აფხაზეთი რუსული საკრუიზო გემების მისაღებად ემზადება. აპრილში აქ “თავად ვლადიმირს” ელიან

თუმცა, ჯერ პორტში ფსკერია გასაღრმავებელი, რაც საკმაოდ ძვირი ჯდება

რუსული საკრუიზო ლაინერი „თავადი ვლადიმირი“

აფხაზეთი, შესაძლოა, შავი ზღვის იმ პორტების სიაში დაბრუნდეს, სადაც  დიდ კრუიზებში მოცურავე რუსული გემები ჩერდებიან ხოლმე. 

აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტრომ უკვე გამართა მოლაპარაკებები რუსულ კომპანია „შავი ზღვის კრუიზებთან“.

ამ ეტაპზე საუბარია რუსული ლაინერის „თავადი ვლადიმირის“ განრიგში აფხაზეთის ჩართვაზე. ეს გემი ახლა – სოჭი-ნოვოროსიისკი-იალტა-სევასტოპოლი-სოჭი მარშრუტს ასრულებს. 

„ზღვით მოგზაურობა ტურისტებისთვის ბევრად უფრო მიმზიდველია, ვიდრე საზღვრის ავტობუსებით გადაკვეთა. თუ გემი უშუალოდ სოხუმის პორტში ჩავა, მაშინ რიწის ტბასა და ათონის მღვიმეში ექსკურსიებიც გაცილებით პოპულარული გახდება“ ამბობს აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ბათალ თარბა.

ლაინერ „თავადი ვლადიმირის“ სეზონი აპრილიდან ოქტომბრამდე გრძელდება.

აფხაზეთში ვარაუდობენ, რომ ამ მარშრუტში უკვე 2019 წლის აპრილიდან ჩაერთვებიან.

თუმცა, იმისთვის, რომ ეს პროექტი ამოქმედდეს, სოხუმის პორტი საკრუიზო გემის მისაღებად უნდა მომზადდეს. კერძოდ, სოხუმის ყურის აკვატორიაში ფსკერი უნდა გაღრმავდეს. ეს კი საკმაოდ რთული და ძვირადღირებული პროექტია.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ბათალ თარბამ დაადასტურა, რომ არსებობს განსაზღვრული საორგანიზაციო, ტექნიკური და სამართლებრივი პირობები, რომლებიც აფხაზეთმა უნდა შეასრულოს საიმისოდ, რომ ლაინერის მარშრუტში ჩართონ.

„აფხაზეთის საზღვაო სანაოსნომ უკვე დიდი სამუშაო ჩაატარა, და რიგი ამ საკითხებისა უკვე მოხსნილია“ განაცხადა თარბამ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ რა სამუშაოებზე ლაპარაკობდა.

ასევე წაიკითხეთცნობილი რუსი პოეტი და მომღერალი ვლადიმირ ვისოცკი და მისი საზღვაო კრიუზები აფხაზეთში

სოხუმის პორტი საბჭოთა კავშირის პერიოდში აქტიურად ემსახურებოდა საკრუიზო გემებს, რომლებიც შავი ზღვის გარშემო მოგზაურობდნენ. თუმცა,  1990-იანი წლების დასაწყისში, აფხაზეთის ომის შემდეგ ყველა კრუიზი შეწყდა.

ახლა პორტი სატვირთო გემების მიღებას აგრძელებს. აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აქ თურქეთიდან და რუსეთიდან საშენი მასალები და საკვები პროდუქტები შემოდის, ექსპორტზე კი იმავე ქვეყნებში ძირითადად ქვანახშირი და ხრეში გადის.

თბილისს უკანონოდ მიაჩნია აფხაზეთის გავლით ნებისმიერი გადაზიდვა, თუკი ის საქართველოს ხელისუფლებასთან არ არის შეთანხმებული.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