საბუთები, ლაბორატორიები, ინვესტიციები - ეს ყველაფერი ადგილობრივი სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად არის საჭირო" />

რუსეთში სამხრეთელი ოსი ფერმერების პროდუქციას ისევ არ უშვებენ

საბუთები, ლაბორატორიები, ინვესტიციები - ეს ყველაფერი ადგილობრივი სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად არის საჭირო

ფოტო: ნელი გარაბაევა 

„აი, ამ ვაშლებით ჭაჭა გაკეთდება, ამას კი კასრში ვყრი, შინაური საქონლის საკვებად გამოდგება“, – ამბობს გულდაწყვეტილი მებაღე შოთა სოფელ დმენისიდან.  

შოთა – თექის ქუდიანი, ჩაფსკვნილი მოხუცი დაკოჟრილი ხელებით ვაშლებს არჩევს და იქვე ხის ყუთებში აწყობს. ოქროსფერი „შაფრანი“ ნებისმიერ წვეულებაზე გასამასპინძლებლად გამოდგებოდა, თუმცა ეს ხილი ბნელ ფარდულში უნდა დალპეს.   

შოთამ ისევ ვერ მოასწრო თავისი მოსავლის ვლადიკავკაზის ბაზრებზე დროულად გაყიდვა, ახლა კი უკვე დროც გავიდა, და აღარაფერი გამოვა; და 2017 წლის მოსავალსაც, როგორც წინა რამდენიმე წლისას, ის თავის ნათესავებს გაუყოფს. დიდი-დიდი კიდევ რამდენიმე კილო ვაშლი გაყიდოს ცხინვალის ბაზარზე -კილოგრამი მაქსიმუმ 80 რუბლად (დაახლოებით  $1.50)

ითვლება, რომ სამხრეთ ოსეთში ყველაზე გემრიელი ვაშლი შედარებით ეკოლოგიურად სუფთა ძაუს რაიონში ხარობს. მაგრამ, შოთას თქმით, ეს ვაშლი გასაყიდად გულმისასვლელი შესახედაობით არ გამოირჩევა. ვაშლის ნამდვილი  სამოთხეა – ცხინვალის რაიონი, სოფლები – დმენისი, სატიკარი, ხელჩუა. აქ „ანტონოვკაც“ ხარობს და „შაფრანიც“, და კიდევ ბევრი სხვა ჯიში. მევენახეობა კი ტრადიციულად ზნაურის რაიონშია განვითარებული.  

მაგრამ ადგილობრივი გლეხები თავიანთი ბაღებისა და წარმოების განვითარებაზე კი არა, შენარჩუნებაზე ფიქრობენ, იმ სიტუაციაში, როდესაც არ იციან, სად წაიღონ მოყვანილი პროდუქცია. მთავარი ბაზარი, რომელსაც სამხრეთ ოსეთში წარმოების სტიმულირება შეუძლია  – რუსეთია. თუმცა, რესპუბლიკიდან პროდუქცია სწორედ იქ ვერ გააქვთ.

ფოტო: ნელი  გარაბაევა

სამხრეთელი ოსი ფერმერები თავიან პროდუქციას ყიდიან ცხინვალის ბაზარზე, სადაც რუსეთიდან ან  კონტრაბანდული გზებით საქართველოდან შემოტანილ ხილსა და ბოსტნეულს უწევენ კონკურენციას.   

„უკვე მეათე წელია, რაც სამხრეთი ოსეთი აღიარებულია რუსეთის მიერ და ინფრასტრუქტურის აღდგენის საქმეში მისი განუხრელი ყურადღებითა და დახმარებით სარგებლობს. თუმცა, ეკონომიკური თვალსზრისით, რესპუბლიკას მხარდაჭერა ჯერ არ მიუღია“, – ამბობს სამხრეთელი ოსი მეწარმე ინალი ( თავისი ვინაობის სრულად დასახელება მან არ ისურვა).   

ინალი და სხვა მეაწმეები, ვისაც JAMnews ესაუბრა, ამაში რესპუბლიკის ხელისუფლებას ადანაშაულებენ.

დაუძლეველი ბიუროკრატია

პროდუქციის რუსეთში გატანის მსურველი სამხრეთელი ოსი ფერმერებისთვის მთავარი სირთულე ისაა, რომ მათ არ გააჩნიათ საჭირო საბუთები, რასაც საზღვრის გადაკვეთისას რუსი მესაზღვრეები ითხოვენ და ამ საბუთებს ვერც ვერსად იღებენ, რადგან სამხრეთ ოსეთში სათანადო ინსპექციები არ არის შექმნილი.

