დასკვნის მიღებამდე სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოში რობერტ კოჩარიანის საქმე შეჩერდება" />

რობერტ კოჩარიანის სისხლის სამართლის საქმეს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო განიხილავს

დასკვნის მიღებამდე სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოში რობერტ კოჩარიანის საქმე შეჩერდება

სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის ექს-პრეზიდენტის რობერტ კოჩარიანის საქმესთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიას მიმართა.

საკონსტიტუციო სასამართლო ამ ნაბიჯზე ერევნის საერთო იურისდიქციის სასამართლოსა და ქვეყნის მეორე პრეზიდენტის განცხადების საფუძველზე წავიდა. ეს განცხადებები იმ საკითხს ეხება, შეესაბამება თუ არა სისხლის სამართლის  300.1-ე მუხლის მიხედვით წაყენებული ბრალდება (საკონსტიტუციო წყობის დამხობა) ქვეყნის მთავარ კანონს. რობერ კოჩარიანის საქმე დასკვნის მისაღებად  სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოში შეჩერებულია.

ის პატიმრობაში რჩება.

სომხეთის ექს-პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი ისევ დაპატიმრებულია

სომხეთის მეორე პრეზიდენტს ახალი ბრალდება წარუდგინეს – განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღება

საქმის ყველა დეტალი

სომხეთის მეორე პრეზიდენტი, საკონსტიტუციო წყობის დამხობის ბრალდებით, პირველად 2018 წლის 28 ივლისს დააპატიმრეს. თუმცა, ორ კვირაში ის გაათავისუფლეს. სააპელაციო სასამართლომ მისი დაკავების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განცხადება უკანონოდ მიიჩნია. გათავისუფლების საფუძვლად იქცა საკონსტიტუციო სასამართლოს ის მუხლი. რომელიც რობერტ კოჩარიანის, როგორც ექს-პრეზიდენტის, ხელშეუხებლობას შეეხება.

საქმე ეხება 2008 წლის 1 მარტის მოვლენებს, რომლითაც 2008 წლის 19 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები დასრულდა. სომხეთის ოპოზიცია, პირველი პრეზიდენტის ლევონ ტერ-პეტროსიანის მეთაურობით, რომელიც ერთ-ერთი კანდიდატი იყო, ორი კვირის განმავლობაში უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავდა. ოპოზიციონერები ლევონ ტერ-პეტროსიანის გამარჯვებაში დარწმუნებულები იყვნენ და არჩევნების შედეგების გადახედვას მოითხოვდნენ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კი, არჩევნების შედეგების მიხედვით, გამარჯვებულად სერჟ სარგსიანი გამოაცხადა.

დემონსტრაციის დარბევის დროს სამხედრო იარაღი გამოიყენეს, დაიღუპნენ ადამიანები. იმ მომენტში ქვეყნის პრეზიდენტი ჯერ კიდევ რობერტ კოჩარიანი იყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით არჩეულ სერჟ სარგსიანს უფლებამოსილების აღსრულება ჯერ დაწყებული არ ჰქონდა. ამიტომაც, ახლა დემონსტრაციის მკაცრად დარბევასა და საკონსტიტუციო წყობის დამხობაში ბრალდებული კოჩარიანია.

2018 წლის  სომხეთის „ხავერდოვან“ რევოლუციამდე „1 მარტის“ საქმის გამოძიება ერთი წერტილიდან არ იძვროდა. ახალმა ხელისუფლებამ, რევოლუციის ლიდერ ნიკოლ ფაშინიანის მეთაურობით, ამ საქმის გამოძიებას ხელი მაშინვე მოჰკიდა.

2018 წლის აგვისტოში კოჩარიანის გათავისუფლების შემდეგ საკასაციო სასამართლომ 15 ნოემბერს საქმე ახალი გამოძიების ჩასატარებლად სააპელაციო სასამართლოში გადააგზავნა. და 2018 წლის 7 დეკემბერს სააპელაციო სასამართლომ ექს-პრეზიდენტის ხელახლა დაპატიმრების გადაწყვეტილება გამოიტანა. ამ დღიდან სომხეთის პრეზიდენტი 2019 წლის 18 მაისამდე ისევ პატიმრობაში იმყოფებოდა.

ამ დღეს, კოჩარიანის ადვოკატების მიერ მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შესახებ შუამდგომლობის განხილვის შემდეგ, მოსამართლე დავიდ გრიგორიანმა მისი პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება გამოიტანა.

