რა არ უთქვამს ჰოგლანდს და რისთვის აქვს მიცემული დიპლომატს ენა?  – კომენტარი

რა იმალება ეუთოს მინსკის ჯგუფის ამერიკელი თანათვმჯდომარის „გამოსამშვიდობებელი განცხადების“ უკან

24 აგვისტოს, ზუსტად რუსეთისა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრის დღეს ეუთოს მინსკის ჯგუფის ამერიკელმა თანათავმჯდომარემ რიჩარდ ჰოგლანდმა „ამერიკის ხმის“ სომხური სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში სომხეთ-აზერბაიჯანის ყარაბაღული კონფლიქტის დარეგულირების ძირითადი პრინციპები ჩამოთვალა.

ჰოგლანდის სიტყვებმა მრავალი კითხვა წარმოშვა, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის საგრეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხდეს, რომ ამერიკელი თანათავმჯდომარის სიტყვებში ახალი არაფერია, სომხურმა საზოგადოებამ ეს ინტერვიუ ძირითადად მტრულად მიიღო.

ჰოგლანდის ინტერვიუზე სომხეთის საზოგადოების დაწვრილებითი რეაქციის შესახებ იხილეთ JAMnews-ის მასალაში: სომხეთში ეუთოს მინსკის ჯგუფის თამჯდომარის მიერ გადადგომის წინ გაკეთებულ განცხადებას მძაფრად განიხილავენ

რაც ჰოგლანდმა თქვა, ცნობილია. მაგრამ დარჩა კითხვები: რატომ თქვა მან ეს ყველაფერი და რა არ თქვა მან ბოლომდე.

პირველი კითხვის პასუხი ზედაპირზევე დევს. ვითომ იმიტომ, რომ 28 აგვისტოს ჰოგლანდს უფლებამოსილება ეწურებოდა, და მან თავისი უფლებამოსილების აშშ-ის ახალი თანათავმჯდომარისთვის ენდრიუ შაფერისთვის გადაცემისას, ჩაატარა პროცედურა „თანამდებობა ჩააბარა, თანამდებობა ჩაიბარა“. მაგრამ აქ უკვე სხვა შეკითხვები ჩნდება. რამდენადაც მახსოვს, არცერთ წინა თანათავმჯდომარეს ასეთი „ესტაფეტის გადაცემა“ არასდროს მოუწყვია. რამ აიძულა ამერიკელი დიპლომატი, რომ აშშ-ის პოზიცია აღენიშნა (თვითნებური მოქმედება ერთმნიშვნელოვნად გამორიცხულია) და თან სწორედ პუტინისა და სარგსიანის შეხვედრის დღეს, თანაც – რადიოს სომხურ სამსახურთან ინტერვიუში? ხომ არ უნდოდა მას სომეხი საზოგადოებისთვის ერთგვარი მესიჯის გაგზავნა? თუ ასეა, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ მას ეს მართლაც გამოუვიდა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებები სიტყვიერად აცხადებენ, რომ მათთვის „ძირითადად“ მისაღებია მადრიდის პრინციპები, რომელიც მათ ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების შუამავლებმა შესთავაზეს, და ირწმუნებიან, რომ დარჩენილია მხოლოდ რამდენიმე ტექნიკური ხასიათის შესწორება.

განახლებული მადრიდის პრინციპების“ ექვსი პუნქტის გაცნობა შესაძლებელია ეუთოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

მაგრამ სინამდვილეში არც აზერბაიჯანისა და არც სომხეთის ხელისუფლებები სრულიად არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საზოგადოებას აუხსნან, თუ რა იმალება ამ პრინციპების უკან და რისთვის უნდა იყვნენ მზად, თუკი ხვალ უცბად ამ შეთანხმებების საფუძველზე, სამშვიდობო ხელშეკრულებას მოეწერება ხელი.

მაგალითად, სომხეთის საზოგადოება, უმეტესწილად, სრულიად არ არის მზად ისეთი მწარე ლუკმა იგემოს, როგორიცაა მთიანი ყარაბაღის გარშემო მდებარე შვიდი რეგიონის აზერბაიჯანისთვის დაბრუნება. რომ აღარაფერი ვთქვათ ამ რაიონებში დევნილების დაბრუნებაზე, შესაძლოა – საკუთრივ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზეც კი. სხვანაირად როგორ უნდა მოხდეს?

აზერბაიჯანის საზოგადოება იმ შუალედური სტატუსისთვისაც კი არ არის მზად, რომელსაც მთიანი ყარაბღისთვის ეს პრინციპები გულისხმობს. რომ აღარაფერი ვთქვათ ლაჩინის კორიდორის განსაკუთრებული სტატუსის აღიარებაზე, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან აერთებს. სხვანაირად როგორ იქნება?