დაახლოებით ერთი თვის წინ აქ შეიქმნა ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის სამსახური, რომელსაც „იუგოსელხოზნადზორი“ ეწოდება. ეს სამსახური სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახურის რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა.

ამ ახალმა სამსახურმა სოფლის მეურნეობის პროდუქციის შემოწმებისა და იმ სერთიფიკატების გაცემის  უფლებამოსილება მიიღო, რომელსაც რუსეთის საბაჟო ითხოვს. როგორც ამ ახალი უწყების ხელმძღვანელი ალან მარგიევი ამბობს, ეს პირველად ხდება – აქამდე სამხრეთ ოსეთში არ არსებობდა ორგანიზაცია, რომელიც ამით დაკავდებოდა.

ეს პირველად ხდება – აქამდე სამხრეთ ოსეთში არ არსებობდა ორგანიზაცია, რომელიც ამით დაკავდებოდა

მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ეს სამსახური შექმნილია, როგორც ჩანს, პრობლემა არ მოგვარდა. „იუგოსელხოზნადზორს“ უფლება აქვს გასცეს საჭირო თანმხლები დოკუმენტები და საბუთები, მაგრამ პროდუქციის დამოუკიდებელი ანალიზის ჩატარება არ შეუძლია. ხოლო, როგორც მარგიევმა თქვა, „რესპუბლიკაში არსებულ ადგილობრივ ლაბორატორიებს ჯერჯერობით ყველა მიმართულებით მუშაობის უნარი არ შესწევთ“. 

გარდა ამისა, მათ რუსეთში აკრედიტაცია არ აქვთ – ამის გარეშე კი, პროდუქციის რუსეთში გატანის მცდელობისას  ჩატარებული გამოკვლევების შედეგები რეალურად ვერ მიიჩნევა

ფოტო: ნელი გარაბაევა 

მარგიევს დროებით გამოსავლად მიაჩნია რუსეთის უფლებამოსილ ორგანოსთან „როსსელხოზნადზორთან“ ხელშეკრულების დადება. თუკი ის დათანხმდება – სამხრეთოსურ პროდუქციას შესამოწმებლად რუსეთის ლაბორატორიებში გაგზავნიან. ცელკე საკითხია, ამას რამდენი დრო დასჭირდება, ან რა დაუჯდებათ ეს ფერმერებს.

წვრილმანი ფერმერებისთვის ეს პრობლემა, როგორც ჩანს, სწრაფად ვერ გადაწყდება, მაგრამ სწორედ ამ დღეებში ეს პრობლემა მოგვარდა მსხვილი საწარმო „რასტდონისთვის“ – ხორცის გადამამუშავებელი ქარხნისთვის, რომელიც სამხრეთ ოსეთში ინვესტორების სახსრებით აშენდა.

თავიდან იგეგმებოდა, რომ ადგილობრივ სასაქონლო მეურნეობებს თავიანთი პროდუქცია ჩაებარებინათ „რასტდონში“, სადაც ეს პროდუქცია გადამუშავდებოდა და ექსპორტზე გაიგზავნებოდა, მაგრამ  ეს სქემა აქამდე ვერ ამუშავდა, რადგან აღმოჩნდა, რომ სამხრეთ ოსეთში უბრალოდ, არ ასებობს სტრუქტურა, რომელიც ვეტერინარულ კონტროლს განახორციელებს და სათანადო სერტიფიკატებს გასცემს.

ამჟამად ამ კონკრეტული ქარხნისთვის გამოსავალი მოიძებნა – „როსსელხოზნადზორმა“ ახლახან ქარხნის წარმოება შეამოწმა და დათანხმდა, რომ მისი პროდუქციის მთელ კონტროლს დამოუკიდებლად გაუძღვება და სერთიფიკატებსაც გასცემს.

ეს სქემა ალბათ რამდენიმე ძალიან მცირე რაოდენობის იმ სხვა საწარმოზეც გავრცელდება, რომლებიც იმავე რუსული საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ამოქმედდა. რიგით ფერმერებს კი ისე პრობლემის გადაწყვეტის ლოდინი მოუწევთ.

