რამდენი ფული გვაქვს 2019 წელს, რაში დავხარჯავთ და ვიცხოვრებთ თუ არა უკეთესად?" />

როგორი იქნება 2019 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. მოკლედ და გასაგებად

რამდენი ფული გვაქვს 2019 წელს, რაში დავხარჯავთ და ვიცხოვრებთ თუ არა უკეთესად?

ფოტო: აგნეშკა ზიელონკა, JAMnews

საქართველოს პარლამენტი მალე 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს დაამტკიცებს.

JAMnews-მა წაიკითხა 2019 წელის ბიუჯეტის პროექტი და მოკლედ და გასაგებად მოგიყვებათ, რა წერია ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტში – რა არის მომავალი წლის პრიორიტეტები და რა მთავარი განსხვავებაა გასულ წლებთან შედარებით.

რატომ უნდა წაიკითხოთ ეს სტატია? იმიტომ, რომ აქ წერია მომავალ წელს რაზე რამდენი ფული უნდა დაიხარჯოს,  რისი გაკეთება შეეძლება მთავრობას და რისი არა.

რამდენი იქნება ბიუჯეტის შემოსავლები?

ბიუჯეტის მთავარი ნაწილი არის შემოსავლები. რამდენი ფული ექნება დასახარჯად მთავრობას, ეს ბიუჯეტის შემოსავლებზეა დამოკიდებული.

თავის მხრივ, ბიუჯეტის შემოსავლები ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზეა დამოკიდებული.

მაგალითად, გერმანიის მთავრობა 1 500 მილიარდ დოლარს ხარჯავს წელიწადში, რუსეთის მთავრობა კი 254 მილიარდ დოლარს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში თითქმის 2-ჯერ მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე გერმანიაში და რუსეთის ტერიტორია გერმანიის ტერიტორიაზე 48-ჯერ დიდია.

 UNICEF-ის კვლევა: საქართველოში სიღარიბე და უმუშევრობა გაიზარდ

• ახალი საპენსიო სისტემა საქართველოში. კარგია თუ ცუდი? მომხრეების და მოწინააღმდეგეების არგუმენტები

2018 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 12.5 მილიარდი ლარი დაიხარჯა.

2019 წელს კი საქართველოს მთავრობა დაახლოებით 13 მილიარდ ლარს (5 მილიარდ დოლარს) დახარჯავს. შედარებისთვის, ლატვიის და ესტონეთის მთავრობები წელიწადში ორჯერ მეტს 10-10 მილიარდ დოლარს ხარჯავენ, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქვეყანაში ჯამში არ ცხოვრობს იმდენი ადამიანი, რამდენიც საქართველოში.

ანუ, საქართველო ღარიბი, დაბალშემოსავლიანი ქვეყანაა და იგი ასეთად დარჩება 2019 წელსაც.

რისგან შედგება შემოსავლები? წინასწარი პროგნოზებით, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა დაახლოებით 45 მილიარდი ლარი იქნება. 10.9 მილიარდი ლარის შემოსავალს სახელმწიფო ბიუჯეტი სწორედ ეკონომიკიდან მიიღებს, 2.2 მილიარდ ლარს კი ისესხებს.

ეკონომიკიდან მიღებული შემოსავლები უფრო დაწვრილებით რომ განვიხილოთ: მთავრობა ყველაზე მეტ შემოსავალს – 9.6 მილიარდ ლარს გადასახადებისგან მიიღებს (ცხრილი 1), რაც 2018 წლის მაჩვენებელზე 155 მლნ ლარით მეტია.

ცხრილი 1. 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები, მილიონ ლარებში. წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

383 მლნ ლარი ბიუჯეტში გრანტებიდან შევა, ხოლო 460 მლნ ლარი სხვა შემოსავლებიდან, რაც სახელმწიფო საწარმოებიდან, ჯარიმებიდან, ნებართვებიდან და სხვა წყაროებიდან მიღებულ შემოსავლებს მოიცავს.

70 მლნ ლარის შემოსავლის მიღებას მთავრობა პრივატიზაციიდან გეგმავს, ხოლო 346 მლნ ლარს ადრე გაცემული სესხების უკან დაბრუნებით და დეპოზიტების გამოყენებიდან მიიღებს.

