ვაჭრობა, პენსიები, "ნაცრისფერი ზონა" და მოლაპარაკებების მოლოდინი" />

რეპორტაჟი აღმოსავლეთ უკრაინის ომისგან გაყოფილი სოფლიდან

ვაჭრობა, პენსიები, "ნაცრისფერი ზონა" და მოლაპარაკებების მოლოდინი

უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ქვეყნის აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. კონფლიქტს სამთავრობო ძალებსა და მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ პრორუსულ ძალებს შორის 2014 წლიდან 10 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

მხარეებმა მშვიდობის დასამყარებლად პირველი ნაბიჯები გადადგეს – გაცვალეს ტყვეები და ცალკეულ მონაკვეთებზე ჯარების დაშორიშორება დაიწყეს.  9 დეკემბერს პარიზში უკრაინის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები  კონფლიქტის მოგვარებას საკითხებს ე.წ. “ნორმანდიის ფორმატი”განიხილავენ.

უკრაინულ ტელეკომპანიის ჰრომადსკოეს ჟურნალისტები სადემარკაციო ხაზს ეწვივნენ იმის გასარკვევად, თუ რა გავლენა მოახდინა ამ პროცესმა ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებაზე და როგორია ხალხის მოლოდინები.

ხიდი 

”მოდით, ავაშენოთ ხიდი და ვიცხოვროთ,” – ამ სიტყვებით ივლისში უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ სიტყვით მიმართა სტანიცა ლუგანსკოესს მოსახლეობას . ეს დასახლებული პუნქტი გამყოფ ხაზთან მდებარეობს და ე. წ. “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკისგან” მას ხიდი ჰყოფს.

• აღმოსავლეთი უკრაინა: ხალხი ფრონტის ხაზზე, პენსიის რიგებში იხოცება

• რუსეთ-უკრაინის საზღვარი — ხალხთა მეგობრობის ღობე

• ცხოვრება მავთულხლართებთან და მათ მიღმა

2015 წელს დაბომბვის შედეგად ხიდი განადგურდა. თუმცა ხალხი მეორე ნაპირზე გადასვლას თვითნაკეთი  კიბეების საშუალებით ახერხებდა  – ამ გზით დღეში 10 ათასამდე ადამიანი სარგებლობდა.

ხალხი გამყოფ ხაზს ხიდის მეშვეობით კვეთს. ლუგანსკის ოლქი, უკრაინა,  2019 წლის 27 ნოემბერი. ფოტო: ალექსანდრ კოჰანი/hromadske

20 ნოემბერს აღდგენილი ხიდი გაიხსნა – მაგრამ მხოლოდ ფეხით მოსიარულეთათვის და სასწრაფო დახმარებისთვის.

მდინარეზე ხიდის აღსადგენად, ორივე მხარემ ჯარები ერთი კილომეტრით უკან გაიყვანა. შუა ზაფხულიდან აქ სროლა აღარ ისმის.

უკრაინული მხრიდან ხიდისკენ ადამიანები უფასო ავტობუსს მიჰყავს. აქ ასევე ორი ელექტრომანქანაა – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და 75 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეთა გადასაადგილებლად.

პენსია და ვაჭრობა

ხიდის გარშემო ბოლო რამდენიმე წელია ბიზნესის რამდენიმე სპეციფიური სახეობა შეიქმნა.

უკვე გარემონტებულ ხიდზე  ყოველდღე 13 ათასი ადამიანი გადის. მათი 80 პროცენტი პენსიონერია [უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, უკონტროლო ტერიტორიების მაცხოვრებლები ვერ იღებენ უკრაინულ პენსიებს. შესაბამისად, პენსიონერები “იქითა მხრიდან” პერიოდულად კვეთენ საზღვარს, რომ დევნილებად დარეგისტრირდნენ და პენსია აიღონ- JAMnews].

ადრე საკონტროლო საგუშაგოდან განადგურებულ ხიდამდე ინვალიდის ეტლით ერთი კილომეტრის მანძილზე მგზავრობა 150 გრივნამდე [დაახლოებით 6.3 $] ღირდა. ახლა ამისთვის უფასო ავტობუსი და ელექტრომანქანებია. თუმცა, რამდენიმე ადამიანი მანქანებით კვლავ კლიენტებს ელოდებიან.

ხალხი გაჩერებაზე. გამყოფ ხაზზე გადამსვლელთა 80% პენსიონერია.ლუგანსკის ოლქი, უკრაინა,  2019 წლის 27 ნოემბერი. ფოტო: ალექსანდრ კოჰანი/hromadske

ერთ ქალს ხიდზე სამჯერ შევხვდით. ის აქ პენსიისთვის არ გადმოდის  – მას გასაყიდი საქონელი გადააქვს.

ძირითადად რა დაგაქვთ?

– ყველი, ძეხვი.

– აქ უფრო იაფია?”

– აქ, უკრაინაში, უფრო იაფი და გემრიელია.

– და იქ რა არის იაფი?

– სიგარეტი და პური. მაგალითად, პური 12 რუბლი [დაახლოებით 0,19 $] ღირს .

ერთ ჯერზე 50 კილოგრამამდე საქონლის გადატანა შეიძლება. მაგრამ არსებობს ნებადართული და აკრძალული საქონლის სია. მაგალითად, ახლახან მესაზღვრეებმა  ლუგანსში ბეწვის ქურქებისა და ჯინსების პარტია არ გაატარეს.

