ამბავი აზერბაიჯანის ყველაზე დიდი ფსიქიატრიული საავადმყოფოს შესახებ" />

როდესაც მხატვრები ავად ხდებიან

ამბავი აზერბაიჯანის ყველაზე დიდი ფსიქიატრიული საავადმყოფოს შესახებ

ფსიქიატრიულ საავადმყოფოებზე ბევრი განსხვავებული ჭორია გავრცელებული. ამბობენ, რომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში პაციენტებს ელექტროშოკით მკურნალობენ და ასეთი მეთოდით მკურნალობის შემდეგ ჯანმრთელი ადამიანებიც კი გიჟდებიან. იმასაც ამბობენ, რომ კლინიკაში მოხვედრილი პაციენტი აქაურობას თავს ვეღარასდროს დააღწევს. ბაქოს პირველი ფსიქიატრიული საავადმყოფო (რომელიც ქალაქში „მაშთაღის კლინიკის“ სახელითაა ცნობილი) საქვეყნოდ ცნობილი დაწესებულებაა და, სხვა საავადმყოფოების მსგავსად, ისიც ჭორების საბურველშია გახვეული.

მაშთაღა დასახლებაა, რომელიც ბაქოს ცენტრიდან ორმოცი წუთის სავალზე მდებარეობს. საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან აქ მხოლოდ ერთი, №172 ავტობუსი დადის. გზის გაყოლებაზე ბაქოს სააგარაკო დასახლებებისათვის დამახასიათებელი ტიპური პეიზაჟი იშლება – გარშემო ქვის ღობეები, უდაბური ადგილები და ლეღვის ხეები მოჩანს. მაშთაღას ფსიქიატრიულ საავადმყოფოს გვერდს ვერ აუვლი – ავტობუსის ერთ-ერთი გაჩერება უშუალოდ ამ კლინიკის მაღალ გალავანში დატანებულ პატარა კართანაა მოწყობილი. ამ გაჩერებაზე ხშირად ჩამოდიან მგზავრები. თუკი დავაკვირდებით იმას, თუ როგორ ითხოვენ ისინი გაჩერებას, ძალიან ადვილი იქნება იმის განსაზღვრა, თუ რა მიზნით არიან ჩამოსულები ამ დასახლებაში. მძღოლს საავადმყოფოსთან გაჩერებას მხოლოდ პაციენტების ახლობლები სთხოვენ ხოლმე. სხვა დანარჩენი მგზავრები კი აცხადებენ: «საგიჟეთთან გააჩერეთ».

გამშვებ პუნქტზე პოლიციელები სტუმრებს ეკითხებიან თუ ვისთან მიდიან და რა მიზნით სურთ საავადმყოფოს ტერიტორიაზე მოხვედრა, შემდეგ კი უშუალოდ საავადმყოფოს ადმინისტრაციას უკავშირდებიან და მიღებულ ინფორმაციას ამოწმებენ. ზოგჯერ ჩანთებსაც ამოწმებენ. საავადმყოფოს ტერიტორიაზე მდებარეობს საგამოძიებო იზოლატორი იმ ეჭვმიტანილებისათვის, რომელთა ფსიქიკურ მდგომარეობაც სასამართლო პროცესის დაწყებამდე უნდა შემოწმდეს. ამას გარდა, უსაფრთხოების მკაცრი ზომები ასეთი ტიპის დაწესებულებებში ძალიან ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს. საავადმყოფოს მთელი ტერიტორია სათვალთვალო კამერებით კონტროლდება, რაც ობიექტის დაცვის თანამშრომლებს ძალიან დიდ სამსახურს უწევს.

ეს საავადმყოფო, რომელიც რამდენიმე ჰექტარს იკავებს, ყველაზე დიდი კლინიკაა ქვეყანაში. მის კორპუსებს შორის მანქანით გადაადგილება უფრო მოსახერხებელია, ვიდრე ფეხით. საავადმყოფოს ტერიტორია საბჭოთა სანატორიუმს ჰგავს – ასფალტიც დაგებულია, ხეებიც დგას და, ამას გარდა, აქაურობას ხელოვნური წყალსატევებიც ამშვენებს.


მაშთაღას ფსიქიატრიული საავადმყოფო 1936 წელს გაიხსნა. თავიდან კლინიკა 100 ადგილზე გათვლილი სამი განყოფილებისგან შედგებოდა, ამჟამად კი აქ 30 განყოფილება არსებობს, რომელთა შორისაც 6 ქალებისთვისაა განკუთვნილი, 12 – მამაკაცებისთვის, 4 ტუბერკულოზის მქონე ავადმყოფებისთვის, ერთი ბავშვებისთვის, ერთი მოზარდებისთვის და ერთიც – ინფექციური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის. საავადმყოფოში სამასზე მეტი პაციენტია – ადამიანები, რომლებმაც მთლიანად დაკარგეს სოციალური კავშირები და მხოლოდ საავადმყოფოს მეურვეობის ქვეშ იმყოფებიან.