რაზე დაიხარჯება ფული? 2019 წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტები

2019 წელს 2018 წელთან შედარებით სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები (გადასახდელები) 630 მლნ ლარით იზრდება და ჯამში 13.1 მილიარდი ლარი დაიხარჯება.

1.  ყველაზე მეტი თანხა ინფრასტრუქტურულ (კაპიტალურ) პროექტებზე დაიხარჯება – 2.5 მილიარდი ლარი, რაც მიმდინარე წელთან შედარებით 500 მლნ ლარით ზრდაა. მათ შორის, ყველაზე მეტი თანხა -1.3 მილიარდი ლარი საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე დაიხარჯება, კონკრეტულად ჩქაროსნულ ავტომაგისტრალებზე 813 მლნ ლარია გამოყოფილი. წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციაზე 300 მლნ ლარი დაიხარჯება, საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე 73 მლნ ლარი და ა.შ.

2. მეორე ადგილზეა საპენსიო ხარჯი, რომელიც გასულ წელთან შედარებით იზრდება. 2019 წლის პირველი იანვრიდან პენსია 20 ლარით მოიმატებს და თვეში 200 ლარი იქნება. 2019 წელს ჯამური წლიური საპენსიო ხარჯი 2 მილიარდ ლარს მიაღწევს. 2018 წელს პენსიაზე 1.7 მილიარდი ლარი დაიხარჯა.

3. სიდიდით მესამე ხარჯია სახელმწიფო ვალის დასაფარად გათვალისწინებული თანხა – 1.6 მილიარდ ლარამდე. აქედან, 934 მლნ ლარი ვალის ძირის დაფარვაზე მიდის,  624 მლნ კი პროცენტის მომსახურებაზე.

თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ 2019 წელს ქვეყანას ვალი შეუმცირდება. პირიქით. მომავალ წელს მთავრობა 2.2 მილიარდ ლარს ახალ საგარეო ვალს იღებს, რადგან ეკონომიკიდან მიღებული შემოსავლები ყველა ხარჯს არ ეყოფა. საბოლოოდ, 2019 წელს ვალის ძირის დაფარვის გამოკლებით, ქვეყანას ვალი 1 მილიარდ 252 მლნ ლარით გაეზრდება.

4. მომავალ წელს 129 მლნ ლარით იზრდება განათლების დაფინანსება და ჯამში 1.4 მილიარდ ლარამდე დაიხარჯება. მათ შორის, ზოგადი განათლების დაფინანსება იზრდება 48 მლნ ლარით, პროფესიული განათლების 6 მლნ-ით, უმაღლესი განათლების კი 20 მლნ-ით. ეს სიდიდით რიგით მეოთხე ხარჯია ბიუჯეტში.

5. ჯანმრთელობის დაცვაზე 2019 წელს 1.1 მილიარდი ლარი დაიხარჯება, რაც 2018 წლის ხარჯზე 60 მლნ ლარით მეტია. აქედან, 50 მლნ ლარით იზრდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება და პროგრამის ბიუჯეტი ჯამში 754 მლნ ლარი გახდება.

თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2018 წელს საყოველთაო ჯანდაცვაზე ბიუჯეტიდან დაგეგმილზე 30-35 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯა, მაშინ გამოდის, რომ რეალურად ჯანდაცვის პროგრამა მომავალ წელს არა 50 მლმ-ით, არამედ მხოლოდ 15-20 მილიონი ლარით იზრდება.

გრაფიკი 1. 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების განაწილება, მილიონ ლარებში. წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

 

რომელი სამინისტრო მიიღებს ყველაზე მეტ თანხას?

ყველაზე მაღალი ბიუჯეტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექნება – 4 მილიარდ ლარამდე.

ძირითადად, ეს თანხა პენსიაზე,  ჯანდაცვაზე  და სოციალურ დახმარებებზე იხარჯება.

შემდეგ მოდის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2 მილიარდი ლარით და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 1.5 მილიარდი ლარით.

რა იცვლება წინა წლებთან შედარებით? მნიშვნელოვანი ცვლილებები 2019 წლის ბიუჯეტში

მომავალ წელს, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა 113 613 ადამიანიდან 112 072-მდე შემცირდება, ანუ 1 541 ადამიანი დაკარგავს სამსახურს.

ერთ-ერთი მთავარი ცვლილება ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს ანუ მუნიციპალიტეტებს შეეხო.

