სერგეი ლავროვის აფხაზეთში ჩასვლამ სოხუმელებს შორის აჟიოტაჟი გამოიწვია " />

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის ორი დღე აფხაზეთში

სერგეი ლავროვის აფხაზეთში ჩასვლამ სოხუმელებს შორის აჟიოტაჟი გამოიწვია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აფხაზეთში ორი ნაყოფიერი დღე გაატარა და 19 აპრილს ვიზიტს ასრულებს.

ოფიციალურმა თბილისმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვა და მას „პროვოკაცია“ უწოდა.

მაგრამ აფხაზეთისთვის სერგეი ლავროვის ვიზიტი აპრილის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცა და სოხუმელების უზარმაზარი ინტერესი მიიპყრო.

 

მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტის დროს რაიმე ახალი დოკუმენტის ან შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერიათ, მაინც გაკეთდა რამდენიმე ისეთი განცხადება, რომლებიც შეიძლება იმის კიდევ ერთ დასტურად მივიჩნიოთ, რაც ისევ მნიშვნელოვანია რუსეთისთვის აფხაზეთთან ურთიერთობაში.

რუსეთის ფედერაციის საელჩოს ახალი შენობის გახსნა აფხაზეთში

ოფიციალურად, მისი ჩამოსვლა უკავშირდებოდა სწორედ სოხუმში რუსეთის საელჩოს შენობათა ახალი კომპლექსის  გახსნის საზეიმო ცერემონიას, რომელიც 18 აპრილს გაიმართა.

სერგეი ლავროვი და რუსეთის ახლანდელი ელჩი  აფხაზეთში სემიონ გრეგორიევი

“მინდა, ჩვენს ყველა დიპლომატს ახალმოსახლეობა მივულოცო. დაე, სამუდამო იყოს  აფხაზ ხალხთან ჩვენი მეგობრობა“, – განაცხადა ლავროვმა ღონისძიების ოფიციალური ნაწილის გახსნისას.

ლავროვმა, ასევე თქვა, რომ საელჩოს შენობაში ალბათ აუცილებლად გაჩნდება 2013 წელს სოხუმში მოკლული რუსი დიპლომატების – დმიტრი და ოლგა ვიშერნიოვებისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა.

ოფიციალური შეხვედრები

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა აფხაზეთის პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას და რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელს – დაურ კოვეს.

სერგეი ლავროვი და აფხაზეთის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა

შეხვედრების უმეტესობამ დახურულ კარს მიღმა ჩაიარა, ჟურნალისტების მონაწილეობის გარეშე. ხაჯიმბამ ჟურნალისტებს მხოლოდ ის აცნობა, რომ განსახილველ საკითხებს შორის იქნებოდა:

  • რუსეთ-აფხაზეთის საზღვრის დაცვა;
  • აფხაზეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება;
  • 2015-2017 წლებში, აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის საინვესტიციო პროგრამების ფარგლებში, პროექტების განხორციელება.

რუსეთ-აფხაზეთის საზღვრის დაცვა

“აფხაზეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების ყველაზე სანდო უზრუნველყოფა და გარანტია ის ურთიერთობებია, რომელიც რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებით და იმ კონკრეტული ზომებით არის გამყარებული, რომლებიც … გარედან რაიმე აგრესიული მცდელობების არდასაშვებად  ყოველდღიურად ტარდება“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა აფხაზეთის პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრის მიწურულს“, – იუწყება სააგენტო „აფხაზია-ინფორმი“.

აფხაზეთის თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან

ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხისას ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მიესალმებოდა  კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციასთან აფხაზეთის თანამშრომლობას. თუმცა, იმავდროულად მან ისიც აღნიშნა, რომ ნებისმიერი ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრობის ან დამკვირვებლის სტატუსის მისაღებად აუცილებელია მისი ყველა წევრის კონსენსუსი.

რუსეთის მოქალაქეობა აფხაზეთის მოქალაქეებისთვის

„როდის გამარტივდება აფხაზეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურა?“ – გაისმა პრეს-კონფერენციაზე შეკითხვა.

