრუის მანქანა“ უწოდა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ სახელმწიფოს აშენებაში უშლიდა ხელს.

„დღეს რომ გამორთონ „რუსთავი 2“, ქვეყანაში აღმავლობის და აღმშენებლობის მეტს ვერაფერს ნახავთ, “- განაცხადა მან ერთ-ერთ ინტერვიუში.

ივანიშვილმა თქვა, რომ ტელეარხს მძევლად ჰყავს აყვანილი საზოგადოების გარკვეული ნაწილი და ატყუებს მათ, მაგრამ პირობა დადო, რომ ეს მალე დასრულდებოდა.

„რუსთავი 2“-ს არ ექნება შესაძლებლობა – და მე ამას გპირდებით – მძევლად აიყვანოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი“, – განაცხადა ივანიშვილმა. მაშინ ტელეკომპანიამ ეს მუქარად მიიღო.

„რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობა არ მალავდა თავის სიმპათიას სააკაშვილის პარტიის „ნაციონალური მოძრაობისა“ და პირადად სააკაშვილის მიმართ, თუმცა, ამას იმით ამართლებდა, რომ არხი მეგობრულად იყო განწყობილი ყველა პროდასავლური და ანტირუსული პარტიის მიმართ:

„ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს მთავარი პროდასავლური პარტიაა და დიახ, ჩვენ მის მიმართ სიმპათია გვაქვს“, – ამბობდა არხის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

გვარამია სრულ კონფრონტაციაზე წავიდა ბიძინა ივანიშვილთან.

ის პირდაპირ ეთერში უცენზურო სიტყვებით იხსენიებდა „ქართული ოცნების“ ლიდერს, მას პრორუს უზურპატორს უწოდებდა და თავის საავტორო გადაცემაში ეცვა მაისური, რომელზეც ივანიშვილის მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვები ეწერა.

ექსპერტების აზრით, ამგვარად, გვარამია ივანიშვილის პირადი მტერი გახდა, „რუსთავი 2“ კი ნომერ პირველი პრობლემა, ერთადერთი დაბრკოლება, რომლის განეიტრალებაც შვიდი წლის განმავლობაში ვერაფრით მოახერხა საქართველოს არაფორმალურმა ლიდერმა.

თუმცა, ბოლოს და ბოლოს, გადამწყვეტ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, ივანიშვილმა მაინც შეძლო „რუსთავი 2“-ის დამარცხება. და ბედის ირონიით, ამას არა საეჭვო რეპუტაციის მქონე ქართული მართლმსაჯულებით, არამედ თვით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დახმარებით მიაღწია.

ახალი ძველი მფლობელი

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის საქმეზე 18 ივლისს გამოქვეყნდა. ამ გადაწყვეტილებამ არხის მფლობელის ცვლილება გამოიწვია. ახალი მფლობელი გახდა ქიბარ ხალვაში, რომელსაც მთელი ამ ბრძოლის განმავლობაში აშკარად უჭერდა მხარს ივანიშვილი.

ხალვაშმა იმავე დღეს გადაიფორმა ტელეკომპანია, დანიშნა ახალი დირექტორი და პირობა დადო, რომ არ შეეხებოდა ჟურნალისტებს და არ შეცვლიდა არხის სარედაქციო პოლიტიკას.

თუმცა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან სამი კვირის შემდეგ, მან განაცხადა, რომ კომპანიას ყიდის, რადგან „რუსთავი 2“-ს დიდი დავალიანება აქვს.

ერთი თვისა და ორი დღის შემდეგ, 20 აგვისტოს კი, ტელეარხის ახალმა დირექტორმა პაატა სალიამ თანამდებობიდან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი და რამდენიმე წამყვანი ჟურნალისტი, მათ შორის, გიორგი გაბუნია, რომელმაც პირდაპირ ეთერში  დედა აგინა რუსეთის პრეზიდენტს.

რა იქნება შემდეგ?

შემდეგ იქნება  პლურალისტური მედიის განადგურება და საქართველო კიდევ ერთხელ მიიღებს ქვეყანაში ცალმხრივ მედიაგარემოს, სადაც ერთი და იგივე ინფორმაცია გაისმება ყველა ტელეარხზე, მიიჩნევენ პოლიტიკური დამკვირვებლები.