კლინიკაში 4 რეჟიმი მოქმედებს: ღია (პაციენტს შეუძლია, თავისუფლად გადაადგილდეს საავადმყოფოს ტერიტორიაზე), ნახევრად ღია (ამ შემთხვევაში გადაადგილება მხოლოდ პერსონალის ზედამხედველობის ქვეშ შეიძლება), დახურული (რეჟიმი, რომლის მოქმედების დროსაც პაციენტს კორპუსიდან გასვლა ეკრძალება) და იზოლატორი.

ელექტროშოკი

ელექტროშოკი სულაც არაა ისეთი ხანგრძლივი და სახიფათო პროცედურა, როგორც ზოგიერთ ფილმში ჩანს. ეს მეთოდი ავადმყოფობის შეტევების დროს პაციენტის მდგომარეობის შესამსუბუქებლად გამოიყენება. ამ საშუალებას ეპილეფსიითა და ალცჰეიმერის დაავადებით შეპყრობილი ადამიანების სამკურნალოდ იყენებენ.

პროცედურა დაახლოებით ორი წამის მანძილზე გრძელდება და მხოლოდ ავადმყოფის სურვილით ხორციელდება. კლინიკის ფსიქოლოგი, საიდა ჰუსეინოვი აცხადებს: «როდესაც მაშთაღში დავიწყე მუშაობა, ელექტროშოკის პროცედურაზე დასწრების ნებართვა ვითხოვე. მე ფსიქოლოგი ვარ და ამიტომ მინდოდა, უშუალოდ პროცესიც მენახა და მკურნალობის ეფექტიც დამეფიქსირებინა, მაგრამ დიდი ხნის მანძილზე საავადმყოფოში საერთოდ არავის მიუმართავს ამ მეთოდისთვის და ამიტომ ეს თხოვნა დავიწყებას მიეცა».

რაც შეეხება საავადმყოფოში მკურნალობის მეთოდებს, უნდა აღინიშნოს, რომ, ზემოაღნიშნული პროცედურის გარდა, აქ მედიკამენტოზური მკურნალობა და ფსიქოთერაპიაც გამოიყენება – ამედიკამენტოზური მკურნალობის მეთოდი გამოიყენება იმისთვის, რათა პაციენტის ნერვული სისტემა „დამშვიდდეს“ – ეს კეთდება იმისთვის, რათა ავადმყოფს დაუბრუნდეს ფსიქოთერაპიის აღქმის უნარი, რომელიც დაავადების „გამწვავებების“ პერიოდში იკარგება.

როგორ ხვდებიან საავადმყოფოში?

სულაც არაა აუცილებელი, რომ ძალით დარჩეს საავადმყოფოში ადამიანი, რომელსაც რომელიმე დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. პირველი ფსიქიატრიული საავადმყოფოს მთავარი ექიმი, აღაჰასან რასულოვი აცხადებს: «იძულებითი მკურნალობსთვის ორი პირობა არსებობს – პაციენტი ან საზოგადოებისთვის უნდა წარმოადგენდეს საფრთხეს, ან საკუთარი თავისთვის – ერთი შეხედვით, ყველა პაციენტი სახიფათო არ არის, მაგრამ ზოგჯერ ავადმყოფი ტირილით თხოვდა დედას, სახლში წამიყვანეო, შემდეგ კი საკუთარ სახლში ხანძარს აჩენდა».

იძულებითი მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი კომისია იღებს.

როგორ შეიძლება ამ დაწესებულებიდან გამოსვლა?

თუმცა, კიდევ ერთი მითის მიხედვით, თუკი ადამიანი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდება, კლინიკიდან თავს ვერ დააღწევს, მაგრამ აღაჰასან რასულოვი ამბობს, რომ ეს ასე არ არის: «სტატისტიკური მონაცემები ჩემზე უკეთესად გამოხატავს სათქმელს. 2014 წელს 10680 პაციენტი გამოეწერა, 2015 წელს კი – 12896. რა თქმა უნდა, ყველა დაავადება არ არის სრულად განკურნებადი. საუბარია პაციენტების საერთო რაოდენობის 30%-ზე, მაგრამ ქრონიკული დაავადებების შემთხვევაშიც შეიძლება ადამიანის მდგომარეობის შემსუბუქება. ადამიანი, რომელიც ოდესღაც საავადმყოფოში იწვა, შესაძლოა, ამჟამად თქვენი უფროსიც კი იყოს. ცხოვრების დიდ ნაწილს ის ჩვეულებრივ რეჟიმში ატარებს, მაგრამ დროდადრო, დაავადების გამწვავების წინ, იგი თავისი ნებით ბრუნდება და რემისიას ელოდება ხოლმე».

