არსებობს ვარაუდები, რომ ინფრასტრუქტურა საქართველოს გავლით სატრანზიტო ნაკადის გასახსნელად მზადდება" />

„როსნეფტის“ მიერ სამხრეთ ოსეთში ავტოგასამართი სადგურების გახსნის გადაწყვეტილებას ექსპერტები გროტესკულს უწოდებენ

არსებობს ვარაუდები, რომ ინფრასტრუქტურა საქართველოს გავლით სატრანზიტო ნაკადის გასახსნელად მზადდება

რუსეთის ნავთობის უმსხვილესმა კომპანიამ „როსნეფტმა“სამხრეთ ოსეთში  ავტოგასამართი სადგურების გახსნის გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა. იუწყებიან, რომ ამის თაობაზე მოსკოვში შეხვედრის დროს შეთანხმდნენ სამხრეთი ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი და „როსნეფტის“ ხელმძღვანელი იგორ სეჩინი. გარდა ამისა, აღინიშნება, რომ ამ შეხვედრას წინ  ბიბილოვის კიდევ ერთი, უფრო მაღალი დონის შეხვედრა უძღოდა – რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.

სამხრეთი ოსეთის მეთურმა ამასთან დაკავშირებით ხმაურიანი განცხადება გააკეთა: „ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სამხრეთ ოსეთში კომპანია „როსნეფტის“ შემოსვლასთან ერთად უხარისხო საწვავისა და მისი არადროულად მოწოდების ყველა პრობლემა გადაწყდება“.

როგორც მისი პრეს-სამსახური იუწყება, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში რესპუბლიკაში კომპანიის სპეციალისტები ჩამოვლენ, რომლებთან ერთადაც ავტოგასამართი სადგურების მშენებლობისა და ამოქმედების წვრილმანები დამუშავდება.

ამავდროულად, რუსი ექსპერტები ამ გარიგების უცნაურობაზე ლაპარაკობენ – გაუგებარია, რა საჭირო იყო პატარა რესპუბლიკაში რამდენიმე ავტოგასამართი სადგურის გასნის გადაწყვეტილების რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დონეზე მიღება. ასევე გაუგებარია, რა სარგებელი აქვს ამ გარიგებისგან „როსნეფტს“.

„ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში რუსი პოლიტოლოგი ვლადიმირ ნოვიკოვი აფხაზეთთან რამდენიმე შედარებას აკეთებს.

ის ამბობს, რომ  „აფხაზეთში „როსნეფტს“ აქვს შვილობილი საწარმო, ფლობს ნავთობის მარაგის შემცველ და პოტენციურად ნავთობის მარაგის შემცველ მიწის ნაკვეთებს“. მაგრამ სამხრეთ ოსეთში მსგავსი არაფერია.

ბენზინის გაყიდვით მიღებულ შემოსავალზე თუ ვილაპარაკებთ, „ ეს მაინც საეჭვო მიზეზია“, – ამბობს ნოვიკოვი. „იქ ძალიან მცირე ბაზარია, მოსახლეობა სულ 50 ათასი ადამიანია. იმავე აფხაზეთში, შედარებისთვის, მოსახლეობა 200 ათას ადამიანს შეადგენს“.

პოლიტოლოგი ვარაუდობს, რომ ამ გარიგების ასეთ მაღალ დონეზე საჩვენებელი დადება, ძირითადად, ანატოლი ბიბილოვის იმიჯისთვის იყო საჭირო: „ ყველა ხედავს, რომ ის ისეთ მნიშვნელოვან სახელმწიფო პირს შეხვდა, რომელიც ძალიან სერიოზულ კომპანიას უძღვება“.

რუსი ეკონომისტი, ეკონომიკის ინსტიტუტის თანამშრომელი ალექსანდრ კარავაევი კიდევ ერთ ასპექტზე მსჯელობს.

ეს, შესაძლოა, რესპუბლიკის დამატებითი დაფინანსების ფარული ხერხი იყოს, – თქვა მან „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში.

„ავტოგასამართი სადგურებისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის ხარჯები გაიბერება, და მას, ასე ვთქვათ,  ღირსეული ადამიანები გაიყოფენ. ანუ ეს დამატებითი წყაროა არამხოლოდ რესპუბლიკის ბიუჯეტისთვის, არამედ რესპუბლიკის ელიტისთვისაც.

მაგალითად, როდესაც სპარსეთის ყურეში მდებარე მონარქიების ძალიან ძვირად ღირებულ ობიექტებზე ვსაუბრობთ, ჩვენ ამას ნორმად აღვიქვამთ. თუმცა, არც ეს დანახარჯებია მიზანშეწონილი, ესეც იმიჯისთვის ხდება… და რატომაც არ უნდა გამოიყენონ „როსნეფტი“ დონორად სამხრეთი ოსეთის განვითარებისთვის.

ავტოგასამართი სადგურები, სადაც ტუალეტები, მაღაზიები და რაღაც თანმხლები მომსახურებაც იქნება, სამხრეთი ოსეთის ტურისტულ მიმზიდველობას გაზრდის“.

ალექსანდრ კარავაევი იმასაც ვარაუდობს, რომ შესაძლოა, მთელი ეს კონტრაქტი საავტომობილო-საგზაო ინფრასტრუქტურის საიმისოდ მომზადება აღმოჩნდეს, რომ საქართველოს გავლით სატრანზიტო ნაკადი გაიხსნას.

2017 წლის მაისში სამხრეთ ოსეთში საწვავთან დაკავშირებული მაქინაციის სქემა გაიხსნა და რესპუბლიკაში საწვავის ცენტრალიზებული მომწოდებლის – სახელმწიფო საწარმო „იუგოსეტნეფტეპროდუქტის“  წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

კორუფციული სქემა ასეთი იყო: ცნობილი რუსული ბრენდის საწვავი ვლადიკავკაზში ჩადიოდა; იქ მას განაზავებდნენ და ცხინვალს  უკვე ამ სახით, დაბალი ხარისხის საწვავი მიეწოდებოდა.

სახელმწიფო საწარმოსა და კომპანია „როსნეფტს“ შორის  შეთანხმების საფუძველზე, 2014 წლიდან „იუგოსეტნეფტეპროდუქტი“ რუსეთიდან სამხრეთ ოსეთში ნავთობპროდუქტების უფლებამოსილი იმპორტიორია.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო.


ასევე წაიკითხეთ