თურქეთში ჩატარდა ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რომლის შემდეგ, დღევანდელი მთავრობა ხელისუფლებაში კიდევ 5 წლით დარჩება" />

რეჯეპ ერდოღანმა თურქეთის პრეზიდენტის თანამდებობა შეინარჩუნა, მისმა პარტიამ კი – საპარლამენტო უმრავლესობა

თურქეთში ჩატარდა ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რომლის შემდეგ, დღევანდელი მთავრობა ხელისუფლებაში კიდევ 5 წლით დარჩება

თურქეთში ქვეყნის პრეზიდენტისა და პარლამენტის ვადამდელი არჩევნები ჩატარდა. ხმათა დიდი ნაწილის დათვლის შემდეგ გამარჯვებულად ახლანდელი პრეზიდენტი რეჯეპ ერდოღანი გამოცხადდა. წინასწარი მონაცემების თანახმად, მან ხმათა ხმათა 53 პროცენტი მიიღო, მისი „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“ კი პარლამენტში უმრავლესობას ინარჩუნებს, – იუწყება CNN.

შედეგები

ოპოზიციის ლიდერ მუჰარემ ინჯეს უპირატესობა ამომრჩეველთა დაახლოებით 31-მა პროცენტმა მიანიჭა. ამავდროულად კენჭისყრის წინა დღეებში ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო მიტინგებზე, მთელი თურქეთის მასშტაბით, სხვადასხვა მონაცემებით, 2,5 -დან 4 მილიონამდე ადამიანი გამოვიდა.  

თურქეთის პარლამენტის არჩევნებზე ლიდერობს „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“, რომელსაც ერდოღანი მეთაურობს. ის ხმათა დაახლოებით 60 პროცენტს აგროვებს.  

წინა ისტორია

თურქეთში შიდა პოლიტიკური სიტუაცია ორი წლის წინათ მკვეთრად მას შემდეგ შეიცვალა, რაც სამხედროებმა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სცადეს. ერდოღანმა, რომელმაც გადატრიალების მცდელობის ჩახშობა შეძლო, ქვეყანაში მასობრივი რეპრესიები ჩაატარა.

2016 წლის ზაფხულის შემდეგ, როდესაც გადატრიალების მცდელობა მოხდა, თურქეთში,  ათობით ათასმა ადამიანმა დაკარგა სამსახური მქადაგებელ ფეთულაჰ გიულენთან სავარაუდო კავშირების გამო, რომელიც აშშ-ში ემიგრაციაში ცხოვრობს. სწორედ მას მიიჩნევს ერდოღანი წარუმატებელი სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორად. იმავე მიზეზით, ასობით ადამიანი ციხეში მოხვდა. საუბარია მაღალი თანამდებობის სამხედროებზე, პოლიციელებზე, მოსამართლეებზე, ჟურნალისტებსა და უნივერსიტეტის პედაგოგებზე.

2017 წლის რეფერენდუმი და მისი შედეგები

2017 წელს თურქეთში ჩატარდა საკონსტიტუციო რეფერენდუმი, რომლის შედეგების მიხედვითაც პრეზიდენტის უფლებამოსილება შესამჩნევად გაფართოვდა. სხვა საკონსტიტუციო ცვლილებების გარდა, თურქეთში საპრეზიდენტო ვადა 5 წლამდე გაიზარდა.  გარდა ამისა, რეფერენდუმის შედეგებმა ქვეყნის პრეზიდენტს პარლამენტის მხარდაჭერით ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საშუალება მისცა.

ფარული ფონი

ვადამდელი არჩევნების გამოცხადება (არჩევნები 2019 წელს უნდა ჩატარებულიყო) ერდოღანს იმისთვის დასჭირდა, რომ რეფერენდუმის შედეგების მიხედვით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც შეიძლება, სწრაფად შესულიყო ძალაში. თანაც, თურქეთის პრეზიდენტი დარწმუნებული არ იყო, რომ ერთ წელიწადში ქვეყანა კარგ ეკონომიკურ მდგომარეობაში იქნებოდა,  ამიტომ არჩევნების ახლა ჩატარება გადაწყვიტა. თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ვადამდე ჩატარების შესახებ ამ წლის აპრილში გამოცხადდა.

 

 


ასევე წაიკითხეთ