2019 წელს მათი დაფინანსების წესი იცვლება.

გასული წლებისგან განსხვავებით, მუნიციპალიტეტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ე.წ. გათანაბრებით ტრანსფერს აღარ მიიღებენ. გათანაბრებითი ტრანსფერის მეშვეობით მუნიციპალიტეტები საჭიროების მიხედვით იღებდნენ თანხას სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ნაცვლად ამისა, ახალი წესით, ადგილობრივი ბიუჯეტები დამატებული ღირებულების გადასახადიდან შეივსება.  მუნიციპალიტეტები დღგ-ს 19 პროცენტს მიიღებენ, რაც 2019 წლის გეგმით 947 მლნ ლარია.

ძველი წესით, 2019 წელს მუნიციპალიტეტები 901 მლნ ლარს მიიღებდნენ. გამოდის, რომ ახალმა წესმა ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსება 46 მლნ ლარით გაზარდა.

გარდა ამისა, თუ აქამდე ადგილობრივი ბიუჯეტები მხოლოდ ირიბად იყვნენ დაკავშირებული ქვეყნის ეკონომიკის ზრდასთან, მომავალი წლიდან პირდაპირი იქნებიან მასზე მიბმული, რადგან, როდესაც ეკონომიკა იზრდება, დამატებული ღირებულების გადასახადიდან მიღებული შემოსავალიც იზრდება. ეს გარკვეულწილად ადგილობრივი ბიუჯეტების ცენტრალური მთავრობისგან დამოუკიდებლობას ნიშნავს.

დღგ-დან მიღებული 947 მლნ ლარი მთელი ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალიტეტებზე სპეციალური ფორმულის მიხედვით განაწილდება.

თუ რამდენს მიიღებს თითოეული მუნიციპალიტეტი, დამოკიდებული იქნება რამდენიმე ფაქტორზე – რამხელაა მუნიციპალიტეტი ფართობით, რამდენი ადამიანი ცხოვრობს, რამდენია 6 წლამდე ბავშვი, 6-დან 18 წლამდე მოზარდი, არიან თუ არა ამ მუნიციპალიტეტში მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრების სტატუსის მქონე პირები და ა.შ.

ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, 947 მლნ ლარის თითქმის 50 პროცენტს (473 მლნ ლარს) თბილისი მიიღებს,  ხუთ პროცენტს (48 მლნ ლარს) ბათუმი, 3.5 პროცენტს (33 მლნ ლარს) ქუთაისი და ა.შ.

ამ სიახლემ სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა ნაწილშიც გამოიწვია ცვლილებები.

ვინაიდან დღგ-ს 19 პროცენტი მუნიციპალიტეტებს გადაეცა, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან ასევე მცირდება.

სანაცვლოდ, 687 მლნ ლარით შემცირდა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებიც, რადგან მუნიციპალიტეტები გათანაბრებითი ტრანსფერით აღარ უნდა დააფინანსოს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მომავალი წლის ბიუჯეტში: 2019 წლიდან საქართველოს პრეზიდენტის მთლიანი დაფინანსება 14.8 მლნ ლარის ნაცვლად 6 მლნ ლარი იქნება.

უშუალოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსებას 3.8 მლნ ლარი მოაკლდება. დანარჩენ 5 მლნ ლარს კი ის გარემოება დაზოგავს,  რომ საერთოდ უქმდება პრეზიდენტის 5 მილიონიანი სარეზერვო ფონდი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი 140 ადამიანის ნაცვლად 60 იმუშავებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაზოგილ ფულს სსიპ “საპენსიო სააგენტო” – ახალი სტრუქტურა, რომელიც საპენსიო რეფორმის ფარგლებში იქმნება. სააგენტოს დაფინანსება 2019 წელს 3.8 მლნ ლარი იქნება და მის აპარატში 50 ადამიანი იმუშავებს. ამასთან, საპენსიო შენატანებზე ბიუჯეტიდან თანხის დამატების მიზნით 90 მლნ ლარი გამოიყოფა.

ცვლილებაა ისიც, რომ მომავალი წლიდან ახალი სკოლების აშენება-რეაბილიტაციას არა განათლების სამინისტრო, არამედ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უხელმძღვანელებს. ამ საქმისთვის მას მომავალ წელს 72.5 მლნ ლარი გადაეცემა.


ასევე წაიკითხეთ