„წამყვანი ჟურნალისტების გათავისუფლება, ეს არის პირდაპირი გაფრთხილება ყველა თანამშრომლის – ჟურნალისტი უნდა დაემორჩილოს ახალ მფლობელს, ახალ ხელმძღვანელობას და, შესაბამისად, ამრიგად ააგოს თავისი სარედაქციო დამოუკიდებლობა. ახდა ყველაფერი, რისი შიშიც გვქონდა. ეს არის სცენარი, რომლითაც ახალ სეზონამდე უნდა შეიცვალოს სარედაქციო პოლიტიკა“, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ თავმჯდომარემ, მიხეილ ბენიძემ.

„ჟურნალისტების არაპროფესიონალიზმითაც კი არ შეინიღბა ეს გაშვება, განცხადებაში პირდაპირაა ნათქვამი, რომ მფლობელთან განსხვავებული პოზიციის გამო. როგორი ახლომხედველური გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგმა, რა სამწუხაროა”, – წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, „რადიო თავისუფლების“ ქართული სამსახურის დირექტორი, ნინო ჯაფიაშვილი.

ქართულ მედიასივრცეში ახლა კიდევ ორი ოპოზიციური არხი მაუწყებლობს – „ტვ პირველი“ და „კავკასია“.

„კავკასია“ ჯერ კიდევ 1990-იანი წლების დასაწყისში დაფუძნებული პატარა ტელევიზიაა, მუდმივი ფინანსური, ტექნიკური პრობლემებით და მცირერიცხოვანი მაყურებლით, რომლებიც ძირითადად ამ არხის უცვლელი წამყვანის დავით აქუბარდიას ფან-კლუბს წარმოადგენენ.

რაც შეეხება „ტვ პირველს“, ის 2015 წელს დაარსდა და ამ დროის განმავლობაში მოახერხა პოპულარობის მოხვეჭა ძირითადად იმის ხარჯზე, რომ შეკრიბა ცნობილი ჟურნალისტები, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზით წავიდნენ სახელმწიფო ტელეარხებიდან.

ამ საკმაოდ წარმატებულ არხს ჯერ ისეთი აუდიტორია არ ჰყავს, როგორიც „რუსთავი 2“-ს. ის ძირითადად პოპულარულია თბილისსა და დიდ ქალაქებში.

ამის მიუხედავად, ხელისუფლებას აშკარად აშფოთებს „ტვ პირველის“ მზარდი პოპულარობა. სწორედ ამით ხსნიან ექსპერტები იმ ფაქტს, რომ ტელეკომპანიის მფლობელი TBC ბანკის გარშემო ფულის გათეთრების 11 წლის წინანდელ საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტია.

აგვისტოს დასაწყისში კი ტელეკომპანიის სერვერზე ჰაკერების თავდასხმა მოხდა, რამაც ასევე ბევრი კითხვა გააჩინა.

„რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ახალი ტელეარხის, „მთავარი არხის“ შექმნა დააანონსა, რომელიც, მისი თქმით, მაუწყებლობას გვიან შემოდგომაზე დაიწყებს.

ასევე, ოქტომბერში მედიაბაზარზე გამოჩნდება კიდევ ერთი ტელეკომპანია. „ფორმულა“ – ასე ერქმევა ახალ არხს, რომელსაც კომპანია „ფორმულა კრეატივი“ თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან ერთად ქმნის.

მოსალოდნელია, რომ „რუსთავი 2“-დან წასული ჟურნალისტები, ძირითადად, სწორედ ამ ორ არხზე გადანაწილდებიან.

ამრიგად, არის შანსი, რომ ივანიშვილმა ერთი ოპოზიციური “რუსთავი 2” -ის სანაცვლოდ ორი ახალი ოპოზიციური ტელეარხი მიიღოს.

თუმცა, ჯერჯერობით ეს პერსპექტივები ბურუსითაა მოცული. ახალ ტელეკომპანიებს დასჭირდებათ დიდი ფული, ბევრი რესურსი და დიდი შრომა, რომ შეავსონ ის ვაკუუმი, რომელიც ქართულ მედიაბაზარზე ყველაზე ცნობილი მედიაბრენდის გაჩუმების შემდეგ წარმოიქმნა.


ასევე წაიკითხეთ