ქართული მხარე რუსეთისა და მისი მოქალაქეებისგან კანონის დაცვას ითხოვს" />

რუსეთი მოქალაქეებს აფრთხილებს, თბილისს კი პროვოკაციებში ადანაშაულებს

ქართული მხარე რუსეთისა და მისი მოქალაქეებისგან კანონის დაცვას ითხოვს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა ზედმიწევნით შეაფასონ რისკები, რაც საქართველოში გამგზავრებასთან არის დაკავშირებული. რადგან დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის სექციას შეზღუდული შესაძლებლობა აქვს თანამოქალაქეების დასაცავად.

ეს განცხადება უკავშირდება საქართველოს ხელისუფლების მიერ მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის არასასურველი პირების სიაში ჩასმას. რუსეთის საგარეო უწყებამ აღნიშნა, რომ თბილისი განაგრძობს პროვოკაციებს, რომელიც ძირს უთხრის მოსკოვთან ურთიერთობის გაჯანსაღების პროცესს.

„ძნელია რაციონალურად ასეთი ქმედების ახსნა – ქართულ-რუსულ ნორმალიზებას ხომ საგრძნობი მოგება მოაქვს ეკონომიკისა და საქართველოს მოქალაქეებისთის“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყებაში.

ამ განცხადებას ქართული მხარეც გამოეხმაურა. მმართველი პარტია “ქართული ოცნების” დეპუტატის ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, ქართული მხარე რუსეთისგან და მისი მოქალაქეებისგან კანონის პატივისცემას ითხოვს. კვაჭანტირაძემ აღნიშნა, რომ ლუჟკოვის ვიზიტი იყო პროვოკაციული და ის საქართველოში ვეღარ ჩამოვა.

„ლუჟკოვის ბედიღბალით რომ დაინტერესდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ლუჟკოვი არ იყო აქ, როგორც ჩვეულებრივი კერძო პირი ჩამობრძანებული. მისი ვიზიტი აშკარად ქმნიდა პროვოკაციულ ფონს. ჩვენ ვითხოვთ კანონის პატივისცემას და არა ისეთ განცხადებებს, როგორც ლუჟკოვმა განაცხადა, რომ „მე მესმის რომ დავარღვიე კანონი, მაგრამ ამისთვის მიმიფურთხებია“. ეს იყო, რა თქმა უნდა, აღმაშფოთებელი. ის საქართველოში, ალბათ, ვეღარასოდეს ვეღარ ჩამობრძანდება,“ – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

შეგახსენებთ, იური ლუჟკოვი საქართველოში გასულ კვირას იმყოფებოდა. მისმა ჩამოსვლამ თბილისში აჟიოტაჟი გამოიწვია, რადგან ის იმყოფებოდა აფხაზეთში და დარღვეული აქვს ოკუპაციის შესახებ კანონი. თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ სანქციები არ აამოქმედა.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