აქედან გამომდინარე, ვიდრე ყველანაირი საფუძველი გვაქვს მივიჩნიოთ, რომ ორივე მხარის ხელისუფლება კონფლიქტის მიმდინარე მდგომარეობის კიდევ მრავალი ხნით გაგრძელებაზე ოცნებობს, და ნებისმიერ ფორმალურ მიზეზს გამოეკიდებიან, თუნდაც ჰოგლანდის განცხადების მსგავსს, რომ სერიოზულ, ბოლო ხანს მოდური გამოთქმით „სუბსტანციურ“ მოლაპარაკებებზე არწასვლა გაამართლონ.

გადავდივართ მეორე კითხვაზე. რა არ თქვა ბოლომდე ამერიკელმა თანათავმჯდომარემ.

როგორც ერთი ცბიერი ფრანგი დიპლომატი ამბობდა, „დიპლომატს ენა იმისთვის აქვს მიცემული, რომ საკუთარი აზრები დაფაროს“. ჰოგლანდის ინტერვიუს შემდეგ ყველამ იმის კომენტირება დაიწყო, თუ რა თქვა მან, მაგრამ მოდით, ვნახოთ, თუ რა აზრები დაფარა მან ამ ინტერვიუში.

პირველი, რაც თვალში გვხვდება, სიტყვა „რეფერენდუმის“ ნებისმიერი ვარიანტის არარსებობა. სხვადასხვა დროს ეს სიტყვა სხვადასხვა ვარიანტით არსებობდა. ბოლო ვარიანტში ის ასე ჟღერდა: „ნების იურიდიულად აუცილებელი გამოხატვა“. ჰოგლანდის გამოთქმით ეს ჟღერს, როგორც „ მხარეებმა უნდა განსაზღვრონ მისი საბოლოო სტატუსი ურთიერთშეთანხმებისა და ნების ურთიერთსავალდებულო გამოხატვის გზით“. ანუ, აქ უკვე აღარ არის ლაპარაკი საკუთრივ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის მიერ ცალკეულ კენჭისყრაზე. ჯერ პოლიტიკურ ურთიერთშეთანხმებას უნდა მიაღწიონ.

ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ირლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის პროცედურას. ხანგრძლივი და სისხლისმღვრელი კონფლიქტის შემდეგ მხარეებმა 1994 წელს პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს (Good Friday Agreement). ამის შემდეგ ჩატარდა რეფერენდუმი ერთდროულად ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიის რესპუბლიკაში. იქ უკვე აღარ იდგა საკითხი არც ირლანდიის გაერთანებაზე და არც ოლსტერის დამოუკიდებლობაზე. ადამიანები იმისთვის მიიწვიეს, რომ ვნების კვირის პარასკევის შეთანხმებისთვის ან ლეგიტიმურობა მიენიჭებინათ, ანდა უარეყოთ. საბოლოოდ ამ შეთანხმებას ოროვე მხარემ მხარი დაუჭირა.

შესაძლოა თუ არა ასეთი ანალოგი ჩვენს რეგიონში. ძალიან მეპარება ეჭვი. არა იმიტომ, რომ ხალხებს მშვიდობა არ სურთ. არამედ იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს სამართლიანი არჩევნების ჩატარების გამოცდილება(და რაც უფრო მთავარია, სურვილი არ გვაქვს). რომ აღარაფერი ვთქვათ ასეთ საჩოთირო საკითხზე.

მაგრამ, ჯერჯერობით მხოლოდ იმ ფაქტს ვაფიქსირებთ, რომ აშშ-მა ჰოგლანდის პირით აუცილებელ საკითხებს შორის სიტყვა „რეფერენდუმი“ არ წარმოთქვა.

გადავდივართ მეორე პუნქტზე, რომელიც ჰოგლანდმა არ ახსენა. ეს არის ზემოთ ხსენებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში ყარაბაღელი სომხების მონაწილეობა.

ყარაბაღელი სოხები კონფლიქტის პირველ წლებში მოლაპარაკებების თითქმის ყველა ეტაპზე მონაწილეობდნენ. ჯე კიდევ 1992 წელს, როდესაც ეუთოს მინსკის ჯგუფი ის-ის იყო შეიქმნა, მოლაპარაკებების მაშინდელმა მთავარმა შუამავალმა მარიო რაფაელიმ უკმაყოფილო ყარაბაღელ დელეგატებს უთხრა, – „თქვენ ვეტოს უფლება გაქვთ, თუმცა ამის შესახებ ხმამაღლა ყვრილი არ არის საჭირო“(ადასტურებს რომში იმ შეხვედრის მონაწილე, სტფანაკერტის პრეს-კლუბის პრეზიდენტი გეგამ ბაღდასარიანი).

მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 1994 წელს მიღებული დოკუმენტების ქვეშაც არის. აზერბაიჯანის ხელისუფლების ყველა მცდელობა, რომ მოლაპარაკებების პროცესში, ყარაბაღელი აზერბაიჯანელების ლიდერების სახით, მეოთხე მონაწილე დაემატებინათ, არასერიოზულად აღიქმებოდა. საქმე კურიოზამდეც კი მივიდა – როდესაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბიშკეკის ოქმის არქიტექტორი, რუსი დიპლომატი ვ.ნ. კაზიმიროვი შეთანხმების გამზადებული ტექსტით ბაქოში ჩაფრინდა, აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარემ რასულ გულიევმა იმ პირობით მოაწერა ხელი ამ დოკუმენტს, რომ მას აზერბაიჯანელი ყარაბაღელების თემის მეთაური ნიზამი ბაჰმანოვიიც მოაწერდა ხელს. მაგრამ ბაჰმანოვი მთელი დღის განმავლობაში ვერ მოძებნეს (მაშინ ჯერ კიდევ არ იყო მობილური ტელეფონები), და კაზიმიროვი მოსკოვში სამი ხელმოწერით გაფრინდა.

შემდგომში ყარაბაღელი სომხების წარმომადგენელთა სტატუსი ასევე იცვლებოდა, მათ ხშირად უწოდებდნენ „ლეგიტიმურად არჩეულ წარმომადგენლებს“ თუ რაღაც ამგვარს. მაგრამ ყარაბაღელი სომხების ლიდერის რობერტ კოჩარიანის სომხეთის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მან ყარაბაღელი სომხების წარმომადგენლის ფუნქცია ითავა. აზერბაიჯანული მხარე, რასაკვირველია, უარზე არ იყო.

და მას შემდეგ სტეფანაკერტს სულ უფრო იშვიათად უსვამენ ტრადიციულ რუსულ შეკითხვას „მესამე იქნები“? ეს კითხვა არ ჰოგლანდს დაუსვამს.

ჰოგლანდის ინტერვიუს კიდევ ერთი ნიუანსი. მან გამოიყენა ასეთი გამოთქმა – „ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიამ, რომელსაც ბაქო არ აკონტროლებს, დროებითი სტატუსი უნდა მიიღოს“. აქ ორი მომენტია. ჯერ ერთი ადრე არავის გამოუყენებია გამოთქმა „ ყოფილი ყარაბაღის ავტონომიური რესპუბლიკა“ (ყოველ შემთხვევაში მე არ მახსენდება, და ოფიციალურ დოკუმენტებშიც ნამდვილად არ ყოფილა). რასაკვირველია, ყოფილი საბჭოთა ადმინისტრაციული საზღვრები არსებით როლს ასრულებდა სსრკ-ის ტერიტორიაზე ახალი ქვეყნების საზღვრების განსაზღვრისას. მაგრამ სსრკ-ს სამართალმემკვიდრემ რუსეთის ფედერაციამ, საქართველოსა და უკრაინის ავტონომიების მაგალითზე აჩვენა, რომ განსაკუთრებულ ანგარიშს არ უწევს ამგვარ განსაზღვრებებს. ასე რომ, მთიანი ყარაბაღის ადმინისტრაციული საზღვრები არც იმავე რუსეთისთვის არის ურღვევი.

მეორე ნიუანსი. „ მთიანი ყარაბაღის ტერიტორია, რომელსაც ბაქო არ აკონტროლებს“. როგორც ცნობილია, ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე არსებობს ორი მონაკვეთი, რომლებსაც აზერბაიჯანის მხარე აკონტროლებს. სამხრეთით – მარტუნინსკის ტერიტორია და ჩრდილოეთით -მარდაკერტის რაიონები. თანაც ამ ტერიტორიების ჩრდილოეთი ნაწილი 2016 წლის აპრილის ბრძოლების შემდეგ რამდენიმე ათეული კვადრატული კილომეტრით გაფართოვდა. ჰოგლანდის სიტყვებიდან, სრულიად არ გამომდინარეობს, რომ ბაქოს ვალდებულია დააბრუნოს ეს ტერიტორიები. კიდევ ერთხელ გადავიკითხოთ: “ მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის ტერიტორია, რომელსაც ბაქო არ აკონტროლებს“, ხოლო მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის იმ ტერიტორიის შესახებ, რომელსაც ბაქო აკონროლებს, დიპლომატს არაფერი უთქვამს.

წელს, ნოემბერში მადრიდის პრინციპებს 10 წელიწადი უსრულდება. თავად კონფლიქტს კი – მთელი 30 წელი. ამბობდნენ, რომ ყარაბაღის კონფლიქტის გადასაჭრელად თაობები უნდა შეიცვალოს. ჩვენს შთამომავლობას დიდხანს ლოდინი აღარ მოუწევს.


ასევე წაიკითხეთ