სისხლი დაიღვარა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამბოხებულებს, ნებაყოფლობით ჩაბარების შემთხვევაშიც, პატიმრობა ემუქრებათ" />

რა სურთ ამბოხებულებს

სისხლი დაიღვარა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამბოხებულებს, ნებაყოფლობით ჩაბარების შემთხვევაშიც, პატიმრობა ემუქრებათ

17 ივლისის დილით ადამიანების ჯგუფმა, რომელიც საკუთარ თავს ორგანიზაცია “სასნა ძრერს” უწოდებს, განაცხადა, რომ ერევანში პოლიციის საპატრულო-საპოსტო სამსახურის პოლკის ტერიტორია დაიკავა. დაჯგუფების წევრი, ვარუჟან ავეტისიანი ფეისბუკში აქტიურად ავრცელებდა ცნობას განყოფილების დაკავების შესახებ. იგი აცხადებდა, რომ დაიწყო შეიარაღებული ამბოხება. ავეტისიანი თანამემამულეებს სთხოვდა, მობილიზაცია მოეხდინათ. რევოლუცია დაიწყო, შემოგვიერთდითო, – წერდა ის და ხალხს ქუჩაში გამოსვლისა და ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებდა.

მაგრამ ხალხმა სახელმწიფო ორგანოებზე გვიან გაიღვიძა და ვიდრე ქუჩაში გასვლას და მომხდარში გარკვევას შეეცდებოდა, სახელმწიფო ორგანოებმა დაჯგუფებასთან კავშირი დაბლოკეს, და სიტუაციის მართვის სადავეები ხელში აიღეს.

გარკვეული დროის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დაჯგუფების წევრები მოითხოვენ, გათავისუფლდეს ჟირაირ სეფილიანი, რომელიც ერთი თვის წინათ იარაღის უკანონო შენახვისა და ტრანსპორტირების ბრალდებით დააკავეს. სეფილიანი რადიკალურ ოპოზიციურ დაჯგუფება “ახალ სომხეთს” უწევდა კოორდინაციას. მეამბოხეთა ჯგუფის მრავალი წევრი სწორედ ამ ორგანიზაციას მიეკუთვნება. ამას გარდა, მეამბოხეთა დაჯგუფებამ სერჟ სარგსიანის გადადგომა და სეფილიანის მათთან მიყვანა მოითხოვა. ამბოხებულების თქმით, სწორედ სეფილიანი გააკეთებს განცხადებას შემდგომი პირობების შესახებ.

უკვე ერთ დღე-ღამეზე მეტია გასული მას შემდეგ, რაც დაჯგუფების წევრებმა მოთხოვნები წამოაყენეს, მაგრამ მათი სურვილები არ სრულდება. თუმცა, ჟირაირ სეფილიანთან კავშირი დამყარდა. მას შეხვდნენ სომხური ოპოზიციის წევრები, რომლებმაც მისი ნათქვამი საპატრულო პოლიციის შენობაში გამაგრებულ ამბოხებულებს გადასცეს. შედეგად, ღამით გათავისუფლდა ორი მძევალი – პოლიციელი და სასწრაფო დახმარების სამსახურის მანქანის მძღოლი.

ვარუჟან ავეტისიანის თქმით, ჟირაირ სეფილიანთან კონტაქტი დამყარებულია. განიხილება “მესამე ვარიანტი”, რომელიც სეფილიანის გათავისუფლებას გამორიცხავს. რთული სათქმელია, რა იგულისხმება, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ პოლიცია, დაჯგუფების წევრების მსგავსად, აგრესიული მოქმედებებისგან თავს იკავებს, ორივე მხარე კონფლიქტის მშვიდობიან, უსისხლო გადაწყვეტას ემხრობა.

მაგრამ სისხლი უკვე დაიღვარა – მოკლულია პოლიციის პოლკოვნიკი არტურ ვანოიანი და დაჭრილია კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომელთაგან ორი მძიმე მდგომარეობაშია. სისხლისღვრის ფაქტმა ბევრი ექსპერტი დაარწმუნა, რომ ამბოხებულებს იმ შემთხვევაშიც დააპატიმრებენ, თუკი ისინი საკუთარი ნებით დაყრიან იარაღს.

ერევანში დაბეჯითებით ვერავინ იტყვის, თუ რა გათვლებით გადადგა 25-30 ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა ასეთი თავგანწირული ნაბიჯი. სომხეთის ზოგიერთი ოპოზიციური ძალა გამოვიდა განცხადებებით, რომ ის, რაც ახლა ხდება, მოქმედი ხელისუფლების ბრალია.