შემოსავლის კიდევ ერთი სახეობა სტანიცაში ტაქსის მომსახურებაა. 100 გრივნად  [დაახლოებით $ 4.2] მათ პენსიონერები საგუშაგისთან უახლოესი ბანკომატებიდან, სადაც ყოველთვის რიგებია, უფრო შორს მდებარე ბანკომატებამდე გადაჰყავთ. იქ პენსიის აღება არა სამსაათიან, არამედ მხოლოდ ერთსაათიან რიგში დგომის შედეგად შეიძლება. ომამდე სტანიცაში ორი ბანკომატი იყო, ახლა – 14. კიდევ ერთი დადგმა იგეგმება.

ვინც  დღეში ორ რიგში დგომას  ვერ მოასწრებს – საპენსიო ფონდში სტატუსის დასადასტურებლად და ბანკომატთან, – სტანიცაში ღამის გათენება უწევთ. საწოლი  100 გრივნა ჯდება, ღუმელთან ერთად – 150 [დაახლოებით 6 $].

”თუ მშვიდობა იქნა, მთელი ეს ბიზნესი სად წავა? ჩვენზე აკეთებენ ფულს, როდესაც იქ არ ვართ, ჯიხურებიც იკეტება ”, – საუბრობენ ერთმანეთში ბანკომატის რიგში მდგომი, ხიდის მეორე მხრიდან მოსული ქალები.

 

ჯარების დაშორიშორება – რას ფიქრობენ აქაურები?

გალინა ბარაბაშოვა ადგილობრივი აქტივისტია. 2016 წელს, როდესაც ჯარების დაშორიშორებას პირველად ცდილობდნენ, იგი ამის წინააღმდეგი იყო. ახლა კი მხარს უჭერს.

[მხარეების ჯარების დაშორიშორება აღმოსავლეთ უკრაინაში 2015 წლის მინსკის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებებით არის გათვალისწინებული. ფაქტობრივად ეს პროცესი ამ ზაფხულს, უკრაინაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო – JAMnews].

”მაშინ, 2016 წელს, ჯერ კიდევ ისროდნენ, ყოველდღე შეეძლოთ ჩვენი დაპყრობა. ახლა კი სიწყნარეა, პოლიცია პატრულირებს, მეტი სიმშვიდეა”, – ამბობს ბარაბაშოვა.

მის შვილს სახლი 2016 წელს დაეწვა. იგი რუსეთში წავიდა, დედამისი კი იმას უვლის, რაც გადარჩა. გალინასთან ერთად ამ სახლის დათვალიერებას ვაპირებთ. მაგრამ ჯარების გაყვანის შემდეგ ნაკვეთი “ნაცრისფერ ზონაში” მოექცა. მისკენ მიმავალ გზაზე შლაგბაუმი და უკრაინული სამხედრო საგუშაგო გვხვდება – საშვის გარეშე იქ ვერ შევალთ.

ნატალია ჟურბენკო ასევე ადგილობრივი აქტივისტია. იგი ლუგანსკიდან დევნილია და ჯარების გაყვანის წინააღმდეგია.

”მე მხოლოდ უკრაინული ჯარის მჯერა. მათთან უფრო მშვიდად ვარ. არ მჯერა პოლიციის, ”– ამბობს ჟურბენკო.

ომის განმავლობაში სტანიცა ლუგანსკაიაში ბანკომატების რაოდენობა ორიდან 14-0მდე გაიზარდა. ლუგანსკის ოლქი, უკრაინა,  2019 წლის 27 ნოემბერი. ფოტო: ალექსანდრ კოჰანი/hromadske

 “უკეთესი იქნებოდა კონფლიქტი გაეყინათ”

სტანიცაში ბანკომატებთან თუ ავტობუსის გაჩერებაზე ყველა საუბრობს ფასებზე, რიგებზე და, რა თქმა უნდა, პარიზში მომავალი მოლაპარაკებების შესახებ.

ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, გამოუცდელი. მე ეს მაწუხებს, – ასე ახასიათებს პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ქალბატონი ოკუპირებული ლუგანსკიდან. – რა თქმა უნდა მშვიდობა კარგი იქნებოდა, მაგრამ ძალიან რთულია.

რას მოელიან აქტივისტები ჟურბენკო და ბარაბაშოვა პარიზში დაგეგმილი შეხვედრისგან?

”კარგს არაფერს ველოდები. ჩვენთვის უკეთესი იქნებოდა კონფლიქტი გაყინული ყოფილიყო”– ამბობს ბარაბაშოვა.

ის გვიხსნის, რომ მას არ მოსწონს თვითგამოცხადებულ ლუგანსკის რესპუბლიკაში არჩევნების იდეა და მის დასახლებაში სეპარატისტების შესაძლო გააქტიურება აშინებს.

”იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრა არ ჩატარდება. მე არ მჯერა პუტინის და ამის უამრავი მიზეზი მაქვს,” – ამბობს ჟურბენკო.

ხიდზე, იგივეს ვეკითხებით ადამიანებს, ვინც კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადადის.

– იმედი მაქვს, რომ ბოლოს და ბოლოს პენსიას ლუგანსკში ავიღებთ. როდემდე ვიაროთ წინ და უკან?- ამბობს ასაკიანი ქალი.

– ჩვენ ველოდებით, რომ უკრაინა მოვა იქ, სადაც უნდა იყოს,  – გვპასუხობს მამაკაცი.


ასევე წაიკითხეთ