აფხაზეთში ამტკიცებენ, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს ნატოში გაერთიანების საკითხის განხილვას არ უკავშირდება " />

რუსეთი აფხაზეთის არმიას ხელახლა აღჭურავს. ყველა დეტალი

აფხაზეთში ამტკიცებენ, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს ნატოში გაერთიანების საკითხის განხილვას არ უკავშირდება

აფხაზი ახალწვეულები ფიცს დებენ. ფოტო: აიააირა

პრეზიდენტმა პუტინმა აფხაზეთის შეიარაღებული ძალების გადაიარაღების ბრძანება გასცა, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რა რაოდენობის თანხა გამოიყოფა და კონკრეტულად, რას ითვალისწინებს პროექტი.

აფხაზეთში ამტკიცებენ, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს ნატოში გაერთიანების თემის გააქტიურებას პირდაპირ არ უკავშირდება და, ასევე, არც ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სიტუაციის გართულებას.

• გერმანული მოდელი: საქართველოს შეეძლო ნატოში სწრაფად გაწევრიანება 

• რა ხდება სოფელ ჩორჩანასთან. თბილისი ცხინვალის ულტიმატუმის შესრულებას არ აპირებს

აფხაზეთში, მოდერნიზაციის შესახებ გამოცხადებული გადაწყვეტილება, 2014 წელს ხელმოწერილი „რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის სამოკავშირეო და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებიდან“ გამომდინარეობს. ამ დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტი, ოფიციალური მოსკოვის მიერ აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას ითვალისწინებდა.

საქართველო აფხაზეთს თავის ნაწილად მიიჩნევს. მას ამაში მხარს უჭერს ყველა დასავლური ქვეყანა და საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი. თვითონ აფხაზეთი საკუთარ თავს დამოუკიდებლად თვლის 1994 წლიდან, მას შემდეგ, რაც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შეიარაღებული ფაზა დასრულდა. რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2008 წელს აღიარა.

საქართველო მოსკოვს აფხაზეთის ოკუპაციაში ადანაშაულებს, რუსეთი ამ ბრალდებებს უარყოფს. 

აფხაზური არმიის პირადი შემადგენლობა 2100-2200 კაცია, ამავდროულად, აფხაზეთის მოსახლეობის ოფიციალური რაოდენობა კი 242 ათასი ადამიანია.

ამ დრომდე აფხაზური არმიის შეიარაღებაშია ძველი საბჭოთა სამხედრო ტექნიკა, რომელიც 1992-1993 წლებში, ომის დროს გამოიყენეს.

ის მორალურადაც და ფიზიკურადაც დაძველდა, თუმცა, აფხაზეთში, საკუთარი ძალებით შეიარაღებული ძალების ხელახლა აღჭურვა, შორეულ პერსპექტივაშიც კი არ განიხილება.

• მოსაზრება: ქართულ-აფხაზური ჩიხი. ოკუპაციის შესახებ ქართული კანონი – როგორც პრო-რუსული აქცია

• რუსული კრედიტი აფხაზეთისთვის  რკინიგზის აღსადგენად. აფიორა?

 „იმ მინდორზე ოს ბიჭებთან ფეხბურთს ვთამაშობდით“. რეპორტაჟი გუგუტიანთკარიდან

რუსეთის დახმარება – არმიის მოდერნიზაციის ერთადერთი ვარიანტია.

რეფორმა აფხაზური არმიის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვას, მართვის სტანდარტების რუსეთის არმიასთან უნიფიკაციასა და სამხედრო მოსამსახურეებისთვის სოციალური გარანტიების მიცემას ითვალისწინებს.

ჯერჯერობით უცნობია თანხა, რომელსაც მოსკოვი გამოყოფს. აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ის მომავალი კონსულტაციების მიმდინარეობისას დაზუსტდება.

„ზოგადად, მშვიდობიან პერიოდში, აფხაზეთის შეიარაღებული ძალები გაძლიერებულ მოტომსროლელ ბრიგადას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ასეთი არმიის მოდერნიზაციის ხარჯები შედარებით ნაკლები იქნება და არ გახდება ძალიან დამამძიმებელი რუსეთის სამხედრო ბიუჯეტისთვის. თუმცა, ასეთი ნაბიჯის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ყველა შესაძლო ხარჯს აღემატება“, – განუცხადა „გაზეტა.რუ“-ს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის ყოფილმა მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა ვალერი ზაპარენკომ.

აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზის შესახებ 

სწორედ რუსეთი უზრუნველყოფს აფხაზეთის თავდაცვისუნარიანობასა და უსაფრთხოებას.

აფხაზეთში დისლოცირებულია რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა.

საერთო ჯამში, მისი პოტენციალი საგრძნობლად აღემატება თავად აფხაზეთის შეიარაღებული ძალების პოტენციალს. რუსი სამხედროები ამტკიცებენ, რომ მისი პოტენციალი საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო და რიცხობრივი შემადგენლობის შესაბამისია.

2015 წელს, აფხაზეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელი გახდა რუსი გენერალი, ანატოლი ხრულოვი, ცოტა ხნის შემდეგ, რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო დადგენილება რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შესახებ.

მის შემადგენლობაში რუსული მხრიდან შევიდა აფხაზეთის ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზა, აფხაზური მხრიდან კი – მოტომსროლელთა ორი ბატალიონი, საარტილერიო და საავიაციო ჯგუფი, ასევე, სპეციალური დანიშნულების რაზმების ცალკეული ნაწილები.

გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურად რუსული სამხედრო ბაზის ხელმძღვანელი დაინიშნა.

მოკლედ იმ დახმარების შესახებ, რომელსაც რუსეთი აფხაზეთს უწევს 

• აფხაზეთის მოსახლეობის არანაკლებ 80 პროცენტისა, რუსულ პასპორტს ფლობს. 

• რუსეთი ოფიციალურად უხდის აფხაზ პენსიონერებს პენსიას რუსული სტანდარტების მიხედვით. 

• დახმარების საერთო მოცულობა, რომელიც ყოველწლიურად რუსეთის ფედერაციიდან აფხაზეთში მიდის, 300 მილიონ დოლარად ფასდება, მაგრამ ოფიციალური და ზუსტი ინფორმაცია ყოველთვის უცნობია, ვინაიდან ის არასოდეს გამოქვეყნებულა. 

• აფხაზური კომპანიების მიერ დამზადებული მთელი პროდუქცია ან შიდა ბაზარზე მიდის, ან კიდევ რუსეთში.

აფხაზი ახალწვეულები ფიცს დებენ. ფოტო: აიააირა

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო


ასევე წაიკითხეთ