სომხეთის ნაკრების სამწუხარო სტარტი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე" />

რა შეგიძლიათ ჰენრიხის გარეშე?

სომხეთის ნაკრების სამწუხარო სტარტი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე

2015 წლის 7 სექტემბერი. მატჩი სომხეთსა და დანიას შორის

მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა. ნებისმიერ ფასად. შესაძლოა, სწორედ ასეთი ამოცანა ჰქონდა დასახული სომხეთის ნაკრებს 2018 წლის მუნდიალის ჯგუფური შესარჩევი ეტაპის წინ. რთული სათქმელია, ამ მიზნის მისაღწევად რამდენად სწორი ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ ფაქტია, რომ სახეზეა ცვლილებები – მწვრთნელი და ფეხბურთელები შეცვალეს და განცხადებებით გამოვიდნენ.

  იმის იმედი, რომ სომეხი ფეხბურთელები რუსეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას, უფრო რეალური მას შემდეგ გახდა, რაც ყველა ის გუნდი დასახელდა, რომლებიც სომხეთთან ერთად იასპარეზებენ ჯგუფში. ესენია – პოლონეთი, დანია, ჩერნოგორია, რუმინეთი და ყაზახეთი. მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ ამ ჯგუფს აშკარა ფავორიტი არ ჰყავს. მაგრამ როგორ მოხდა, რომ ისეთმა პატარა ქვეყანამ, როგორიც სომხეთია, ასეთ სერიოზულ საერთაშორისო ტურნირზე მოხვედრა გადაწყვიტა?

თუკი “ევრო 2016”-ზე განცდილ წარუმატებლობას დავივიწყებთ, შეიძლება ითქვას, რომ წინა ორ საკვალიფიკაციო ეტაპზე სომხეთი გაცილებით უკეთესად გამოიყურებოდა. ეს იყო ახალგაზრდა ფეხბურთელების ახალი გუნდი, რომელსაც უფროსი თაობის წარმომადგენლები აზღვევდნენ. ისინი მზად იყვნენ, ახალგაზრდებისთვის საჭირო რჩევები მიეცათ – როგორც მოედანზე, ისე მის საზღვრებს გარეთ.

მაგრამ “ევრო 2016” სომხეთისათვის სკანდალურად დასრულდა. გაისმა ბრალდებები რამდენიმე ფეხბურთელის მიმართ, ომლებსაც უბრალოდ ეროვნული ნაკრების მაისურით თამაში აუკრძალეს. მათ შორის, აღსანიშნავია იურა მოვსისიანი, გევორქ კასპაროვი და რობერტ არზუმანიანი.

სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, რუბენ აირაპეტიანის თქმით, იგი ვარაუდობს, რომ ნაკრების ზოგიერთი წევრი გუნდს ღალატობს. საუბარია სომხეთისა და ალბანეთის ეროვნულ გუნდებს შორის გამართულ იმ ავბედით მატჩზე, რომლის შემდეგაც სომეხმა ფეხბურთელებმა “ევრო 2016” საკუთარ მოედანზე, სრულიად უსახელოდ, აბსოლუტურად წარუმატებლად დაასრულეს.

“ბოლო უნდა მოეღოს ღალატს. ალბანეთთან გამართული მატჩი ჩვენთვის დიდ დამარცხებად და უბედურებად იქცა. დამნაშავეები უნდა გამოვააშკარავოთ. სხვა შემთხვევაში, ვერაფერს მივაღწევთ,” –  მრისხანედ დასძინა აირაპეტიანმა და დანარჩენებს “ეროვნულ ნაკრებში საკუთარი საქმიანობის გადახედვის” საშუალება მისცა.

რა თქმა უნდა, ასეთი ატმოსფერო საუკეთესო არ არის ახალი გამოწვევების გადასალახად, მაგრამ ახალი მწვრთნელი, ვარუჟან სუკუასიანი ირწმუნებოდა, რომ აუცილებლად მიაღწევდა “შედეგს” იმ საშუალებებით, რომლებიც ჰქონდა.

შეუძლებელია ახალი კაპიტანის, ჰენრიხ მხითარიანის ფაქტორის გადაფასება. დღეს ფეხბურთის სამყაროში გავრცელებულია მოსაზრება, რომ მიედანზე ერთდროულად ცუდი და კარგი ფეხბურთელები იმყოფებიან, არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც საკუთარი კლუბის, ან ნაკრებისთვის  “დადებითი განსხვავების” უზრუნველყოფა შეუძლიათ. სომხეთის ნაკრებისათვის ასეთი ფეხბურთელია ჰენრიხ მხითარიანი, რომელსაც მართლაც შეუძლია, მარტომ უზრუნველყოს “განსხვავება”.

