რა ინტერესი აქვს რუსეთს ცენტრალურ აფრიკაში და რატომ მოკლეს იქ რუსი ჟურნალისტები

დაღუპული ჟურნალისტები რუსეთში გადაასვენეს

დღეს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დაახლოებით ათი გასამხედროებული დაჯგუფება არსებობს. ახლახან ამ ქვეყანაში რუსი დაქირავებული მეომრებიც გაჩნდნენ.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში  31 ივლისს მომხდარ რუსი ჟურნალისტების   მკვლელობაში  ეჭვმიტანილები არიან  დაჯგუფება „სელეკას“ მეომრები. მასში სხვადასხვა მიმდინარეობის მუსლიმი ბოევიკია გაერთიანებული, მისი არაფორმალური ლიდერი კი –  მიშელ ჯოტოდია დაახლოებით 10 წელიწადს სსრკ-ში ცხოვრობდა, ქალაქ ორიოლის ტექნიკუმში სწავლობდა,  შემდეგ კი პატრის ლუმუმბას სახელობის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტი დაამთავრა.

ჟურნალისტი ორჰან ჯემალი, ოპერატორი კირილ რადჩენკო და რეჟისორი ალექსანდრ რასტორგუევი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში იქ მყოფი დაქირავებული მეომრების შესახებ საგამოძიებო ფილმის გადასაღებად გაემგზავრნენ.

ჟურნალისტების მკვლელობის შედეგად ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში რუსეთის სამხედრო მიზნით ყოფნა საერთაშორისო მედიის მთავარ თემად იქცა.

რუსეთი და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა: რა არის ცნობილი ამ მომენტისთვის

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში რუსეთის შესაძლო სამხედრო ყოფნასთან დაკავშირებით ჟურნალისტების 2018 წლის დასაწყისში ალაპარაკდნენ. კერძოდ, მარტში სააგენტო France Presse იმის შესახებ იუწყებოდა, რომ დედაქალაქიდან 60 კილომეტრში170-ზე მეტი რუსი ინსტრუქტორია დაბანაკებული. AFP-ს კორესპონდენტმა იქ კარვების რიგი, და ასევე სამხედრო ფორმიანი რუსები შენიშნა, რომლებიც ადგილობრივ ჯარისკაცებს წვრთნას უტარებდნენ. მას გადაღება აუკრძალეს.

მალე ბევრი საერთაშორისო გამომძიებელი-ჟურნალისტი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ აფრიკის ამ ქვეყანაში დაბანაკებულია იგივე „ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანია“, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინის აღმოსავლეთსა და სირიაში იბრძვის.

რა არის „ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანია“?

„ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანია“ – არის რუსული კომპანია, რომელიც სამხედრო და დაცვით სამსახურს ეწევა. მის მიერ დაქირავებული სპეციალისტები იბრძოდნენ უკრაინაში, სირიასა და სუდანში. „კონტრაქტორი ორგანიზაცია, რომელიც სამხედრო მომსახურებას უზრუნველჰყოფს“ ძირითადად რუსეთის ჯარის ყოფილი ოფიცრებისგან შედგება.

ბევრი რუსული მასობრივი საინფორმაციო საშუალების მონაცემებით, „ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანია“ უშუალოდ რუსეთის ხელისუფლებას ექვემდებარება. მის შესანახად წელიწადში რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი იხარჯება. „ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანიის“ არსებობა რუსეთის ხელისუფლებას, მაგალითად, იმის თქმის საშუალებას აძლევს, რომ რუსეთის რეგულარულმა არმიამ სირიიდან თავისი ჯარი გამოიყვანა. ფორმალურად ეს მართლაც ასეა, თუმცა სირიაში რჩება „ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანია“, რომელიც რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

შიდა პოლიტიკური სიტუაცია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში

ქვეყანამ საფრანგეთისგან დამოუკიდებლობა 1960 წელს მოიპოვა. მას შემდეგ იქ სამოქალაქო ომი არ ცხრება. 2012 წლიდან ქვეყანას ფოსტენ-არკანჟ ტუადერა ხელმძღვანელობს. ბოლო მონაცემების მიხედვით, სამთავრობო ჯარი ქვეყნის ტერიტორიის მხოლოდ 20 პროცენტს აკონტროლებს. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დანარჩენ ნაწილს ათზე მეტი სამხედრო დაჯგუფება ინაწილებს.

2013 წელს საფრანგეთმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში თავის ჯარი შეიყვანა და ქვეყანაში შეიარაღებული კონფლიქტის მოგვარება სცადა. თუმცა, მას შემდეგ, რაც 2016 წელს პარიზმა ინტერვენცია დაასრულა და თავისი ჯარისკაცები სამშობლოში დააბრუნა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო მოქმედებები ახალი ძალით დაიწყო.

რას აკეთებენ რუსი დაქირავებული მეომრები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში?

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში რუსი სამხედროების ყოფნის შესახებ ამ წლის დასაწყისში გახდა ცნობილი. ერთდროულად რამდენიმე ფრანგულმა გამოცემამ  გაავრცელა ცნობა, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 170-ზე მეტი სამხედრო ინსტრუქტორია დაბანაკებული.

2013 წლიდან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკისთვის იარაღის მიწოდებაზე გაეროს აკრძალვა მოქმედებს. თუმცა, 2017 წელს რუსეთმა მოახერხა, რომ  ქვეყნისთვის მსუბუქი იარაღის მიწოდების შესაძლებლობა გაეროს უშიშროების საბჭოსთნ შეეთანხმებინა. ბევრი ექსპერტის აზრით, გაერო ამ ნაბიჯზე იმის გამო წავიდა, რომ თავიდან აეცილებინა აფრიკაში ჩინეთის ექსპანსია.

2018 წლის დასაწყისში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკისთვის იარაღის მიწოდებაზე არსებული აკრძალვა ერთი წლით გაგრძელდა. რუსეთმა ამ აკრძალვაზე გამონაკლისის უფლება შეინარჩუნა.   

რუსეთის ინტერესები

რუსეთს ამ რეგიონში შეიძლება პირველ რიგში აინტერესებდეს ბუნებრივი რესურსები, რითაც ის მდიდარია: ნავთობი, ოქრო, ურანი და არამხოლოდ.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი ტუადერა ბოლო წლების განმავლობაში უკვე ორჯერ იმყოფებოდა რუსეთში. თავიდან ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა, მაისში კი  მონაწილეობა მიიღო პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმში, სადაც მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს „რთულ ჰუმანიტარულ სიტუაციაში დახმარებისთვის“ მადლობა გადაუხადა.

ამავდროულად, დასავლეთის მასობრივი საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, რუსეთი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ამბოხებულებთანაც ინარჩუნებს კონტაქტს, რადგან კრემლისთვის საინტერესო რესურსების ძირითადი ნაწილი მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზეა განლაგებული. რუსი დიპლომატები, სულ ცოტა, სამი სამხედრო დაჯგუფების წარმომადგენლებს შეხვდნენ.


ასევე წაიკითხეთ