მან გაითვალისწინა მთიანი ყარაბაღის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების – ბაკო სააკიანისა და არკადი გუსაკიანის შუამდგომლობა. ისინი, საკუთარი თავმდებით, „ყარაბაღის ომში კოჩარიანის უდიდესი წვლილის, სომხეთის ორი რესპუბლიკის შექმნისა, და სომხური ჯარის შექმნის საქმეში მისი უზარმაზარი დამსახურების“ გათვალისწინებით, სასამართლოს კოჩარიანის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას სთხოვდნენ.

გარდა ამისა, მოსამართლემ კოჩარიანის საქმე,  ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ წარდგენილი საკონსტიტუციო წყობის დამხობის  ბრალდების კონსტიტუციურობის დადგენისა და, კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის ხელშეუხებლობის ინტიტუტის არსის განსაზღვრის  მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლოში გადააგზავნა.

ამის შემდეგ სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც 25 ივნისს ქვეყნის ექს-მეთაურის ხელახალი დაპატიმრების დადგენილება გამოიტანა.

კოჩარიანი მის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს. მას ეს საქმე პოლიტიკურ დაკვეთად და სომხეთის ახლანდელი ხელისუფლების მხრიდან ვენდეტად მიაჩნია.

კოჩარიანი 2008 წლის არეულობაში პრემიერს ადანაშაულებს

24 ივნისს, სანამ კოჩარიანი ჯერ კიდევ თავისუფლებაში იმყოფებოდა, ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში ექს-პრეზიდენტმა განაცხადა:

 „სომხეთის ახლანდელ პრემიერ-მინისტრს 2008 წლის 1 მარტის მოვლენებში უშუალო პასუხისმგებლობა ეკისრება, და მას ისტორიის გადახედვა და დამნაშავეების მოძებნა სურს. მისი წარმოდგენით, დამნაშავე მე ვარ“.

პრემიერი ფაშინიანი თავისი მთელი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში მხურვალე ოპოზიციონერი იყო. და 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ის პრეზიდენტობის კანდიდატის ლევონ ტერ-პეტროსიანის ინტერესებს წარმოადგენდა. ფაშინიანი არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ დაწყებულ საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობდა. 1 მარტს დემონსტრაციის დარბევის შემდეგ ოპოზიციური მოღვაწე, მასობრივი არეულობის ორგანიზების ბრალდების გამო, წელიწადითა და ოთხი თვით იატაკქვეშეთში გაუჩინარდა.

2010 წლის პირველ ივლისს ფაშინიანი პროკურატურაში ნებაყოფლობით გამოცხადდა, ის დააპატიმრეს და შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. წელიწადის და11 თვის შემდეგ მას სომხეთის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ამნისტია შეეხო. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ქვეყნის ხელისუფლება მაშინ ამ ნაბიჯზე იძულებით,  საერთაშორისო სტრუქტურების ზეწოლით წავიდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადება

ახლახან სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რადიო „თავისუფლებას“ მისცა ინტერვიუ, რომელშიც განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი პოლიტპატიმარი არ არის:

 „თუკი რობერტ კოჩარიანი პოლიტპატიმარია, მაშინ მე და ქვეყნის სხვა ლიდერებს ნებისმიერ მომენტში შეგვიძლია დედაქალაქში ტანკები შემოვიყვანოთ და ნებისმიერი ოპოზიციური გამოვლინება ტანკებით ჩავახშოთ. თუ მე ამის უფლება არ მაქვს, მაშინ რობერტ კოჩარიანი პოლიტპატიმარი არ არის“.

მოსაზრება საკონსტიტუციო სასამართლოდან

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა ალვინა გიულიუმიანმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსა და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიისთვის მიმართვის გადაწყვეტილება განმარტა:

 „ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ჩვენთვის აუცილებელია ამ ორგანიზაციების აზრის ცოდნა. ვინ ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ რომელიმე სასამართლოს რაიმე გადაწყვეტილების მიღება შეუძლია მანამდე, ვიდრე ყველა საკითხის აწონ-დაწონვა და გარკვევა არ მოხდება?“

რაც შეეხება მთელი ამ საქმის პოლიტიკურ ქვეტექსტს, ალვინა გიულიუმიანმა აღნიშნა, რომ:  „საკონსტიტუციო სასამართლო ყოველთვის პოლიტიკურ კონტექსტებზე მაღლა იდგა“.


ასევე წაიკითხეთ