2016 წლის 25 მარტი. მეკარე რომან ბერეზოვსკი ჰენრიხ მხითარიანი კაპიტნის სამკლაურს გადასცემს

ამ მხრივ, მიმდინარე წელი იმედისმომცემი იყო. თავიდან ნაკრებმა ამხანაგური თამაშები არ წააგო. მეტიც, ამერიკაში ჩატარებული ხანგრძლივი შეკრების ფარგლებში ორჯერ გაიმარჯვა დიდი ანგარიშით – ჯერ გვატემალას გუნდი დაამარცხა ანგარიშით 7:1, და შემდეგ  სალვადორს სძლია. ეს შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 4:0.

თუმცა, როდესაც გადამწყვეტი მომენტი დადგა და ბრძოლაში ჩაბმა გახდა საჭირო, ყველაფერი წყალში ჩაიყარა. კოშმარი  ჩეხეთის წინააღმდეგ გამართული მატჩის დროს დაიწყო. კაპიტნის სამკლაურით ხელდამშვენებული ჰენრუცუ ერთადერთი იყო გუნდში, რომელსაც ეტყობოდა, რომ იცოდა, რა მიმართულებით უნდა განეხორციელებინა შეტევა.

ეს მოწინააღმდეგისთვისაც აშკარა იყო და მატჩის არბიტრისათვისაც, რომელმაც ყვითელი ბარათი უჩვენა ორ ჩეხ ფეხბურთელს, რომლებმაც მხითარიანის წინააღმდეგ თამაშისას დაარღვიეს წესები; ორჯერ – მხოლოდ თამაშის პირველი ოცდაათი წუთის განმავლობაში.

 მეორე დარღვევის შემდეგ აშკარა გახდა, რომ მხითარიანს პრობლემები შეექმნა და თამაშის გაგრძელებას ვერ შეძლებდა. მან მოედანი დატოვა, გულშემატკივრებს კი გადაეწურათ იმის იმედი, რომ სომხები თამაშში გარდატეხას შეიტანდნენ. შედეგად, ეროვნულმა გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე წააგო დიდი ანგარიშით 3:0. მომდევნო რამდენიმე დღეში კი ცხადი გახდა, რომ   დანიის წინააღმდეგ გასამართ გასვლით შეხვედრაში ჰენრიხი გუნდს ვერ დაეხმარებოდა.

 ხოლო ის, რაც სტადიონ “პარკენზე” მოხდა, უბრალოდ შეუძლებელია, სიტყვებით აღიწეროს. მწვრთნელმა, რომელიც ინტერვიუებში ყოველთვის შემტევი ფეხბურთის “ადვოკატად” გვევლინებოდა, მოედანზე 5 ნომინალური მცველი გამოიყვანა. ანუ ნულოვანი ყაიმის შენარჩუნების უმაღლესი მიზანი დაისახეს.

მაგრამ როდესაც გუნდს, რომელიც ასეთი სტრატეგიით თამაშობს, მეთექვსმეტე წუთზე გოლს გაუტანენ, წარმატებულს ვეღარ დაარქმევ. და მხოლოდ ფეხბურთის ღმერთებმა იციან, თუ როგორ უნდა ეთამაშა და შეეტია გუნდს, რომელიც მოედანზე ხუთი მცველით გამოვიდა.

სომხეთის ნაკრებმა მხოლოდ მეკარე არსენ ბეგლარიანის წყალობით შეძლო, არ დამარცხებულიყო დიდი ანგარიშით. ჩვენმა გოლკიპერმა რამდენჯერმე გადაარჩინა გუნდი. 72-ე წუთზე მან არამხოლოდ ერიქსენის მიერ დარტყმული თერთმეტმეტრიანი მოიგერია, არამედ ამ მომენტის თანმდევი  დარტყმაც გაანეიტრალა. “პენალტის” შემდეგ “დამატება” პოულსენმა სცადა.

გამოდის, რომ ჰენრიხ მხითარიანის გარეშე, სომხეთის ნაკრები უბრალოდ ვერაფერს ახერხებს მოედანზე. სამწუხაროდ,  ჩვენს გუნდს არც მისი ყოფნა შველის ხოლმე ყოველთვის და იგი ვერც მომავალში იქნება გუნდის “პანაცეა”. რაოდენ კარგიც არ უნდა იყოს ფეხბურთელი (სულ რომ მესი იყოს), იგი მარტო თამაშს ვერ შეძლებს და გუნდს ვერ “ათრევს”; იმიტომ, რომ ფეხბურთს 11 ადამიანი თამაშობს…

ჰენრიხ მხითარიანი 2013-2016 წლებში კლუბ “ბორუსიაში” (დორტმუნდი) ასპარეზობდა. საზღვარგარეთული პრესა მას ხშირად  Micky-ს მეტსახელით მოიხსენიებს. ასეთი სახელი დაარქვეს მას დორტმუნდელმა თანაგუნდელებმა, რომლებსაც მისი გვარის წარმოთქმა უჭირდათ. 2016 წლის ივლისში მხითარიანი “მანჩესტერ იუნაიტიდში” გადავიდა.

გამოქვეყნდა: 15.09.2016


ასევე წაიკითხეთ