თურქეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ განაცხადა" />

რისთვის სჭირდება ერდოღანს ვადამდელი არჩევნები?

თურქეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ განაცხადა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ერდოღანმა განაცხადა, რომ 24 ივნისს ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ეს არჩევნები დაგეგმილზე ერთი წლით ადრე ჩატარდება, – იუწყება  The New York Times.

არჩევნები თურქეთს საშუალებას მისცემს, საპარლამენტო რესპუბლიკიდან საპრეზიდენტო რესპუბლიკად იქცეს. კონსტიტუციის შესაბამისი ცვლილებები თურქეთის მოქალაქეებმა გასულ წელს ჩატარებულ რეფერენდუმზე მოიწონეს. ეს ცვლილებები ქვეყნის მართვაში პრეზიდენტის უფლებამოსილების თვალსაჩინოდ შემცირებასა და, პირიქით, პარლამენტის როლის გაზრდას გულისხმობს. ერდოღანს ვადამდელი არჩევნების ჩატარების აუცილებლობის არგუმენტად ქვეყნის არასტაბილური ეკონომიკური სიტუაცია და თურქეთის ჯარის სირიასა და ერაყში ყოფნა მოჰყავს.  

მისი თქმით, ამ პრობლემის გადასაწყვეტად ქვეყნის შიგნით პოლიტიკური სიცხადე უნდა არსებობდეს. თურქეთის პრეზიდენტის მტკიცებით, სწორედ ამიტომ, არჩევნები, რაც შეიძლება, სწრაფად უნდა ჩატარდეს. ერდოღანის პოლიტიკურ ოპონენტებსა და ექსპერტებს არაერთხელ უწინასწარმეტყველებიათ თურქეთში ვადამდელი არჩევნების ჩატარება, თუმცა ამას სიცხადის აუცილებლობით სულაც არ ხსნიდნენ. მათი თქმით, ერდოღანი მხოლოდ იმ მომენტს ელოდა, რომ საკუთარ გამარჯვებაში სრულიად დარწმუნებული ყოფილიყო. მას სჭირდება, რომ არჩევნები, რაც შეიძლება, სწრაფად ჩაატაროს, რათა რეფერენდუმზე მოწონებული ის ცვლილებები აამოქმედოს, რომლებიც პრეზიდენტს უფლებამოსილებას უზრდის. თურქეთში 2016 წლის ზაფხულიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. მაშინ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობა მოხდა. მას შემდეგ თურქეთში ნამდვილი „კუდიანებზე ნადირობა“ მიმდინარეობს, პოლიტიკური რეჟიმი კი ავტორიტარიზმისკენ გადაიხარა. JAMnews-ის ინფორმაციით, გადატრიალების მცდელობიდან არასრული ორი წლის განმავლობაში ათობით ათასმა ადამიანმა დაკარგა თავისუფლება ისლამურ საზოგადო მოღვაწე, ფეთულაჰ გიულენთან სავარაუდო კავშირების გამო, რომელსაც ერდოღანი გადატრიალების მომზადებაში  ადანაშაულებს.

საგანგებო მდგომარეობა თურქეთში პოლიციას დამატებით უფლებამოსილებას ანიჭებს, ზღუდავს შეკრების თავისუფლებას და, ალბათ, ოპონენტების მიერ მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ აგიტაციისთვის ხელის შეშლის ნებასაც აძლევს.

კიდევ ერთ მიზეზად, რომლის გამოც ერდოღანმა ვადამდელი არჩევნები დანიშნა, ასახელებენ შინაგან საქმეთა ექს-მინისტრის მერალ აკშენერის მზარდ პოპულარობას. მან 2017 წელს საკუთარი პარტია შექმნა – „კარგი პარტია“. თუკი არჩევნები 2018 წლის ივნისში ჩატარდება, და არა 2019 წელს, როგორც დაგეგმილი იყო, მაშინ შესაძლებელია, რომ აკშენერი არჩევნებზე არ დაუშვან, რადგან მისი პარტია, თურქული კანონმდებლობის მიხედვით, ძალიან „ახალგაზრდაა“.   

თუმცა, აკშენერმა უკვე განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარსადგენად იბრძოლებს და ერდოღანის პარტიას პარლამენტში ადგილების მოსაპოვებლადაც გაეჯიბრება. ბოლო სოციალური გამოკითხვების მიხედვით, თურქეთში ერდოღანის რეიტინგი შემცირდა. ახლა მისთვის ხმის მისაცემად მზად არის თურქეთის მოქალაქეების 40 პროცენტზე ნაკლები.  


ასევე წაიკითხეთ