კლინიკის ფსიქოლოგი, საიდა ჰუსეინოვა ამბობს, რომ გამოჯანმრთელების ალბათობა დიაგნოზით განისაზღვრება: «ის ადამიანები, რომლებსაც ობსესიურ-კომპულსიური დარღვევები აწუხებთ, ასი პროცენტით იკურნებიან და მშვიდად უბრუნდებიან სოციუმს.

ერთი პაციენტი გვყავდა, თუ სწორად მახსოვს, დაახლოებით ოცდაათი წლისა იქნებოდა. სხვადასხვა გამოფენებში მონაწილეობდა და ზოგჯერ გარმონზე უკრავდა. მას პარანოიდული შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს, მაგრამ მან დროულად გაიარა მკურნალობის კურსი და ამის შედეგად მისი დაავადების რემისიის პერიოდი გახანგრძლივდა. შიზოფრენიით დაავადებულ ადამიანებს სოციალური იზოლაცია ახასიათებთ, რეაბილიტაციის პროგრამით კი გართულებების პრევენცია მოხერხდა და შედეგად პაციენტს საზოგადოებასთან ადაპტაცია გაუადვილდა.

შაბანიც შიზოფრენიითაა დაავადებული. იგი ქორწილებში მეიხანას მღერის. ანუ ის, მიუხედავად იმისა, რომ ავადაა, მშვიდად შოულობს ფულს და საზოგადოების პატივისცემას იმსახურებს. როდესაც მისი მდგომარეობა უარესდება, იგი სამკურნალოდ ბრუნდება ხოლმე.

მხატვრების შესახებ

მედიკამენტოზური და თერაპევტული მკურნალობის პარალელურად მაშთაღაში რეაბილიტაციის განყოფილებაც არსებობს. რეაბილიტაციური თერაპია მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ პაციენტებს სოციალიზაციაში ეხმარება. სწორედ ამიტომ, მკურნალი ექიმები ცდილობენ, პაციენტებს ყველა პირობა შეუქმნან იმისთვის, რათა მათში შემოქმედებითობა გააღვივონ. მათ სურთ, რომ პაციენტებმა პლასტილინის ფიგურები ძერწონ, ხატონ, ან რაიმე მსგავსი საქმით დაკავდნენ.

იმრანი

პაციენტი იმრანი ადგილობრივი მნიშვნელობის სახელგანთქმული მხატვარია. იგი კლინიკის კინოსტუდიის გვერდით მდებარე ნახევარსარდაფში მუშაობს. ამ ადგილს აქ „საამქროს“ უწოდებენ. მთავარმა ექიმმა ეს სივრცე სპეციალურად იმრანისთვის გამოყო, იმიტომ რომ იმრანი გამუდმებით, გაუჩერებლად ხატავს (თავის დროზე მან სამხატვრო კოლეჯი დაამთავრა).

უკვე ათ წელზე მეტია, რაც იმრანი მკურნალობის კურსს გადის. საავადმყოფოში მეუღლემ მიიყვანა. მას პარანოიდალური შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს.

ძნელია იმის გაგება, თუ რაზე საუბრობს იმრანი. არა, სიტყვებს სწორად წარმოთქვამს, მაგრამ მისი საუბარი შიზოფრენიული პასაჟებითაა გაჯერებული და ამიტომ, მისი ფრაზები ზოგჯერ ლოგიკურობასაა მოკლებული. დაბეჯითებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ იგი ძალიან ნერვიულობს რენატზე, რომელსაც თავის ვაჟად მიიჩნევს. დაავადების გამწვავების პერიოდში მისი შვილების რაოდენობა ზოგჯერ ასს აღემატება. იმრანი ირწმუნება, რომ ისინი ვიღაცამ გაიტაცა.

იმრანის ნახატები და წარწერები

ეს კაცი მორწმუნეა და მას ჩემი ვაჟის მოკვლა სურს“, – აცხადებს იმრანი



იმრანმა აზერბაიჯანი ჭადრაკის დაფის ფორმით გამოსახა

კლინიკის „მთავარი კინომექანიკოსი“, ტოფიგ ჰალილოვი ძალიან დადებითადაა განწყობილი იმრანის მიმართ. იმრანი მას თვითნაკეთი კინოთეატრის გაფორმებაში ეხმარება. ტოფიგი კლინიკის პაციენტი არ არის. იგი მაშთაგას დასახლებაში ცხოვრობს, მაგრამ აქ ხშირად მოდის – იმისთვის, რათა პაციენტები გაართოს. მხოლოდ საბჭოთა და ინდურ ფილმებს უშვებს ხოლმე.