პარტიები (მ.შ. “მემკვიდრეობა”, “სამოქალაქო თანხმობა” და ა.შ.) ამტკიცებენ, რომ ხელისუფლების შეცვლის კანონიერი საშუალებებისა და სახელწიფო გადაწყვეტილებებზე ზემოქმედების ინსტრუმენტების არარსებობას პოლიტიკური ბრძოლის რადიკალიზაციისკენ მივყავართ.

სხვა პარტიებმა (კერძოდ კი “დაშნაკციუთიუნმა” და “აყვავებულმა სომხეთმა”) აღნიშნეს, რომ საკუთარი გადაწყვეტილებების გატანის ძალადობრივ მეთოდებს გმობენ.

ექსპერტები ამბობენ, რომ ამბოხებულებს, სავარაუდოდ, ხალხის მხარდაჭერის იმედი ჰქონდათ და მთელ ქვეყანაში მასობრივი აჯანყების დაწყებას ელოდებოდნენ. თუმცა, ჯგუფის პოტენციური მომხრეები კვირას მიიყვანეს ადგილზე, 10 საათამდე პოლიციის განყოფილებებში ამყოფეს და შემდეგ გამოუშვეს. ხალხის ფართო მასები გარეთ არ გამოსულა.

ფოტო: გევორქ ყაზარიანი, ერევანი

ანალიტიკოსები ამას იმით ხსნიან, რომ დაჯგუფებას არ აქვს პოლიტიკური და ყველასთვის გასაგები მოთხოვნები. ერთი მხრივ, ისინი სერჟ სარგსიანის აუცილებელ გადადგომაზე ლაპარაკობენ, მეორე მხრივ კი საზოგადოებას არ სთავაზობენ ალტერნატივას და აცხადებენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლას არ აპირებენ. ექსპერტების თქმით, ამბოხებულებს ასეთი ურთიერთსაწინააღმდეგო მოთხოვნებით სახალხო მხარდაჭერის მიღების იმედი არ უნდა ჰქონდეთ.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში მართლაც მძლავრობს უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ, ამბოხებულების მიერ შემოთავაზებული სახალხო აჯანყების “მექანიკამ” ხალხის ნდობა და მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. შესაძლოა, სწორედ ეს იქცა იმ ჩიხური მდგომარეობის გამომწვევ მიზეზად, რომლიდანაც ახლა ყველა ღირსეულ და უმტკივნეულო გამოსავალს ეძებს.

არც ისე ბევრი ადამიანი აკეთებს იმის პროგნოზს, თუ როგორ დამთავრდება ეს ამბავი. ჯერჯერობით არც საგარეო კონიუნქტურის ჭრილში დანახული სიტუაციის ანალიზი არსებობს – ანუ მსჯელობა იმის შესახებ, თუ რამდენად შეიძლება ამ პროცესის შიდა ამბოხებად აღქმა, და არის თუ არა ის დიდი რეგიონული პროცესების ნაწილი. ზოგიერთი ექსპერტი წინა დღეს თურქეთში ვერშემდგარ სახელმწიფო გადატრიალებასთან ავლებს პარალელებს.

ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ თურქეთში გადატრიალების წარუმატებელი მცდელობა პრეზიდენტ ერდოღანის ძალაუფლებას განამტკიცებს. უკვე დაპატიმრებულია ათასობით ადამიანი, სამსახურიდან გაათავისუფლეს არალოიალურად განწყობილი ყველა მოსამართლე, გუბერნატორი და სამხედრო პირი.

თუმცა, აშკარა პარალელების მიუხედავად, სომხეთში მიმდინარე პროცესი, სავარაუდოდ, “მტკიცე ხელის” პოლიტიკას არ გამოიწვევს. პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის მმართველობის განსაკუთრებულ თავისებურებას ხომ სიტყვის, შეკრებისა და აზრის გამოთქმის თითქმის შეუზღუდავი თავისუფლება წარმოადგენს. ამასთან, საზოგადოების აზრი სახელმწიფო გადაწყვეტილებების მიღებაზე თითმის არანაირ გავლენას არ ახდენს.

ერევნის ამბოხების ერთადერთი შედეგი შეიძლება ის იყოს, რომ საზოგადოება დარწმუნდა – ტოტალური კონტროლის შემთხვევაშიც კი, მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, რადიკალურ ზომებს მიმართონ. ეს აქტუალურია სომხეთში, სადაც ბოლო დროს ხშირად ლაპარაკობენ იმაზე, რომ ხელისუფლება ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით გამართული მოლაპარაკებების დროს ტერიტორიების დათმობას აპირებს.

ერევნის ამბოხება, რომლის მონაწილეებსაც დაუშვებლად მიაჩნიათ ტერიტორიების დათმობა, იმაზე მეტყველებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება საზოგადოებაში რადიკალურ წინააღმდეგობას გამოიწვევს.


ასევე წაიკითხეთ