ბორჯომის საკრებულოს შენობასთან სამართალდამცავები ავტობუსებით და სატვირთო მანქანებით არიან მობილიზებული" />

რა ხდება ბორჯომში, სადაც მმართველი გუნდი ოპოზიციას გაეფიცა

ბორჯომის საკრებულოს შენობასთან სამართალდამცავები ავტობუსებით და სატვირთო მანქანებით არიან მობილიზებული

1 მარტს დილიდან ბორჯომის საკრებულოს შენობას შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებით დატვირთული ავტობუსები და სატვირთო მანქანები მიადგა.

საკრებულოს შენობა პარალიზებულია – იქ მხოლოდ მმართველი გუნდის, “ქართული ოცნების” დეპუტატები იმყოფებიან, სხვებს შიგნით არ უშვებენ. მათ შორის, არც საკრებულოს თავმჯდომარეს, ზაზა ჩაჩანიძეს.

______________________________

ბორჯომში შიდაპოლიტიკური ვითარება 2017 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ აირია.

ბორჯომის საკრებულო ერთადერთია მთელი საქართველოს მასშტაბით, სადაც უმრავლესობა მმართველმა გუნდმა “ქართულმა ოცნებამ” ვერ მოიპოვა. საკრებულოს 28 დეპუტატიდან “ქართულ ოცნებას” მხოლოდ 13 მანდატი ერგო, დანარჩენი 15 კი ოპოზიციურმა პარტიებმა გადაინაწილეს. მათგან ყველაზე მეტი – 11 დეპუტატი “პატრიოტთა ალიანსის” წევრია.

საკრებულოს თავმჯდომარედაც, “ქართული ოცნების” პროტესტისა და ბოიკოტის მიუხედავად “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელი, ოპოზიციონერი ზაზა ჩაჩანიძე აირჩიეს.

არჩევნების მერე ამ ქალაქის მოსაწყენი პოლიტიკური ცხოვრება მნიშვნელოვნად “გამოცოცხლდა” – ბორჯომელები უკვე მეხუთე თვეა თვალს ადევნებენ უმრავლესობით მოსული ოპოზიციისა და უმცირესობაში დარჩენილი ხელისუფლების; ოპოზიციონერი საკრებულოს თავმჯდომარისა და პროსახელისუფლებო მერის დაპირისპირებას.

საკრებულოს ასეთი შემადგენლობის გამო, ახალი მოწვევის საკრებულო გასული წლის ნოემბრიდან დღემდე, გუშინ პირველად შეიკრიბა სრული შემადგენლობით. მანამდე, არცერთ სხდომას, ბოიკოტის ნიშნად, არ ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები, და ყველა საკითხს, მათ შორის, ბორჯომის ბიუჯეტსაც, მხოლოდ ოპოზიცია ამტკიცებდა.

სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც დღის წესრიგში დადგა მერიის თანამშრომლებისთვის ხელფასების მომატების საკითხი. მერიის თანამშრომლები უკვე ორი თვეა ითხოვენ ხელფასების მომატებას, ოპოზიციური საკრებულო კი გაზრდილი ხელფასების დამტკიცებაზე უარს ამბობს.

31 იანვრიდან ხუთჯერ ჩაიშალა საკრებულოს სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო. ხუთივე შემთხვევაში, სხდომაზე “ქართული ოცნება” არ გამოცხადდა. ვინაიდან საკრებულომ მიმდინარე წლის საშტატო ნუსხა და სახელფასო ოდენობები ვერ დაამტკიცა, უკვე ორი თვეა ბორჯომის მერიის 125 თანამშრომელს, ხელფასი არ აუღია.

28 თემერვალს იყო მეექვსე მცდელობა, დაემტკიცებინათ ხელფასები. რამდენიმეთვიანი ბოიკოტის შემდეგ, სხდომაზე პირველად მივიდა „ქართული ოცნება“, თუმცა ხელფასების დამტკიცება მაინც ვერ მოხდა – ოპოზიცია უარს ამბობს მერის, მისი მოადგილეებისა და სამსახურების უფროსებისთვის ხელფასების 700-800 ლარით მომატებაზე, როგორც ამას მერია ითხოვს. საკრებულოს ოპოზიციური ფრთა ფიქრობს, რომ ხელფასები მაქსიმუმ 150–200 ლარით შეიძლება გაიზარდოს.

28 თებერვალს კონფლიქტმა საკრებულოს შენობაში ხელჩართული დაპირისპირების სახე მიიღო. საქმე იქამდე მივიდა, რომ შუადღის ორი საათისთვის მერიის თანამშრომლებმა სავარძლებისგან ბარიკადები ააგეს და საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე საკუთარ კაბინეტში გამოკეტეს. ჩაჩანიძემ კაბინეტიდან გამოსვლა რამდენიმე საათი ვერ მოახერხა.

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე

ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა, როდესაც ბორჯომში თბილისიდან ოპოზიციონერი დეპუტატები ნიკა მელია (ნაციონალური მოძრაობა) და სერგო რატიანი (ევროპული საქართველო) ჩავიდნენ. მელიას თქმით, ის საკრებულოს თავმჯდომარის მხარდასაჭერად მივიდა, რადგან ხელისუფლება მასზე ზეწოლას ცდილობს.

საბოლოოდ, “პატრიოტთა ალიანსი” დათმობაზე წავიდა. გვიან საღამოს საკრებულოს შენობაში სპონტანური საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც 17 დეპუტატი ესწრებოდა (“ქართული ოცნების” და “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლები).

სხდომაზე მხოლოდ ერთი საკითხი – ხელფასების მომატების საკითხი განიხილეს და 13 ხმით, 4–ის წინააღმდეგ, დაამტკიცეს.

“გადავწყვიტეთ შეწყვეტილი სხდომა გაგვეგრძელებინა”, – ასე ახსნეს დეპუტატებმა სხდომის გამართვა.

მოგვიანებით, საკრებულოს თავმჯდომარემ, ზაზა ჩაჩანიძემ, რომელმაც რამდენიმე საათი გაატარა ჩაკეტილ კარს მიღმა,  განაცხადა, რომ ეს სხდომა არალეგიტიმური იყო.

ბორჯომში ვითარება არც ამ სხდომის გამართვის შემდეგ განიმუხტა.

მერიის თანამშრომლებმა სავარძლებით ამჯერად შენობის ცენტრალური შესასვლელი გადაკეტეს და განაცხადეს, რომ არ დაიშლებოდნენ, ვიდრე არ მიიღებდნენ სხდომის ოქმს, რომელშიც დადასტურებული იქნებოდა, რომ ხელფასების საკითხი დამტკიცდა. ისინი ასევე ითხოვდნენ ზაზა ჩაჩანიძის გადადგომას. ისინი ამბობენ, რომ ჩაჩანიძემ თავის პარტიას “პატრიოტთა ალიანსს” უღალატა და “ნაციონალურ მოძრაობას” შეეკრა.

მერიის თანამშრომლებმა ბარიკადები მხოლოდ ღამის ორი საათისთვის მოხსნეს. მათი თქმით, ისინი 1 მარტიდან გაფიცულები არიან და იქამდე აპირებენ აქციების მოწყობას, ვიდრე საკრებულოს თავმჯდომარე არ გადადგება.


ასევე წაიკითხეთ