ამილი

საავადმყოფოს პაციენტებს შორის კიდევ ერთი მხატვარია – ამილი, რომელსაც მძიმე ფორმის ეპილეფსია დაუდგინდა. ფსიქოლოგი საიდა ჰუსეინოვა აღნიშნავს, რომ ეს დაავადება არამხოლოდ შეტევებს, არამედ, ზოგადად, პიროვნების ცვლილებასაც იწვევს.

საავადმყოფოში აგრესიის პერმანენტული, არაკონტროლირებადი „აფეთქებებისა“ და სუიციდალური აზრების გამო მოიყვანეს. საუბრისას ამილი ძალიან გაწონასწორებული და კულტურული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა მისი მოცახცახე ხელები მის შინაგან ნევროზულობას უსვამს ხაზს. ამილი ირწმუნება, რომ სწორედ საავადმყოფოში გრძნობს თავს მშვიდად და თავისუფლად.

ხატვისას ამილი ფერფლს, ძაფებს და სხვა არასტანდარტულ ელემენტებს იყენებს.

„ეს არის ადამიანი, რომელსაც შიზოფრენია ღუპავს“, – ამბობს ამილი

„ისლამურმა სახელმწიფომ“ ადამიანი ხეზე მიაბა და მგლების შესაჭმელად დატოვა. მაგრამ მგლები მის შეჭმაზე უარს ამბობენ და ამით ადამიანებზე მეტ ჰუმანურობას იჩენს. შავი ფერი სისხლის სიმბოლოა, გველი კი – იმ აგრესიის, რომელიც ადამიანს ახრჩობს“, – აცხადებს ამილი


უკვე 15 წელია, რაც ამილი კლინიკაში მკურნალობს, მაგრამ, იმრანისგან განსხვავებით, პერიოდულად სახლში ბრუნდება ხოლმე. ამილს ეპილეფსიის მძიმე ფორმა დაუდგინდა და ამ დაავადების გამო მას იმპერატიული ჰალუცინაციები უჩნდება. „ვიღაცის ხმა“ მკვლელობისა და თვითდაზიანებისკენ მოუწოდებს.

«შეშლილი გენიოსები»

არსებობს თუ არა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი შემოქმედებასა და ფსიქიკურ დაავადებებს შორის? – «ამ შეკითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს, – აღნიშნავს აღაჰასან რასულოვი. – ნაკლებად სავარაუდოა, რომ თუკი განსაკუთრებული ნიჭის არქმონე ადამიანი შიზოფრენიით დაავადდება, იგი რაიმე ღირებულს შექმნის. მაგრამ გენიოსი, მისი ნიჭის წყალობით, არასახარბიელო მდგომარეობაში შემოქმედების ახალი საზღვრების დანახვას ახერხებს. ეპილეფსია რომ არ სჭირდეს, ამილი, ალბათ, მაინც მხატვარი იქნებოდა, მაგრამ, გარკვეულწილად, სწორედ მისი დიაგნოზის დამსახურებაა ის, რომ ამილი ასე ხატავს –  ეპილეფსიით შეპყრობილი ადამიანები წვრილმანებისადმი განსაკუთრებული ყურადღებით გამოირჩევიან და ყოველთვის ცდილობენ, ბოლომდე მიიყვანონ დაწყებული საქმე».

როდესაც იმრანი შინ დაბრუნდება

საიდა ჰუსეუნოვა: «როდესაც ადამიანი ჩვეულებრივ საავადმყოფოში ხვდება, იგი თანაგრძნობას იწვევს, მაგრამ როდესაც ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტი ხდება, მას ყველა შიშით უყურებს. ყველა – მათ შორის უახლოესი ნათესავებიც. ამ ადამიანებს საზოგადოება ემიჯნება და რიყავს. ზოგჯერ ნათესავები პაციენტების სახლში წაყვანაზე უარს აცხადებენ და მათზე ზრუნვის პასუხისმგებლობას მთლიანად სახელმწიფოს აკისრებენ.

ექიმები ამ პროცესს „სტიგმატიზაციას“ უწოდებენ; სტიგმატიზაცია არის პროცესი, როდესაც ადამიანებს იარლიყებს აწებებენ და მათთან ურთიერთობისას წინასწარშექმნილი წარმოდგენებით ხელმძღვანელობენ. ყოფილ პაციენტებს ხშირად ესმით, როგორ ამბობენ მათ ზურგსუკან, რომ შიზოფრენია არ იკურნება და თუკი ფსიქიატრიული კლინიკის ყოფილი პაციენტი ისევ შეუძლოდ გახდება, ის ვინმეს მოკლავს. ასეთ შემთხვევებში საზოგადოება უფრო სახიფათოა ავადმყოფისთვის, ვიდრე ავადმყოფი – საზოგადოებისთვის».

 

 

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