აქამდე ამერიკის არცერთ პრეზიდენტს კანომდებლებთან დავაში არ გაუმარჯვია" />

რით დასრულდება დავა კონგრესში? ტრამპმა თუ არ გაიმარჯვა, მას სასამართლო ელის

აქამდე ამერიკის არცერთ პრეზიდენტს კანომდებლებთან დავაში არ გაუმარჯვია

აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის კონფლიქტი გრძელდება. რასთან მიგვიყვანს ეს ყველაფერი? სიტუაციას ინგლისური The Guardian აანალიზებს.

კონფლიქტის ფესვები

პრეზიდენტ ტრამპსა და კონგრესს შორის ბევრ საკითხზე არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. იმ დრომდე, სანამ კონგრესის ორივე პალატას რესპუბლიკური პარტია აკონტროლებდა, პრეზიდენტი კანონმდებლების მხარდაჭერას იღებდა.

მას შემდეგ, რაც ზამთარში, შუალედური არჩევნების შემდეგ, ქვედა პალატაში უმრავლესობა დემოკრატიულმა პარტიამ მოიპოვა, ნამდვილი ომი გაჩაღდა.

ამის მიზეზი პრეზიდენტ ტრამპის სურვილი გახდა, მიეღო 5,7 მილიარდი დოლარი მექსიკის საზღვართან კედლის ასაშენებლად, რომელიც, მისი აზრით, არალეგალი მიგრანტების ნაკადს შეეწინააღმდეგებოდა. კონგრესი მხოლოდ 1,6 მილიარდი დოლარის მოცულობის დაფინანსების გამოყოფას დათანხმდა.

კონფრონტაციის შედეგი გახდა ტრამპის უარი, ხელი მოეწერა ბიუჯეტზე და მისი თანმდევი „შატდაუნი“ – ბევრი სახელმწიფო დაწესებულების დახურვა. ის 35 დღის განმავლობაში გაგრძელდა – აშშ-ის ისტორიისთვის სარეკორდო მაჩვენებელია.

ბოლოს და ბოლოს ტრამპმა დათმო და ბიუჯეტს ხელი მოაწერა, თუმცა საკუთარ ზრახვებზე უარი არ უთქვამს.

საგანგებო მდგომარეობა: რეალური თუ ხელოვნური?

ტრამპმა თავისი ბრძანებით აშშ-ის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ეს მას საშუალებას აძლევს, კონგრესის თანხმობის გარეშე მიიღოს თანხები კედლის ასაშენებლად.

დემოკრატმა კანონმდებლებმა და საერთაშორისო მედიის უმრავლესობამ ამ კრიზისს „გამოგონილი“ უწოდეს, მათ უკვე რამდენიმე რესპუბლიკელმაც დაუჭირა მხარი.

ამერიკის თექვსმეტმა შტატმა უკვე გაასაჩივრა პრეზიდენტის გადაწყვეტილება სასამართლოში. ექსპერტები ერთხმად აცხადებენ, რომ საბოლოოდ საქმე უზენაეს სასამართლომდე მივა.

პრეცედენტები და პროგნოზები

ტრამპი – პირველი ამერიკელი პრეზიდენტი არ არის, რომელიც კონგრესის გვერდის ავლით ცდილობს საკუთარი გეგმებისთვის დაფინანსების მოპოვებას.

აქამდე ასეთი მცდელობები ჰქონდათ პრეზიდენტებს – ნიქსონს, რეიგანსა და კლინტონს. თუმცა, ეს ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოახერხა.

The Guardian-ის ვარაუდით, პრეზიდენტი ტრამპიც დამარცხდება. მისი რეიტინგი ვარდება – კონგრესის შუალედურ არჩევნებში დემოკრატების გამარჯვება, უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო. მისი მხარდაჭერა რესპუბლიკელ კანონმდებლებს შორის, რომლებსაც არ უნდათ არაპოპულარულ პრეზიდენტთან იყვნენ ასოცირებული, სუსტდება. ასევე, არ აქვს გარანტია, რომ უზენაესი სასამართლო მისთვის სასურველ გადაწყვეტილებას მიიღებს და, ამასთან, კონგრესს მისი დაძლევაც შეუძლია, თუკი დემოკრატები და რესპუბლიკელები ერთ აზრზე იქნებიან.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