სერგეი ლავროვმა უპასუხა, რომ რუსეთის მხარემ  2016 წელს  აფხაზეთს ორმაგი მოქალაქეობის თაობაზე ხელშეკრულების დადება შესთავაზა – და ახლა მის ოპერატიულად მიღებას იმედოვნებს. როგორც რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, „ეს რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების პრაქტიკის გამარტივების საშუალებას მოგვცემს“.

აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ თქვა, რომ ახლა ეს პროექტი მინისტრთა კაბინეტშია,  შემდეგ კი განსახილველად პარლამენტს გადაეცემა.

რუსეთიდან სომხეთში აფხაზეთის გავლით ტვირთების ტრანზიტი

„განიხილებოდა თუ არა რუსეთიდან სომხეთში აფხაზეთის გავლით ტვირთების ტრანზიტის აღდგენა?“ – დასვეს შეკითხვა ჟურნალისტებმა.

“რუსეთის მხარეს არავითარი პრობლემა არ აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ტრანზიტი აღდგეს“, – უპასუხა სერგეი ლავროვმა, და აღნიშნა, რომ „საამისოდ სამართლებრივი საფუძველი არსებობს“.

სერგეი ლავროვი რუსეთის ფედერაციასა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას შორის  მიღწეულ შეთანხმებებს გულისხმობდა, როდესაც რუსეთი 2011 წელს ამ ორგანიზაციაში გაწევრიანდა.

„ვიცით, რომ სომეხი კოლეგები დაინტერესებულები არიან ტრანზიტის აღდგენით. აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ აფხაზეთი წინააღმდეგი არ არის. ამიტომ, ეს უკვე ჩვენზე კი არა, იმ სხვა ქვეყნებზეა დამოკიდებული, სადაც ეს ტრანზიტი გაივლის“, – თქვა მინისტრმა.

პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ტრანზიტის განახლება „დამატებით სახსრებს გააჩენს აფხაზეთის ბიუჯეტში“. მან აღნიშნა, რომ ეს საკითხები ცივილიზებულად უნდა გადაწყდეს.

“თუკი ქართული მხარე მზად იქნება ამ საკითხისთვის – ეჭვი არ მეპარება, რომ პროცესი შეიძლება გაფართოვდეს“, – თქვა აფხაზეთის პრეზიდენტმა.

შეთანხმება ძალის გამოუყენებლობის შესახებ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „სრულიად რეალურად მიაჩნია ძალის გამოუყენებლობის შესახებ  იურიდიული ვალდებულების  შემცველი დოკუმენტის ხელმოწერა… და ამისთვის კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების ჟენევის ფორმატის გამოყენება“.

ლავროვმა საგანგებოდ აღნიშნა ჟენევის დისკუსიებში მონაწილეობის გაგრძელების მნიშვნელობა.

სანაპიროზე გასეირნება და „რუსული დრამის“ თეატრი

სერგეი ლავროვმა მონაწილეობა მიიღო ასევე დიდების პარკში მემორიალთან ყვავილების მიტანის ცერემონიაში.

შემდეგ კი მან იმის დროც გამონახა, რომ სოხუმის სანაპიროზე გაესეირნა და ბულვარზე – ბრეხალოვკაზე ყავა დაელია.

რუსული დრამატული თეტრის დირექტორმა ირაკლი ხინთბამ  სერგეი ლავროვი ბოლო თეატრალური პრემიერების ფოტოების გამოფენის სანახავად მიიწვია. მსახიობებმა მინისტრისთვის სპექტაკლ „ხუთი საღამოდან“ მცირე ნაწყვეტი გაითამაშეს, და ორი მუსიკალური ნომერი შესარულეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის აფხაზეთში ახლანდელი ვიზიტი – რიგით მეოთხეა. ამჯერად არსებობს იმის საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ ეს უბრალო სამუშაო ვიზიტი იყო, რომლისგანაც რაიმე ცვლილებას ან გადაწყვეტილებას არ უნდა ველოდეთ. აფხაზეთში რუსეთის მაღალი თანამდებობის პირები, დიდი ხანია, აღარ ჩამოსულან, და ალბათ ამიტომაც მოჰყვა ლავროვის ჩამოსვლას ასეთი აჟიოტაჟი.

  • რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობის შესახებ შეთანხმება ძალაში 2015 წლის 5 მარტს შევიდა.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ავტორის ტერმინოლოგია მის პოზიციას გადმოსცემს და, შესაძლოა, რედაქციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.

ასევე წაიკითხეთ