დაახლოებით ერთი წლის წინ სამხრეთ ოსეთის მთავრობის მაშინდელმა ვიცე-პრემიერმა დმიტრი კოზაევმა დააანონსა, რომ მალე რესპუბლიკაში შეიქმნება სააგენტო, რომელიც სოფლის მეურნების მეწარმეებს იმ დოკუმენტების პაკეტის მომზადებაში დაეხმარება, რაც მათ საქონელს რუსეთში გასაყიდად გატანისთვის უნდა ახლდეს. მაგრამ მოცემულ მომენტში ამ სააგენტოს შემდგომი ბედის შესახებ არაფერია ცნობილი.

ფოტო:ნელი გარაბაევა

 ოფლის მეურნეობამ ინვესტიციების წყალობით დაიწყო განვითარება  – თუმცა განვითარებას ადგილობრივი ჩინოვნიკები უშლიან ხელს”, – უთხრა JAMnews-ს სამხრეთ ოსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ როინ კოზაევმა.  

 „დახმარება და ფული ყველას უნდა, სამუშაო ადგილების შექმნა კი – არავის. თავად მეწარმეებიც სცოდავენ – გადასახადების გადახდა კატეგორიულად არ სურთ. სესხებს არ აბრუნებენ. არც ისე მარტივადაა საქმე“, – ამბობს კოზაევი.

სამხრეთელმა ოსმა ექსპერტმა იური ვაზაგოვმა JAMnews-ს უთხრა, სამხრეთი ოსეთიდან რუსეთში სასოფლო  სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის მოგვარება რესპუბლიკისთვის სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენს. მაგრამ ამ პრობლემის გადაწყვეტაზე მხოლოდ ახლა იწყებენ დაფიქრებას.

„ახლახან მოსკოვში სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინთან  შეხვედრის დროს ითქვა, რომ მოსკოვი რესპუბლიკას 1 მილიარდ რუბლს გამოუყოფს (დაახლოებით $17 მილიონი) მეწარმეებისა და ფერმერებისთვის შეღავათიანი სესხების გასაცემად. ასე რომ, ლაბორატორიების პრობლემა ძალიან სწრაფად უნდა გადაწყდეს“, – ამბობს ვაზაგოვი.

ფოტო:ნელი გარაბაევა

ადგილობრივი პომიდორები თურქულზე ძვირია

ექსპერტი როლანდ ქელეხსაევი მიიჩნევს, რომ ამ სფეროში კიდევ ერთი მასშტაბური პრობლემაა – იმპორტზე დამოკიდებულება და ადგილობრივი პროდუქციის არაკონკურენტუნარიანობა:

„ჩვენთან ადგილობრივი პომიდორები თურქეთიდან ჩამოტანილზე ძვირი ღირს. რატომ? მიზეზი ბევრია. სოფლები დაცარიელდა, და ის, რაც იქ მოჰყავთ – ძირითადად პირადი მოხმარებისთვისაა. არ არსებობს ტექნიკა, გლეხები თავიანთ ბოსტნებს ხელით ამუშავებენ, ამიტომაც სასოფლო სამეურნეო პროდუქცია ძვირია“.

სამხრეთ ოსეთში არსებობს ადგილობრივი წარმატებული ფერმერული მეურნეობების მაგალითები – ეს არის რამდენიმე სასაქონლო მეურნეობა ზნაურისა და ძაუს რაიონებში, და ორი თევზის სარეწი მეურნეობა სოფელ ვანატსა და კემულტაში.

მაგრამ მთლიანობაში  პრობლემის გადაჭრის მცდელობები აქამდე წარუმატებელი იყო.

ფოტო:ნელი გარაბაევა

„მეწარმეები სესხებს იღებდნენ – და პირობებს არ ასრულებდნენ. შემდეგ კი ბანკროტობის ნიშნით, უბრალოდ ქრებოდნენ ფულიანად“, – ამბობს როლანდ ქელეხსაევი.  

ის გამოსავალს კომპლექსურ მიდგომაში ხედავს. მისი თქმით, პირველ რიგში, სესხები ფერმერული მეურნეობის განვითარების რაიმე სპეციალიზებული პროგრამის ფარგლებში უნდა გაიცემოდეს. 

მეორეც – სესხის გაცემის პროგრამა დაბალ პროცენტებს უნდა გულისხმობდეს და მასობრივი ხასიათი ჰქონდეს – „დაფინანსება მხოლოდ ორ-სამ მეწარმეს არ უნდა ჰყოფნიდეს“, – ამბობს ქელეხსაევი.

ფოტო: ნელი გარაბაევა

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

ასევე წაიკითხეთ